კვარცხლბეკზე ხმლების ტრიალით

AutoSharing Option
თბილისის ფარიკაობის დარბაზში 24 თებერვალს დაიწყო და 26-ში დამთავრდება 1992 წელს და უფრო გვიან დაბადებულ მოფარიკავეთა საქართველოს პირველობა, რომელშიც თბილისის, რუსთავის, აჭარის, აფხაზეთისა და წყალტუბოს 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასპარეზობის პირველ დღეს საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავენი გავიდნენ. ვაჟებში ტურნირის ფავორიტებმა - საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა და პრიზიორმა სანდრო ბაზაძემ და კადეტთა შორის მსოფლიოს პირველობის მე-3 პრიზიორმა მიხეილ მარდალეიშვილმა (ორივე - ქუთაისი) ყველა შეხვედრა მოიგეს და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლა დრამატულად წარიმართა. ჯერ მარდალეიშვილი დაწინაურდა 13:9, მაგრამ ბაზაძემ შეძლო ძალების მობილიზება და მთავარ კონკურენტს
საბოლოოდ 15:13 აჯობა. ბრინჯაოს მედლები, ასევე, რიონისპირელებს - იური ნებიერიძესა და დავით უკლებას ერგოთ.

გადამწყვეტი პაექრობა გოგონებშიც დაძაბულად წარიმართა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი თეოდორა კახიანი სამი წლით უმცროს ქრისტინე ნოზაძესთან (ორივე - თბილისი) დაპირისპირებისას მდევრის როლში იყო, თუმცა 10:14-ზე წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ ნოზაძემ მაინც შეძლო ბოლო ქულის აღება (15:14) და ჩემპიონობის მოპოვება. მესამე ადგილებზე მარიამ ფხაკაძე და ანა სინატაშვილი (ორივე - ქუთაისი) გავიდნენ.

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ დაკომპლექტდება კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა საქართველოს ნაკრები გუნდები, რომლებიც 1-10 მარტს ხორვატიის ქალაქ ტორეჟში ევროპის პირველობაზე გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული