მოკრივეთა სამი მედალი ბაქოდან

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის მეორე შეკრებაც მოილია. ქართველი მოკრივეები აზერბაიჯანიდან დაბრუნდნენ, სადაც ჯერ იქაურ ნაკრებთან ერთობლივი შეკრება გაიარეს, შემდეგ კი ბაქოს წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს.

ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო - ასეთია რამაზ ფალიანის გუნდის მონაგარი. "ძალიან ძლიერი ტურნირი იყო. მონაწილეობდა ყველა უძლიერესი პოსტსაბჭოური ქვეყანა, ასევე თურქეთი და ირანი. ქვეყნების უმრავლესობამ თითოეულ წონაში ორი-სამი საუკეთესო მოკრივე დააყენა. აქედან გამომდინარე, შედეგს დადებითად მივიჩნევ. მედალოსანთა გარდა თავი არც სხვებს შეურცხვენიათ", - გვითხრა ფალიანმა.

ახლა კი კონკრეტულად მედალოსანთა შესახებ:

60 კილოგრამ წონით
კატეგორიაში ვერცხლის მედალი ნიკოლოზ იზორიამ მოიპოვა. შეგახსენებთ, ფოთელი მოკრივე პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ავტოავარიაში მოჰყვა და თითქმის ორი წელიწადი გაუცდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება, რაც ძალიან სასიხარულოა. პირველ წრეში ნიკამ თურქების პირველ ნომერს 6:3 სძლია, არადა პირველი რაუნდის შემდეგ აგებდა. მეორე ბრძოლაშიც ჩამორჩენის აღმოფხვრა დასჭირდა და რუსეთის პირველ ნომერთან 6:4 გაიმარჯვა. ფინალში იზორია ყაზახ მოკრივესთან 0:2 დამარცხდა. ფალიანის თქმით, ნიკას გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა, ფინალამდე დიდი ენერგია რომ არ დაეხარჯა. მისგან განსხვავებით, ყაზახმა შედარებით სუსტ მეტოქეებს სძლია.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 75 კილოგრამში მოასპარეზე ჯაბა ხოსიტაშვილმა. პირველ წრეში მან ყაზახს ორი ქულით აჯობა, ნახევარფინალში კი ამავე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთი ქულით დამარცხდა.

მეორე ბრინჯაოს მედალს კი მძიმეწონოსანი მიხეილ ბახტიძე დაეუფლა. აზერბაიჯანის პირველ ნომერს მან 10:7 სძლია, მაგრამ ამ ბრძოლაში დაშავდა და მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ნახევარფინალში რუს მეტოქესთან საჩხუბრად აღარ გამოცხადდა.

რამაზ ფალიანთან ერთად გუნდს აზერბაიჯანში კიდევ ორი მწვრთნელი - თემურ ოჩიგავა და ანატოლი ქავთარაძე ახლდა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი.

რაც შეეხება ნაკრების უახლოეს გეგმებს: მოკრივეები დაახლოებით ორი კვირით დაისვენებენ, 28 მარტს კი სომხეთში გაემგზავრებიან, სადაც მორიგი შეკრება და ტურნირი ელით. შეკრება არარატშია, ტურნირი კი ერევანში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ივნისში ევროპის ჩემპიონატი არა სოფიაში, არამედ ანკარაში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული