ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: შეუდარებელი ლაშა, ბრწყინვალე ანასტასია

AutoSharing Option
სამივე სინჯის 22 მედალი - ასეთი შედეგით დაასრულეს ქართველმა ათლეტებმა ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ეილატმა (ისრაელი) უმასპინძლა.

ასპარეზობის ბოლო დღეს მძიმე წონაში რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ 23-წლამდელებში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ამავე ასაკში კონტინენტის რეკორდები სამჯერ გააუმჯობესა: ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა. მეორე მისვლისას 200-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და რუსი რუსლან ალბეგოვის 2011 წელს დამყარებული რეკორდი ერთბაშად 5 კილოთი გააუმჯობესა. მესამე ცდაზე კი უკვე საკუთარ მიღწევაზე მიიტანა იერიში და რამდენიმე
წუთის წინ ნაჩვენებ შედეგს 5 კილოთი გადაამეტა. ცხადია, ოქროს მედალიც დაიმსახურა.

აკვრაში ტალახაძემ მეორე ცდაზე 235 კილო დაძლია (აქაც ოქრო ერგო) და, რადგანაც ორჭიდში ახალი ევროპული მიღწევით (ალბეგოვის რეკორდი (435) დაამხო) კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა, მესამე ცდა აღარ გამოუყენებია, თანაც მეორე ადგილზე გასული რუსი ანტონ სავჩუკი 42 კილოგრამით ჩამოიტოვა.

+105 კგ
1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) - 440 (205+235)
2. ანტონ სავჩუკი (რუსეთი) - 398 (182+216)
3. ლეონიდ კუბიშკოვსკი (უკრაინა) - 392 (181+211)

სამი ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა 20-წლამდელ გოგონათა მძიმე წონაში (+75) უკრაინელმა ანასტასია გოტფრიდმა, რომელიც 2015 წლიდან შეჯიბრებებში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავს.

წლეულს, აპრილში ნორვეგიის ქალაქ ფორდეში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის ორჭიდში მან 249 (113+136) კილოგრამი მოაგროვა და სომეხ რიფსიმე ხურშუდიანს (250=113+137) კილოგრამით ჩამორჩა, ამიტომაც ვერცხლის მედალს დასჯერდა. მსგავს წარმატებას მიაღწია წლეულს თბილისში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს პირველობაზე: მთავარ კონკურენტს - ტაილანდელ დუანგსკრონ ჩაიდეს, რომელიც ჩვენებურზე 23 კილოგრამით მძიმეა, ატაცში (116 კგ) აჯობა და ოქრო დაიმსახურა, ხოლო აკვრასა (140 კგ) და ორჭიდში (256 კგ) ვერცხლის მედლები ერგო. და აი, მორიგი წარმატება - ეილათში 118 კილო აიტაცა, 133 კილო აკრა (რადგანაც ორჭიდში ჩემპიონობა ხუთ ცდაში მოიპოვა, მეექვსე აღარ გამოუყენებია) და 251 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

+75 კგ
1. ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) - 251 (118+133)
2. ვალენტინა კისილი (უკრაინა) - 238 (110+128)
3. მერსი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი) - 233 (101+132)

ლონგინოზ ბრეგვაძე (94 კგ) 21 წლისაა და ევროპაზე ორი წლით უფროსებს ეჯიბრებოდა. მან ატაცში 166 კილოგრამი დაიმორჩილა და ამ მოძრაობაში მე-4 ადგილი დაიკავა, აკვრაში მხოლოდ საწყისი წონა - 189 კილო დაძლია, 195 კილოს კი ვერ მოერია და საბოლოოდ 355 კილოთი მე-6 ადგილს დასჯერდა.

94 კგ
1. ადამ მალიგოვი (რუსეთი) - 377 (170+207)
2. ნიკოლაე ონიკა (რუმინეთი) - 374 (167+207)
3. კონსტანტინ როშჩურკინი (რუსეთი) - 366 (165+201)
6. ლონგინოზ ბრეგვაძე (საქართველო) - 355 (166+189)

ჩემპიონატის ბოლო დღეს ქართველთაგან, ლაშა ტალახაძის გარდა, ეილათის ფიცარნაგზე 20-წლამდელებში ორმა ძალოსანმა მოსინჯა ძალები და ხუთი მედალი მოიპოვა.

ატაცში დავით ხეცურიანს 171 კილოთი ვერცხლი ერგო, ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე 169 კილოთი მეოთხე იყო. აკვრაში ქართველებმა - ხეცურიანმა და ჩხეიძემ, შესაბამისად, 206 და 203 კილოთი მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს.

საგულისხმოა, რომ ესპანელმა მარკოს რუისმაც 206 კილო აკრა და ამ მოძრაობაშიც ოქრო მას ერგო, რადგან პირადი წონით ხეცურიანზე 360 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა. აპენინელმა ორჭიდშიც აჯობა დავითს ატაცში მოპოვებული 4-კილოგრამიანი უპირატესობით.

105 კგ
1. მარკოს რუისი (ესპანეთი) - 381 (175+206)
2. დავით ხეცურიანი (საქართველო) - 377 (171+206)
3. გიორგი ჩხეიძე (საქართველო) - 372 (169+203)

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული