ბრაზილიას იმედი მოუკლეს

AutoSharing Option
ბრაზილიის სამოყვარულო კრივის ნაკრებმა ერთ-ერთი პერსპექტიული წევრი, 16 წლის ტაირონ სილვა დაკარგა. სააგენტო AP-ის ცნობით სპორტსმენი პარასკევს პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოკრივე სამართალდამცავთან კამათში შევიდა, ამ უკანასკნელმა პისტოლეტი ამოიღო და იუნიორი იქვე გამოასალმა სიცოცხლეს.

მკვლელობის სხვა მოტივებზე გამოძიება ჯერჯერობით არ საუბრობს. ახლა მკვლელი პოლიციელი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებდა და გამოძიების დასრულებას ელის.

ბრაზილიის კრივის ფედერაციისთვის სილვას სიკვდილი უმძიმესი დარტყმა გახდა. ამ მოკრივეს სპეციალურად ამზადებდნენ 2016 წლის ოლიმპიადისთვის, რომელიც რიო დე ჟანეიროში უნდა გაიმართოს. "ჩვენმა
ქვეყანამ კიდევ ერთი პერსპექტიული სპორტსმენი დაკარგა. ის ოცნებობდა გამხდარიყო დიდი მოკრივე და მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

სილვა თავის ასაკში ქვეყნის ჩემპიონი იყო, ცოტა ხნის წინ კი წარმატებული დებიუტი ჰქონდა საერთაშორისო არენაზე - კერძოდ, ჩილეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სამწუხაროდ, ბრაზილიაში სპორტსმენების მკვლელობა არცთუ იშვიათი მოვლენაა. დაახლოებით ერთი თვის წინ ქალაქ ბელუ-ორიზონტეში ძარცვის მიზნით ზურგში გასროლით მოკლეს "კორინთიანსის" 19 წლის ფეხბურთელი ვილიამ მორაიში. პოლიციის ინფორმაციით მძარცველები მოთამაშეს მაშინ დაესხნენ თავს, როცა ის შინ ბრუნდებოდა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული