რუსებს აჯობა, ამერიკელს - ვერა

AutoSharing Option
ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ 2008 წლიდან დაიწყო კონტინენტის თასის გათამაშება კადეტებში. ამ შეჯიბრებაში საქართველოდან შარშან მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილი ჩაება. სოფიისა და ტრაბზონის ეტაპებზე მან მე-3 ადგილები დაიკავა და რეიტინგში მე-7 ადგილზე დამკვიდრდა (საგულისხმოა, რომ ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციას მსგავსი შეჯიბრება არა აქვს, ამიტომ სხვა კონტინენტების წარმომადგენლები - ამერიკელები, კანადელები, ჩინელები, იაპონელები და სხვები ევროპის თასზე ცდიან ძალებს).

წლეულს ქართველი მუშკეტერი ორ ეტაპზე დაუპირისპირდა თანატოლებს: გოდოლში (უნგრეთი) 189 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, ახლახან მოსკოვში კი ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა. ქვეჯგუფში მარდალეიშვილმა ზედიზედ
სძლია რუსებს - სტანისლავ კრასილნიკოვს (5:3), ვადიმ ვილგუსევიჩს (5:1), ილია შაბალოვს (5:0), უკრაინელ ალექსანდრ კარაკაის (5:1) და ამერიკელ პეტერ პაკს (5:1). მეორე ეტაპზე 6-დან 5 შეხვედრა მოიგო: დაძაბულ პაექრობებში ფარ-ხმალი დააყრევინა მიროსლავ ბიკოვს, ალექსანდრ ტრუშაკოვს, ალექსანდრ ბრაინინს (სამივე-რუსეთი), ბელარუს ვლადისლავ ჩერნიაკოვსა და უკრაინელ მაქსიმ ბეზრუკოვს, ხოლო ამ უკანასკნელის თანამემამულე ბოგდან პლატონოვთან 2:5 დამარცხდა. ჩვენებური ძირითად ბადეში იოლად გაუმკლავდა ოთხ მეტოქეს - სამ რუსსა (ალექსეი ნაუმოვი, რუსლან ზელიანოვი, არტიომ პეტროვი) და ერთ ბელარუსს (არტიომ ნოვიკოვი), მეოთხედფინალში ამერიკელ ელი დერსვიტს (იგი პირველ ადგილზე გავიდა) დანებდა - 13:15, არადა, შეხვედრას 13:12-ს იგებდა. საბოლოოდ, მარდალეიშვილი მე-5 ადგილით დაკმაყოფილდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ გვითხრა, რომ მიხეილმა ბოლომდე ვერ ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობები, თორემ ტურნირზე ოქროს მოპოვებაც შეეძლო. 11-12 დეკემბერს იგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით გერმანიის ქალაქ გიოპინგენში ევროპის თასის ბოლო ეტაპზე იასპარეზებს. ერთი კვირის შემდეგ კი, შესაძლოა, ირანში იუნიორთა მსოფლიოს თასზეც გამოვიდეს. ყველა ეს შეჯიბრება კადეტებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის მზადებას ემსახურება. ამ პაექრობებს კი გაისად ავსტრია (თებერვალი) და იორდანია (მარტი) უმასპინძლებენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული