მარტში დიდი ბრძოლები გაიმართება

AutoSharing Option
მარტი კრივის სამყაროში ძალიან საინტერესოა თვე იქნება. გთავაზობთ ამ თვეში ყველაზე საინტერესო საჩემპიონო ორთაბრძოლების ანონსს და თავად დარწმუნდებით, რომ კრივის ქომაგებს მოსაწყენად არ ეცლებათ.

კოტო VS მაიორგა
12 მარტი. ლას ვეგასი (აშშ). 30 წლის პუერტორიკოელი მიგელ ანხელ კოტო (35-2-0, 28KO) პირველ საშუალო წონაში WBA-ის ტიტულს დაიცავს 37 წლის ნიკარაგუელ რიკარდო მაიორგას (29-7-1, 23KO) წინააღმდეგ.

ამ მოკრივეების გვარები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. დღეისთვის მიგელ კოტო ცდილობს აღდგენასა და გამარჯვების გზაზე დადგომას მექსიკელი ანტონიო მარგარიტოსგან (2008) და ფილიპინელი მენი პაკიაოსგან (2009) მიღებული
ორი მტკივნეული მარცხის შემდეგ. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი შარშან გადადგა, როცა ტიტული მოიპოვა ისრაელის სახელით მებრძოლ ამერიკელ იური ფორმანთან ბრძოლაში.

ამის შემდეგ მიგელი თავის პრომოუტერ ბობ არუმთან ერთად დიდი ხანი ვერ პოულობდა სასურველ მოწინააღმდეგეს. ხულიო სეზარ ჩავესთან და კერმიტ სინტრონთან მოლაპარაკები არ მოხერხდა და საბოლოოდ, ოპონენტად ნიკარაგუელი რიკარდო მაიორგა ერგო. ეს უკანასკნელი თავის დროზე მრისხანე ჩემპიონი იყო, მაგრამ ბოლო წლებში საკრივო თვისებების მხრივაც უკლო და მეტოქის მიმართ შეურაცხმყოფელი და პროვოკაცული განცხადებებიც აღარ გამოსდის. სავარაუდოდ, პუერტორიკოელი უპრობლემოდ დაამარცხებს მაიორგას - ასე მიაჩნიათ ბუკმეიკერებს.

მარტინესი VS ძინძირუკი
12 მარტი. მაშანტაკეტი (აშშ). საშუალო წონაში WBC-ის "ბრილიანტის" ქამარს გაითამაშებენ 36 წლის არგენტინელი სერხიო მარტინესი (46-2-2, 25KO) და 35 წლის უკრაინელი სერგეი ძინძირუკი (37-0-0, 23KO).

შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი და სენსაცია სერხიო მარტინესი მორიგ ბრძოლას გამართავს, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ტელეარხის - HBO-სი ეთერით გადაიცემა. შარშან არგენტინელმა ორი ცნობილი ამერიკელი - კელი პავლიკი და პოლ უილიამსი დაამარცხა, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ჟურნალ "რინგის" რეიტინგში, ახლა კი შეხვდება ნაკლებად ტიტულოვან, მაგრამ აქამდე დაუმარცხებელ მოწინააღმდეგეს.

35 წლის უკრაინელი სერგეი ძინძირუკი უკვე ხუთი წელია ინარჩუნებს პირველ საშუალო წონაში WBO-ის საჩემპიონო ტიტულს. მაგრამ მას აქამდე ვარსკვლავური მეტოქეები არ ჰყოლია. ამის მიზეზი იყო ცნობილ გერმანელ პრომოუტერ კლაუს-პიტერ კოლისთან მუშაობა, რომელიც ცნობილია თავისი შეგირდებისთვის საშუალო დონის მოკრივეების შერჩევით. არადა, ძინძირუკი დიდი ხანი ითხოვდა თავისი პრომოუტერისგან სერიოზული ბრძოლების ორგანიზებას. ერთი პერიოდი თვით ოსკარ დე ლა ჰოიასთან ბრძოლაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამაზე შორს საქმე არ წასულა.

და აი, ახლა ძინძირუკმა გაწყვიტა ურთიერთობა კოლთან და ამერიკაში გადავიდა, სადაც ახალმა პრომოუტერებმა მას ისეთი ბრძოლა მოუწყვეს, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდა. მარტინესთან შესახვედრად უკრაინელს ერთი წონით მაღლა ასვლა მოუწია.

კლიჩკო VS სოლისი
19 მარტი. კიოლნი (გერმანია). 39 წლის უკრაინელი ვიტალი კლიჩკო (41-2-0, 38KO) სუპერმძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამარს დაიცავს 30 წლის კუბელ ოდლანიერ სოლისთან (17-0-0, 12KO) ბრძოლაში.

ვიტალი კლიჩკოსთვის ეს იქნება 2008 წელს მოპოვებული ტიტულის მეექვსე დაცვა. ამჯერად უკრაინელს დაუპირისპირდება მოყვარულებს შორის მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონი ოდლანიერ სოლისი, რომელმაც WBC-ის ოფიციალური პრეტენდენტის სტატუსი მოიპოვა.

კუბიდან გამოქცეული სოლისი კარგად მოერგო პროფესიულ კრივს და ჯერჯერობით ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, ძირითადად ძალიან სწრაფი ხელებისა და კარგი ტექნიკის წყალობით. მაგრამ ვიტალის დონის მოწინააღმდეგე მას არასოდეს ჰყოლია და სწორედ ამ ბრძოლამ უნდა გვანახოს - რეალურად რას წარმოადგენს "გაპიარებული" კუბელი.

ორივე მოკრივე მონდომებით ემზადება საკუთარ ბანაკში. ამასთან, სოლისი აქტიურად ცდილობს ზედმეტი წონის დაგდებას. ბუკმეიკერების ფავორიტი ჩემპიონი გახლავთ.

გამბოა VS სოლისი
26 მარტი. ატლანტიკ-სიტი (აშშ). 29 წლის კუბელი იურიორკის გამბოა (19-0-0, 15KO) ნახევრადმჩატე წონაში WBA-სა და IBF-ის ტიტულებს დაიცავს 31 წლის მექსიკელ ხორხე სოლისთან (40-2-2, 29KO) ბრძოლაში.

ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ბობ არუმმა გამბოა არ გაიყვანა თავისი კიდევ ერთი ვარსკვლავი შეგირდის, პუერტორიკოელი ხუან მანუელ ლოპესის წინააღმდეგ. "ცბიერი" არუმი ჯერ კიდევ ცდილობს კუბელისთვის იოლი ბრძოლების ორგანიზებას, თუმცა მექსიკელი ხორხე სოლისი სულაც არ არის იოლი მეტოქე. კრივის მოყვარულებს ის დაამახსოვრდათ 2007 წელს მენი პაკიაოსთან ბრძოლით. მართალია, მექსიკელმა მერვე რაუნდში ნოკაუტით წააგო, მაგრამ სასტარტო რაუნდებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

სოლისი ფლობდა WBA-ის დროებით ტიტულს პირველ ნახევრადსაშუალო წონაში და ახლა სრულფასოვანი ტიტულის მოპოვება სურს, თანაც ორის, რადგან კუბელი WBA-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელია. მაგრამ ამის გაკეთება სოლისს გაუჭირდება - გამბოამ უკვე დაამტკიცა, რომ სამოყვარულო რინგზე მისი ვარსკვლავური სტატუსი შემთხვევითი არ ყოფილა და ის პროფესიონალებშიც დაუმარცხებელია.

დიმიტრენკო VS სოსნოვსკი
26 მარტი. ფრანქფურტი (გერმანია). 28 წლის გერმანელი ალექსანდრ დიმიტრენკო (30-1-0, 20KO) სუპერმძიმე წონაში EBU-ის ვერსიით ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაიცავს 31 წლის პოლონელ ალბერტ სოსნოვსკის წინააღმდეგ (46-3-1, 28KO).

ეს იყო ამ მეტოქეებს შორის ბრძოლის ორგანიზების მეორე ცდა. 4 დეკემბერს შეხვედრა მოკრივეების რინგზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუქმდა. მიზეზი ის იყო, რომ წარმოშობით უკრაინელმა დიმიტრენკომ მოულოდნელად გასახდელში გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გერმანიის მოქალაქეს სერიოზული სამედიცინო გადახრები არ ჰქონდა და მას კარიერის გაგრძელების უფლება მისცეს. ასე რომ, ახლა კრივის მოყვარულებს იმედი აქვთ, რომ ამჯერად მაინც შედგება ეს საინტერესო ორთაბრძოლა. დიმიტრენკო პირველად იჩხუბებს გერმანიის სახელით - ამ ქვეყნის მოქალაქე ის გასული წლის ბოლოს გახდა. ბუკმეიკერები მას მცირე უპირატესობას ანიჭებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული