50-ე მედალი ბრიტანეთს

AutoSharing Option
დასრულდა ლონდონის ოლიმპიადაზე ცხენოსანთა ტურნირი. ბოლო სახეობა, რომელშიც მედლები გათამაშდა, ცხენის გაწვრთნაში ინდივიდუალური პირველობა იყო. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გუნდური პირველობა ბრიტანეთის ნაკრებმა მოიგო.

იმ შეჯიბრის შედეგების მიხედვით, მასპინძელ ცხენოსნებს ინდივიდუალური ტურნირის წინ მომგებიანი პოზიციები ეკავათ. შარლოტ დუჟარდენი პირველი იყო, ლაურა ბეხტოლშაიმერი - მესამე და კარლ ჰესტერი - მეხუთე.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გუშინდელი სტარტის შემდეგ ბრიტანელებმა შეინარჩუნეს ეს პოზიციები. 27 წლის დუჟარდენისთვის ეს ოლიმპიადა ტრიუმფალური აღმოჩნდა. გუშინ მან გუნდურ ოქროს ინდივიდუალურ პირველობაში გამარჯვება დაუმატა.

ის ერთადერთი იყო, რომელმაც
თავისი გამოსვლისთვის 90-ზე მეტი ქულა მოიპოვა. რაც მთავარია, დუჟარდენმა ოლიმპიური რეკორდით დაასრულა ასპარეზობა. სხვათა შორის, ორი ოლიმპიური რეკორდი მას გუნდურ პირველობაში ჰქონდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დუჟარდენმა 50-ე მედალი მოუტანა ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდს. აქედან 23 - ოქროსია. შედარებისთვის, პეკინში კუნძულელებს ჯამში 47 მედალი (19 ოქროსი) ჰქონდათ. ამასთან, ლონდონის ოლიმპიადის დასრულებამდე კიდევ სამი სათამაშო დღეა დარჩენილი.

რაც შეეხება ცხენოსნობას, აქ სულ გათამაშდა მედლების ექვსი კომპლექტი და სამი ოქრო მასპინძლებს ერგოთ. გარდა ამისა, ბრიტანელების საკუთრებაა ბრინჯაო გუნდურ სამჭიდში.

გაწვრთნა
ინდივიდუალური
1. შარლოტ დუჟარდენი (ბრიტ) 90.089
2. ა. კორნელისენი (ჰოლ) 88.186
3. ლ. ბეხტოლშაიმერი (ბრიტ) 84.339
4. ჰ. ლანგეჰანენბერგი (გერ) 84.303
5. კარლ ჰესტერი (ბრიტ) 82.857
6. ანკი ვან გრუნსვენი (ჰოლ) 82.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული