U23. ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძეს ოქრომდე ორი კილო დააკლდა

AutoSharing Option
შარშან, 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს პირველობაზე თემურ ჯანჯღავას შეგირდმა რევაზ დავითაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. წლეულს, თბილისში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 151 კილო აიტაცა, 184 კილო აკრა და ორჭიდის ჯამში 335 კილოთი მე-6 ადგილს დასჯერდა. საქართველოს დედაქალაქში იტალიელმა ანტონიო პიძოლატომაც იასპარეზა და ორჭიდში 360 კილოთი (159+201) მეორე ადგილი ხვდა (365 კილოთი ჩემპიონობა ჩინელმა იავენ ლიუმ მოიპოვა).

ეილათში (ისრაელი) კი, სადაც ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, 20-წლამდელთა პირველობაზე გუშინ, 8 დეკემბერს, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად უმთავრესი კონკურენცია სწორედ ქართველსა
და იტალიელს შორის წარიმართა.

ატაცში 158 კილოგრამით მცირე ოქროს მედალი უკრაინელმა კირილ პირონოვმა დაიმსახურა. დავითაძემ და პიძოლატიმ სამივე ცდა გამოიყენეს და 157-157 კილოგრამით მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს. დავითაძე პირადი წონით მეტოქეზე 2,06 კილოთი მსუბუქი აღმოჩნდა და ვერცხლი მას ერგო.

იტალიელი ძალოსანი აკვრაშიც მესამე იყო - პირველ ცდაზე მან 185-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, 192 კილოზე კი ორჯერ მიიტანა იერიში, მაგრამ - უშედეგოდ. მეორე ცდაზე 185 კილო ასწია უკრაინელმა იგორ ობუხოვმაც, მაგრამ იტალიელზე მსუბუქი იყო პირადი წონით და ვერცხლი მან მოიპოვა. პირველი ადგილი 190 კილოგრამით სომეხმა ჰაკობ მკრტჩიანმა დაიკავა.

დავითაძე პირველ ცდაზე 178-კილოიან შტანგას იოლად მოერია, მერე 183 კილო დაიმორჩილა, 191 კილო კი ვეღარ დაძლია. მართალია, ორჭიდის ჯამში თბილისში მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგი 5 კილოთი გააუმჯობესა, მაგრამ მეორე ადგილს მაინც ვერ ასცდა - იტალიელმა მას 2 კილოგრამით გაუსწრო.

85 კგ
1. ანტონიო პიძოლატო (იტალია) - 342 (157+185)
2. რევაზ დავითაძე (საქართველო) - 340 (157+183)
3. კირილ პირონოვი (უკრაინა) - 337 (158+179).

23-წლამდელთა შორის  77 კილოში ქართველთაგან ძალებს ცდიდა ირაკლი გაბრიჭიძე. ატაცში მას სამიდან ორი ცდა გაუცუდდა, 141 კილოგრამით კი მე-4 ადგილი დაიკავა. 152 კილოთი პირველი იყო რუსი ვიქტორ გეტცი.

ირაკლისთვის აკვრაშიც ორი ცდა (პირველი და მესამე) გამოდგა უშედეგო. მეორე მისვლისას დაძლეული 170 კილოგრამით კი მხოლოდ მეხუთე ადგილი ხვდა. ოქროს მედალი აქაც გეტცს ერგო 186 კილოთი.

ორჭიდში გაბრიჭიძე 311 კილოგრამით მე-5 ადგილს დასჯერდა.

77 კგ
1. ვიქტორ გეტცი (რუსეთი) - 338 (152+186)
2. რაზმიკ უნანიანი (რუსეთი) - 327 (150+177)
3. დანიელ ბაჯერი (პოლონეთი) - 323 (147+176)
5. ირაკლი გაბრიჭიძე (საქართველო) - 311 (141+170)

ევროპის ჩემპიონატი ეილათში ხვალ, 10 დეკემბერს დამთავრდება. ასპარეზობის ბოლო ორ დღეს ფიცარნაგზე კიდევ ხუთი ქართველი სპორტსმენი გავა. ქალთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი ანასტასია გოტფრიდი (+75) დღეს 20-წლიანებში იასპარეზებს, ხოლო 23-წლამდელებში ლონგინოზ ბრეგვაძე (94) იბრძოლებს მედლებისთვის.

10 დეკემბერს ძალებს მოსინჯავენ 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე და დავით ხეცურიანი (ორივე - 105 კგ), ხოლო 23-წლამდელ მძიმეწონოსნებთან რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული