შოთა მიშველიძე: არავისგან მწყენია, პირიქით, თავადაც დავცინე საკუთარ თავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში იყო შოთა მიშველიძეც, რომლისთვისაც ტურნირი წარუმატებელი გამოდგა - შტანგის აწევის დროს ორჯერ დაკარგა გონება.

მიშველიძის გამოსვლის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა, AMBEBI.GE-მ კი თავად შოთასთან სცადა წარუმატებლობის მიზეზის დადგენა:

- წლევანდელ მსოფლიოზე ჩემი და სამწვრთნელო შტაბის მთავარი მიზანი იყო რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების მოპოვება, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ცნობილი ინციდენტის
გამო ქულების მოპოვება ვერ მოვახერხე.

- რატომ დაგემართა ეს ინციდენტი?
- მარცხენა მხრის ტრავმა მქონდა, თუმცა ძალიან რთული მდგომარეობა არ იყო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შეჯიბრებაზე წავსულიყავი. სხვათა შორის, გონება უშუალოდ ფიცარნაგზე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრეც, გასახურებელ დარბაზშიც დავკარგე, მერე მწვრთნელებმა თქვეს, რომ აღარ მიმეღო მონაწილეობა, რადგან მოერიდნენ კუნთის დაზიანებას, თუმცა მე ვთქვი, რომ მოვახერხებდი გამოსვლას და გამოვედი კიდეც. 160 კგ შევუკვეთე, აწევისას კი იმდენად გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. სამწუხაროდ, მეორედაც იგივე დამემართა.

- ზოგადად თუ ხდება ხოლმე მსგავსი ფაქტები?
- კი, არის მსგავსი შემთხვევები. სპორტია და აქ ყველაფერია მოსალოდნელი.

- იმ ვიდეოს, სადაც შენ გონებას კარგავ, ხალხის ნაწილი ირონიულად შეხვდა. ბევრმა დაგცინა კიდეც. როგორი იყო შენი რეაქცია?
- სიმართლე გითხრათ, საერთოდ არავისაგან მწყენია, პირიქით, მე თვითონაც დავცინე ჩემს თავს. ვიღაცას გაეცინა და გაიცინოს, მე არც ამით დამიწყია სპორტი და არც ამით ვამთავრებ.

ნამდვილად არ ვაპირებ, ყველას ავუხსნა, რატომ დამემართა ეს. თუ გაეცინათ, ძალიან კარგია, სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ სიცილით. ამ ფაქტის გამო არ ამცრუებია გული და კიდევ უფრო დიდი შემართებით ვაგრძელებ ვარჯიშს.

- საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ძალოსანი შოთიკო მიშველიძე სწორედ ამ ვიდეოთი გაიცნო. შენთვის რამდენად მისაღებია, რომ ასეთი ფაქტით გაგიცნეს?
- ნამდვილად არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი პოპულარობის მოხვეჭა, უბრალოდ, მინდა, სპორტის ამ სახეობაში წარმატებას მივაღწიო. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვთვლი თავს პოპულარულად, არც ამ ვიდეოს მერე გავუცნივარ ხალხს იმ რაოდენობით, რომ თავი პოპულარულ ადამიანად მივიჩნიო.

- სამომავლო გეგმები რა გაქვს?
- ახლა შეკრებაზე ვარ და ვვარჯიშობ. უახლოესი ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც აპრილში ტარდება.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ლიცენზია მოიპოვეთ. რა გეგმები გაქვთ რიოს ოლიმპიადაზე?
- რადგან გვაქვს სამი ლიცენზია, სამი საუკეთესო სპორტსმენი წავა ოლიმპიადაზე, ანუ ლიცენზიები ერთ კონკრეტულ წონაში არაა. მე წავალ თუ არა, არ ვიცი, მგონი - ვერა, რადგან ბევრი სპორტსმენია ჩემზე გაცილებით უკეთეს ფორმაში და ისინი უნდა წავიდნენ, ვინც უფრო უკეთ იქნება მომზადებული.

ლადო გოგოლაძე
წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე როცა ვუყურე გამეცინა და არ მიმიღია ეს რაღაც საშინელებად იმის გამო რომ ძალოსნობას ვინც უყურებს ხშირია ეგეთი ფაქტები ზოგს თავბრუსხვევა აქვს და ზოგს გული მისდის. რა თქმა უნდა გული დამწყდა რომ ვერ აწია წონა. ამიტომ დაბოღმილები არაფერ შუაშია რომ ებრდღვნებით კლავიატურას და ისვრით სიტყვებს.
დათო
18:16 10-12-2015
0
ღმერთმა გაგიმარჯოს რა არის აქ სასაცილო მიდი მიაწექი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული