სპორტის ამ სახეობას მამამ - ყოფილმა ძალოსანმა გია ცირეკიძემ აზიარა. 2004 წლიდან ვანო გრიქუროვთან იმაღლებს ოსტატობას. 2007 წელს ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ორჭიდში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე 143 კილოგრამი აიტაცა, მერე მხარი დაიზიანა და შეჯიბრებაც ამით დაასრულა.
ნაოპერაციები ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა ფიცარნაგს და 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. 2010 და
კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას წლეულს მიაღწია - ანტალიის ევროპის ჩემპიონატიდან დიდი ოქროს მედლით დაბრუნდა: ატაცში 165 კილოგრამი დაძლია და მცირე ვერცხლის მედალი ერგო - ერთი კილოგრამით თურქმა თაფიხ ბაიდარიმ აჯობა. აკვრისას 200-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდში 365 კილოგრამით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
- რაულ ცირეკიძემ ანტალიაში ოფიციალური შეჯიბრებებიდან თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, - გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ. - თუმცა ეს ზღვარი არ არის, რადგან ვარჯიშებზე ატაცში 170 და აკვრაში 205 კილოგრამი აქვს დაძლეული. წინასწარ განაცხადში ჩვენც ეს შედეგი ვაჩვენეთ.
85 კილოში ოლიმპიადაზე გამომსვლელთა შორის ეს მე-13 მაჩვენებელია. თუმცა რაულმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე თუ გამოავლინა, შესაძლოა, საუკეთესო ექვსეულში მოხვდეს, საპრიზო ადგილებზე გასვლა კი ძალიან გაუჭირდება, რადგან ლონდონში ბევრი და ძლიერი ათლეტი გამოვა...
ერთ-ერთ ფავორიტად ათენისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, 2006-07 წლების მსოფლიოს და 2006 წლის ევროპის ჩემპიონი ანდრეი რიბაკაუ (ბელარუსი) მიიჩნევა. მართალია, მისი წინასწარი განაცხადი 390 კილოგრამია, მაგრამ სწორედ ბელარუსს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები ატაცსა (2007 წელს, 187 კგ) და ორჭიდში (2008 წლის პეკინის თამაშები, 394 კგ); ასევე, ოლიმპიური რეკორდები ატაცსა (185) და ორჭიდში (394). ჩინეთის დედაქალაქში ორჭიდის ჯამში რიბაკაუს მიღწევა გაიმეორა ჩინელმა ლუ იონგმა, რომელიც პირადი წონით ბელარუსზე ნაკლები აღმოჩნდა და ოლიმპიური ჩემპიონობაც მას ერგო.
აქვე გეტყვით, რომ აკვრაში მსოფლიოს რეკორდი - 218 კილოგრამი ჩინელ ჟან იონგს (1998 წ.) ეკუთვნის, ხოლო ოლიმპიური მიღწევა - 215 კილო - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ პიროს დიმასს (საბერძნეთი), რომელიც მან 2000 წელს სიდნეის თამაშებზე დაამყარა.
ჩემპიონობის რეალური კანდიდატია ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი, 2009 წლის მსოფლიოს და 2010 წლის აზიის ჩემპიონატების გამარჯვებული ლუ იონგი, რომლის სავარაუდო მაჩვენებელია ორჭიდში 395 კილოგრამი. ასეთივე წონა აქვს ნაჩვენები 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონ კიანუშ რუსტამს (ირანი), 391 კილოგრამი - პოლონელ ადრიან ედვარდ ზელინსკის, 390 კილო - ირანელ სუარაბ მორადის...
თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე წინასწარ ნაჩვენები შედეგები ყოველთვის როდი მართლდება. ყოველ შემთხვევაში, ლონდონის ფიცარნაგზე საინტერესო პაექრობები გველის.
რაულ ცირეკიძე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც შეჯიბრება თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება. A ჯგუფის 12 წარმომადგენელი კი მედლებისთვის 22 საათიდან იბრძოლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"