კლიჩკო-ჰეის ბრძოლა თითქმის გადაწყვეტილია

AutoSharing Option

თითქმის გადაწყვეტილია ვლადიმერ კლიჩკოსა და დევიდ ჰეის შორის გასამართი საჩემპიონო ბრძოლის ბედი. ტიტულების გამაერთიანებელი ჩხუბი 2 ივლისს ინგლისში ან გერმანიაში გაიმართება. გუშინ WBO-სა და IBF-ის ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ განაცხადა, რომ ჰეის გუნდთან მოლაპარაკებები ასე შორს არასოდეს წასულა.

უკრაინელის თქმით, ბრძოლაზე კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ჰეის მხრიდან წინასწარი დასტური უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. უმცროსმა კლიჩკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრძოლა ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ორი ევროპელის ჩხუბი ამერიკაში დიდ რეზონასს არ გამოიწვევს.

უკვე ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ჰეის გუნდთან

მოლაპარაკება რომელიმე კლიჩკოსთან ბრძოლის ორგანიზებაზე. 2009 წელს ერთხელ უკვე გაფორმდა კონტრაქტი ვლადიმერთან ბრძოლაზე, მაგრამ ბრიტანელმა ზურგის ტრავმის მიზეზით უარი განაცხადა რინგზე გასვლაზე. შემდეგ ვიტალისთან დაიდო ხელშეკრულება, მაგრამ ისევ ჰეის ინიციატივით ჩაიშალა გარიგება - ამჯერად დევიდმა ჰონორარის ოდენობა გააპროტესტა.

უმცროსი კლიჩკო დაპირდა გულშემატკივრებს, რომ 2011 წლის ბოლოსთვის სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ტიტულები მთლიანად კლიჩკოს ოჯახის მფლობელობაში იქნება. ვიტალი WBC-ის ჩემპიონია. უკრაინელების კოლექციაში მხოლოდ WBA-ის ქამარი არ არის, რომელსაც სწორედ ჰეი ფლობს. 30 აპრილს ვლადიმერს კიდევ ერთ ბრიტანელთან - დერეკ ჩისორასთან უწევს შეხვედრა.

 

რაც შეეხება ჰეის, ის რინგზე ასვლას მაისში აპირებდა და სავარაუდო მეტოქედ რუს ალექსანდრ პოვეტკინს ასახელებდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეიცვლებს ჰეის გეგმები კლიჩკოს გუნდთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული