ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კლიჩკომ აღნიშნა, რომ სპორტული საზომით მისი სოლიდური ასაკი ხელს არ შეუშლის ახალგაზრდა მოწინააღმდეგის ნოკაუტში გაგზავნაში.
"მზად ვარ შევინარჩუნო კარგი ტემპი მთელი 12 რაუნდის განმავლობაში, მაგრამ შაბათს ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდება. მაყურებელს ვანახებ იმას, რაც ყველაზე მეტად სურთ - ნოკაუტს. სოლისი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეა, მაგრამ, რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო საინტერესოა ბრძოლა", -
ვიტალიმ სათანადოდ შეაფასა კრივის კუბური სკოლა და ტრადიციები: "კუბაში ბევრი შესანიშნავი მოყვარული მოკრივეა, მაგრამ პროფესიული კრივი სამოყვარულოსგან ძალიან განსხვავდება."
სოლისის პრომოუტერმა აჰმეთ ენერმა აღიარა, რომ მოუთმენლად ელოდება შაბათის ბრძოლას. "ღმერთი სამობითაა. ეს კი ჩემი შეგირდისთვის სუპერმძიმე წონაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მესამე ცდაა. ვფიქრობ, მას ყველაფერი გამოუვა", - განაცხადა მენეჯერმა.
ძმები კლიჩკოების პრომოუტერი ბერნდ ბენტე კუბელს ლენოქს ლუისის შემდეგ ვიტალის ყველაზე ძლიერ ოპონენტად მიიჩნევს. "ბრძოლას 123 ქვეყანაში გადასცემენ. ვფიქრობ, ეს იქნება ვიტალის კარიერაში ყველაზე სერიოზული გამოცდა მას შემდეგ, რაც ის ლენოქს ლუისის წინააღმდეგ გავიდა რინგზე. სოლისი ყველა დროის საუკეთესო მოყვარული მოკრივეა", - ამბობს ბენტე.
კლიჩკოს მწვრთნელმა ფრიც ზდუნეკმა განაცხადა, რომ მისი შეგირდის ბრძოლა აუცილებელ პრეტენდენტთან ძალიან რთული იქნება: "ჩვენი მზადების პროცესი მაქსიმალურად ოპტიმალური იყო. ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ბრძოლა იქნება, ამიტომაც დეტალურად შევისწავლეთ სოლისის სტილი. ვიტალის საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ამ მეტოქესაც იოლად გაუსწორდეს."
თავის მხრივ, ოდლანიერ სოლისმა თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხებაში ეჭვი არ ეპარება.
"ვიტალის მე-12 რაუნდში გავუშვებ ნოკაუტში. თუ ადრე გავაკეთებ ამას, მით უკეთესი. მთავარია, რომ მე აუცილებლად მოვიგებ - ქულებით ან ნოკაუტით", - განაცხადა კუბელმა.
მზერის ტრადიციულ დუელში გამარჯვებული კლიჩკო გამოვიდა - სოლისმა თვალი აარიდა ჩემპიონს.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა შაბათს კიოლნის Lanxess Arena-ზე გაიმართება. თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. ამ მომენტისთვის სარეალიზაციოდ 19 ათასი ევროს ღირებულების 1000 ბილეთია დარჩენილი.
.