დღის თემა: ლაშა ტალახაძემ ევროპა ასწია! [VIDEO]

AutoSharing Option
ნორვეგიულ ფორდეში ძალოსანთა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე ტრიუმფით დაასრულეს ქართველმა ათლეტებმა: ვაჟებში მძიმეწონოსანმა მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+105) სამი ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ქალებში, ასევე მძიმე წონაში ანასტასია გოტფრიდმა (+75) სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ახლა კი უფრო დაწვრილებით: 22 წლის ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა: ქართველმა ძალოსანმა მესამე მისვლისას 212 კილო აიტაცა, რითაც ევროპული მიღწევა გააუმჯობესა, ხოლო 2011 წელს ირანელი ბეხდად სალიმის მიერ დამყარებულ მსოფლიოს რეკორდს მხოლოდ 2 კილოთი ჩამორჩა. ამ მოძრაობაში მეორე იყო სომეხი გორ მინასიანი - 205
კგ, ხოლო მცირე ბრინჯაო იჰორ შემეჩკოს (უკრაინა, 196) ერგო.
ღმერთო ჩემო! - ლაშა ტალახაძემ რუსი კომენტატორები აღაფრთოვანა
Sportall.Ge

ლაშამ აკვრა 235 კილოგრამით დაიწყო, მერე შტანგა 6 კილოთი დაამძიმა, ასპარეზობა კი 251 კილოგრამით დაასრულა, ორჭიდში 463 კილო მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ გორ მინასიანს 21 კილოთი აჯობა. 424 კილოგრამით მესამე იყო ესტონელი მარტ სეიმი.
ლაშა ტალახაძის დაჯილდოება ევროპის ჩემპიონატზე
Sportall.Ge

ამავე წონაში ძალებს ცდიდა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე. მას ორჭიდში იგივე წონა რომ ეჩვენებინა, რაც 2015 წელს თბილისში (435 კგ) მესამე ადგილზე გავიდოდა. თურმანიძემ ნორვეგიაში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა: ექვსიდან მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა, საბოლოოდ კი 410 კილოგრამით მე-7 ადგილს დასჯერდა.

კვარცხლბეკი
1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) - 463 (212+251)
2. გორ მინასიანი (სომხეთი) - 442 (205+237)
3. მარტ სეიმი (ესტონეთი) - 424 (185+239)...
7. ირაკლი თურმანიძე (საქართველო) - 410 (190+220).

ქართული ძალოსნობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება 20 წლის ანასტასია გოტფრიდის (+75) მიღწევა - მან საქართველოს სამი ვერცხლის მედალი და ძალოსან ქალებში ოლიმპიადების პირველი საგზური მოუტანა. ანასტასიამ 113 კილო აიტაცა, ანუ იმდენივე, რამდენიც სომეხმა რიფსიმე ხურშუდიანმა, მაგრამ პირადი წონით მეტოქეზე ნახევარი კილოთი მძიმე აღმოჩნდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

გოტფრიდს აკვრაში 136-მა კილომაც მეორე ადგილი მოუტანა, რადგან რიფსიმემ 137-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, თან მესამე ცდა აღარც გამოუყენებია - ორჭიდში პირველობას ვერავინ შეეცილებოდა.

საქართველოს ნაკრების წევრს ორჭიდშიც მეორე ადგილი ხვდა, არადა, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგით (263 კგ) უპრობლემოდ გახდებოდა ევროპის ჩემპიონი.

კვარცხლბეკი
1. რიფსიმე ხურშუდიანი (სომხეთი) - 250 (113+137)
2. ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) - 249 (113+136)
3. მერსი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი) - 230 (103+127).

ნორვეგიის ფიცარნაგზე 105 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდნენ 18 წლის გიორგი ჩხეიძე და 30 წლის ალუდა მანაგაძე. ჩხეიძემ 381 კილოგრამით (170+211) მეცხრე, ხოლო მანაგაძემ 377 კილოთი (175+202) მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. არტურს პიესნიეკსი (ლატვია) - 403 (177+226), 2. არკადიუშ მიჩალსკი (პოლონეთი) - 403 (177+226), 3. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) - 402 (182+220).

94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ექსჩემპიონმა (85 კილოში) რაულ ცირეკიძემ ორჭიდში 363 კილოს (164+199) მოუყარა თავი, რაც მხოლოდ მერვე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.

მედლებს დაეუფლნენ: 1. ტომაშ ზელინსკი (პოლონეთი) - 387 (176+211), 2. სტანულის ზიგმანტასი (ლიტვა) - 381 (175+202), 3. გეორგი კუპცოვი (რუსეთი) - 376 (170+206).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩხეიძეც მაგარი ბიჭი სჩანს, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონია
ბმბ
11:22 18-04-2016
0
ყოჩაღ, ლაშა! იმედია, ოლიმპიადაზე კიდევ უფრო მაღალ შედეგს აჩვენებს და ოქროსაც აიღებს.
ახლა მეორე საკითხი: იქნებ რედაქციამ ახსნას, რატომ წერს გოტფრიდს? ლათინური შრიფტით გვარი იწერება Hotfrid, ანუ ქართულად უნდა დაიწეროს ჰოტფრიდი. ესეც რუსულიდან არის ნათარგმნი?
Teimuraz
11:32 18-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული