ფავორიტების ტექნიკური ნოკაუტები

AutoSharing Option
შაბათს, ოკეანის გაღმა ორი საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა. ლას ვეგასში პირველ საშუალო წონაში WBA-ის ტიტულს იცავდა პუერტორიკოელი მიგელ კოტო, რომელსაც მეტოქედ ჰყავდა ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ვეტერანი ნიკარაგუელი რიკარდო მაიორგა.

ბრძოლა იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. მაიორგა დარტყმების რაოდენობით არ ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ უფრო ზუსტი კოტოს მოქნეული მუშტები იყო. მოკრივეებმა ბოლო რაუნდამდე მიაღწიეს და აქ ვეტერანმა მძიმე დარტყმა მიიღო მარცხნიდან, რის შემდეგაც რიგზე დაეცა. ნიკარაგუელი დიდი გაჭირვებით წამოდგა და ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ იქვე ჟესტებით ანიშნა რეფერის,
რომ აღარ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. კოტოს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალეს და პუერტორიკოელმა შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული.

ბრძოლის შემდეგ მაიორგამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა: "წასვლას ვაპირებ. ვფიქრობ, ახალი სამუშაოს ძებნა უნდა დავიწყო. ამ ბრძოლის დანიშვნისთანავე ვთქვი, რომ წაგების შემთხვევაში წავიდოდი რინგიდან და ახლა დანაპირებს ვასრულებ. ჩემი გამოსვლით უკმაყოფილო დავრჩი. მიგელ კოტო ძალიან ძლიერად ურტყამს, თუმცა მე არ შემშინებია".

* * *
არანაკლებ საინტერესო იყო მეორე ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ჟურნალ "რინგის" მიერ 2010 წლის საუკეთესო მოკრივედ აღიარებული სერხიო მარტინესი. მისი მეტოქე იყო ასევე პირველ საშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი სერგეი ძინზირუკი. ბრძოლა საშუალო წონაში იმართებოდა და ფსონად იყო ტიტული, რომელსაც არგენტინელი ფლობდა, ამასთან, უკრაინელი წაგების შემთხვევაში ინარჩუნებდა თავის საჩემპიონო ქამარს.

ამ შემთხვევაშიც გამართლდა სპეციალისტთა და ბუკმეიკერთა პროგნოზი. მეოთხე რაუნდში მარტინესის დარტყმების სერიის შემდეგ ძინზირუკი პირველად დაეცა რინგზე და მსაჯმა მას ნოკდაუნი დაუთვალა. მეხუთე რაუნდში უკრაინელი ისევ მოხვდა ნოკდაუნში - ამჯერად წარმატებული იყო ოთხი ზუსტი დარტყმისგან შემდგარი სერია. რიგით მესამე ნოკდაუნი მაყურებელმა მერვე რაუნდში იხილა - უკრაინელმა ამჯერად მარცხნიდან დარტყმა გაატარა და რინგზე აღმოჩნდა, თუმცა ძალიან მალე წამოდგა.ჯობდა ეს არ გაეკეთებინა, რადგან რამდენიმე წამში მორიგი ზუსტი დარტყმა მოხვდა ყბაში და ისევ დაეცა.

ეს უკვე აქამდე დაუმარცხებელი უკრაინელის განადგურებას ნიშნავდა. ამ რაუნდში მესამე და სულ შეხვედრაში მეხუთე ნოკდაუნის შემდეგ რეფერიმ ბრძოლის გაგრძელება უაზრობად ჩათვალა და მარტინესს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალა. სტატისტიკის მიხედვით, მარტინესმა 226 ზუსტი დარტყმა შეასრულა, ძინზირუკმა - 160.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული