იმედია, ჩვენი მოფარიკავეები გაგვახარებენ - ევროპა თბილისში მოიყრის თავს

AutoSharing Option
12 ივნისს თბილისში, დიღმის ტანვარჯიშის სასახლეში, დაიწყება მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 17 ივნისს დასრულდება. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 441 მუშკეტერი ჩაებმება.

- დიდი სტუმრობა გვექნება საქართველოს დედაქალაქში - 1200-ზე მეტი მოფარიკავე, მწვრთნელი, მსაჯი და ქომაგი გვეწვევა, - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ. - ყოველმხრივ მობილიზებულები ვართ - მოგვარებულია სასტუმროებში განთავსების, კვებისა და ტრანსპორტირების საკითხები.

კონფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე შეამოწმეს ყველაფერი და ჩემპიონატის ორგანიზაციით კმაყოფილნი დარჩნენ. საგულისხმოა ისიც, რომ თბილისში თავს მოიყრიან ევროპული ქვეყნების ფარიკაობის ფედერაციების მესვეურებიც, რადგან 10-11 ივნისს აქ
კონტინენტის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კომისიებსა და მათ ხელმძღვანელებს აირჩევს.

ამ ჩემპიონატს სპორტული თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს არის პირველი გრანდიოზული ღონისძიება - ახალი ოლიმპიური ციკლის სასტარტო შეჯიბრება, სადაც უნდა გამოსცადონ ის მოფარიკავეები, რომლებიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოემზადებიან. ამდენად, ამ ტურნირზე სახელოვანი სპორტსმენების მხარდამხარ ახალი სახეების გამოჩენას უნდა ველოდოთ.

- ფავორიტებად ვის მიიჩნევთ?
- ტრადიციულად, გამოირჩევიან იტალიელები, ფრანგები, რუსები, უნგრელები და რუმინელები. შესაძლოა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც შემოგვთავაზონ სიურპრიზები. ცხადია, ფავორიტთა შორის არიან ჩვენი მოხმალავეები. ვაჟები მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-10, ხოლო ევრიოპაში მე-8 ადგილზე არიან. ჩვენი მიზანია, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ორი საფეხურით მაინც წავიწიოთ წინ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდურ პირველობაზე გამოსვლა შევძლოთ.

ევროპის ჩემპიონატისთვის სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით საფუძვლიანად მოვემზადეთ. მოხმალავე ვაჟთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება გაიარა ჯერ გერმანიაში, მერე - რუსეთში. ბიჭებმა ძალები მოსინჯეს მადრიდში მსოფლიოს თასსა და მოსკოვში გრან პრიზე. აქვე იასპარეზეს ქალებმაც. ერთი კვირაა, ქართველი მოხმალავეები თბილისში გადიან წვრთნას თურქეთის, უკრაინისა და ისრაელის ნაკრებ გუნდებთან ერთად. მათგან როგორც პირად, ისე გუნდურ შეჯიბრებაში წარმატებას ველით.

ამ სახეობაში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ ძმები ბაზაძეები - რიოს ოლიმპიადის მონაწილე და ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე, 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ბექა ბაზაძე, ასევე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, დარია ანტონოვა, თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი, მარიამ აფციაური და ანა აფრასიძე.

- სხვა დისციპლინებში?
- რაპირაში გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე, რომელმაც წლეულს მინსკში 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. სპეციალისტები მას მაღალ შეფასებას აძლევენ. იმედია, იგი საკუთარი ქომაგების წინაშეც ისახელებს თავს.

რაპირაში მასთან ერთად გამოვლენ არჩილ უგულავა, ლაშა გალუაშვილი და სანდრო სიხარულიძე. ქალებში მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება - საქართველოს ჩემპიონი თეონა გოგლიძე და ვიცე-ჩემპიონი მარიამ ცუხიშვილი.

დაშნაში გვეიმედება მაია გუჩმაზოვასი, რომელსაც ქართული ძირები აქვს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა შარშან მიიღო. ის ახალგაზრდებში ევროპის პირველობის ორგზის პრიზიორია რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. საქართველოს სახელით ორჯერ იყო მსოფლიოს თასის ეტაპებზე და ორჯერვე რვა საუკეთესოში მოხვდა.

საფარიკაო ბილიკებზე ასევე მოსინჯავენ ძალებს დაშნით მოფარიკავეები - მარიამ ზაკირჩენკო, ქრისტინე მიქაძე, ელენე ხოშტარია, მიქაელ მიქაელიანი, დავით არველაძე, ლევან ფცქიალაძე და გიორგი ქაფიანიძე.

იმედია, ჩვენი მოფარიკავეები გულშემატკივრებს გაახარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ მოფარიკავეებს, ძალიან მინდა რომ ოლიმპიადის საგზური მოიპოვონ.
gizog
12:02 09-06-2017
0

სიახლეები პოპულარული