1:0 ნოვაკის სასარგებლოდ: ჯოკოვიჩმა ახალი სეზონში პირველი ბრძოლა მოუგო მარეის

AutoSharing Option
დოჰაში გასული წლის მთავარი დაპირისპირების გაგრძელების შესაძლებლობა არსებობდა. გადამწყვეტ მატჩში ყველა ელოდა ენდი მარეისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგ შეხვედრას.

მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგანმა ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მიაღწიეს. ბრიტანელმა ორ სეტში მოუგო შარდის, მელცერსა და ალმაგროს, სერბმა კი არც ერთი პარტია არ დაუთმო შტრუფს, სებალიოსსა და შტეპანეკს. თუმცა, ჯოკოვიჩის ჩოგბურთი შორს იყო იდეალურისგან - ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და კორტზე გადაადგილებაც მოიკოჭლებდა.

ეს პრობლემები ძალიან კარგად გამოჩნდა ნახევარფინალში, სადაც ნოვაკს ფერნანდო ვერდასკო ხვდებოდა. ჯოკოვიჩი 4:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, ზედიზედ ექვსი გეიმი
წააგო. სერბმა მოახერხა მეორე სეტის ტაი-ბრეიკაზე გადაყვანა და იქ მინი-ბრეიკით დაწინაურება, თუმცა, ამას მოყვა ზედიზედ ხუთი ქულის წაგება - 6:2 და ვერდასკომ ზედიზედ ოთხი მატჩბოლი მიიღო.

აი, აქედან დაიწყო მსოფლიოს მეორე ნომრის დაუჯერებელი ქამბექი. ნოვაკმა ოთხივე მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ მეხუთე 6:7-ზე და მოიგო სეტი. მესამე პარტიაში ესპანელს შანსი აღარ ჰქონია - 3:6.

განსხვავებული იყო მეორე ნახევარფინალი, რომელშიც მარეის პრობლემები არ ჰქონია ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ - 6:3, 6:4. ფინალში ფავორიტად სწორედ ბრიტანელს ასახელებდნენ და მართლაც, თავდაპირველად უფრო უკეთ ენდი გამოიყურებოდა. მესამე გეიმში მან ვერ შეძლო სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება, ჯოკოვიჩმა კი ასევე ერთადერთი ასეთი შანსი მერვე გეიმში მოგებულ ქულაში გარდასახა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა - 6:3.

სტატისტიკის მიხედვით, მარეის მოგების შანსი აღარ ჰქონდა - მან 19-დან 19-ჯერ წააგო ჯოკოვიჩის წინააღმდეგ, როცა სერბმა პირველი სეტის აღება შეძლო. ამ სტატისტიკის დასადასტურებლად, ნოვაკმა მეშვიდე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მოგვიანებით, 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მაგრამ ენდიმ შეძლო ხასიათის გამოვლენა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი გაცილებით აქტიურად ათამაშდა, უფრო სტაბილური გახდა და ამით ზედიზედ ოთხი გეიმი და მასთან ერთად, სეტიც მოიგო.

მესამე სეტის სცენარი თითქმის იგივე იყო, რაც მეორესი. მეექვსე გეიმში მარეიმ ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ჯოკოვიჩმა კი ეს შანსი მეშვიდე გეიმში ხელიდან არ გაუშვა. სერბმა 5:4-ზე ისევ მიიღო მატჩზე ჩაწოდების საშუალება და ამჯერად, შანსი ხელიდან არ გაუშვა - პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - 6:3, 5:7, 6:4.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 67-ე და შარშანდელი ივლისის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

დოჰა (ყატარი)
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:3, 5:7, 6:4.

ამჯერად, კირგიოსი მართალია
სკანდალურად ცნობილ ავსტრალიელ ჩოგბურთელს ნიკ კირგიოსს პრეტენზიები აქვს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციასთან (ATP).

კირგიოსმა შეაფასა ეპიზოდი, რომელიც დოჰას ტურნირის ფინალურ მატჩში მოხდა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარეის მატჩის დროს. პირველი სეტის მსვლელობისას, ქულის წაგებით გაბრაზებულმა ნოვაკმა ბურთი პირდაპირ ხაზის მსაჯისკენ გაუშვა.

"მე რომ ასეთი რამ გამეკეთებინა, მატჩიდან მომხსნიდნენ და 2025 წლამდე დისკვალიფიკაციას მომცემდნენ", - განაცხადა ნიკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული