დავით გოგიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ზუგდიდელი ძალოსანი დავით გოგია 23-წლამდელთა შარშანდელი ევროპის პირველობის ვერცხლისპრიზიორია, თანაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მეორე ადგილები დაიკავა.

ქართველ სპორტსმენს 13 აპრილს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჰქონდა მსგავსი წარმატების შანსი, ამჯერადაც ევროპის ჩემპიონატზე, ოღონდ უფროსებში.

105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მას სპეციალისტები ფავორიტთა შორის ასახელებდნენ და არც შემცდარან.

ატაცში შეჯიბრება 177 კილოგრამით დაიწყო, მერე შტანგა 4 კილოგრამით დაამძიმა. მესამე ცდაზე 183 კილოგრამი დაძლია, თანაც ისეთი სიმსუბუქით, რომ დიდი რეზერვი ჰქონდა.

არადა, 183 კილოგრამით მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ამ მოძრაობაში გამარჯვებულმა მაქსიმ შეიკომ (რუსეთი)
მას ერთი კილოთი აჯობა.

181 კილოგრამით მესამე იყო დავიდ ბეჟანიანი (რუსეთი). თბილისელმა ალბერტ კუზილოვმა, რომელიც ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ფიცარნაგს, სამიდან მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა და 180 კილოთი მეოთხე იყო. ცხადი გახდა, რომ კვარცხლბეკზე ასასვლელად ეს ოთხი სპორტსმენი იბრძოლებდა.

აკვრაში ამ კვარტეტს, სამწუხაროდ, ალბერტ კუზილოვი გამოაკლდა, რომელმაც საწყისი წონა, 216 კილოგრამი ვერ დაძლია.

დავით გოგიამ ასპარეზობა 213 კილოთი დაიწყო. მერე 218-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა, 222-ს კი ვერ მოერია. არადა, ვარჯიშებზე დათოს 225 კილოც აუკრავს, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტათი მუხლი აწუხებდა და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა (აკვრაში პირველ-მესამე ადგილებზე დავით ბეჟანიანი (რუსეთი, 230), არტურ პლეიშნიეკსი (ლატვია, 222) და მაქსიმ შეიკო (რუსეთი, 220) გავიდნენ).

ჩვენებურმა ორჭიდში 401 კილოგრამი მოაგროვა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ოქრო და ვერცხლი რუსეთის ნაკრების წევრებს - დავით ბეჟანიანს (411 კგ) და მაქსიმ შეიკოს (404 კგ) ერგოთ.

14 აპრილს, ასპარეზობის ბოლო დღეს, ფიცარნაგზე მძიმეწონოსნები გავიდნენ. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა, ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსანმა ირაკლი თურმანიძემ (აჭარა) ამჯერად საკუთარი შედეგების გამეორება ვერ შეძლო, ორჭიდში 21 კილოთი ნაკლები აჩვენა (192+220=412 კგ) და მე-4 ადგილზე გავიდა. არადა, ატაცში (ერთი ცდა გამოდგა შედეგიანი) იმ მოკრძალებული შედეგითაც მცირე ბრინჯაოს მედალი ხვდა.

როგორც ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვითხრა, თურმანიძესაც ბოლო დროს მუხლი აწუხებდა და მძიმე წონებს ერიდებოდა. ალბანეთიდან დაბრუნების შემდეგ იგი ოპერაციას გაიკეთებს.

რეაბილიტაციას ერთი თვე დასჭირდება და მერე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (ოქტომბერი, პოლონეთი) მზადებას შეუდგება.

ტირანაში მძიმეწონოსნებმა კვარცხლბეკი ასე გაინაწილეს: 1. რუსლან ალბეგოვი (რუსეთი)-442 კგ (195+247), 2. არტიომ უდაჩინი (უკრაინა)-442 (200+242), 3. ირჟი ორსაჟი (ჩეხეთი) - 422 (185+220).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაულ ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ დათოს,უძლიერესი სპორცმენია,კიდევ ბევრჯერ გვასახელებს,მუხლი აწუხებდა,მაგრამ მაინც ვაჯკაცურად გამოვიდა.წარმატებები თავის მწვრთნელთან ერთად.
IRAKLI222
17:13 15-04-2013
0
ყოჩაღ!
del piero 10
11:51 15-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული