არშემდგარი სანახაობა

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ კარიერაში მეექვსედ დაიცვა WBC-ის ტიტული, თანაც ამისთვის არ დასჭირვებია ენერგიის დახარჯვა და მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა.

კიოლნში გამართული ბრძოლის პირველივე რაუნდში უკრაინელმა ნოკდაუნში გაგზავნა კუბელი ოდლანიერ სოლისი, რომელმაც რიგზე დაცემის შემდეგ მუხლი დაიზიანა და უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. ასე დასრულდა კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და კურიოზული ბრძოლა.


* * *
რინგზე დაბრუნებიდან ორწლინახევრის განმავლობაში უფროსმა კლიჩკომ ექვსი ბრძოლის გამართვა მოასწრო და ყველაში გამარჯვებული გამოვიდა. ბოლო შეხვედრაში ვიტალიმ ისე გალახა შენონ ბრიგსი, რომ ეს უკანასკნელი საავადმყოფოში
აღმოჩნდა. ბრიგსმა, რომელმაც 12 რაუნდი გაუძლო უკრაინელის დარტყმებს, კუნთი გაიწყვიტა, ტვინის შერყევა მიიღო და სახის რამდენიმე ძვალი გაიტეხა. ასე რომ, უფროსი კლიჩკოს წინააღმდეგ რინგზე გასვლა ცოტათი საშიშიც კი გახდა, რადგან შეიძლება ნებისმიერი მოწინააღმდეგე ინვალიდი გახდეს. თუმცა მისი პოტენციური მეტოქეები სხვა მიზეზითაც ამბობდნენ უარს უკრაინელის წინააღმდეგ რინგზე გასვლაზე.

კერძოდ, რუსი ნიკოლაი ვალუევი თითქმის ორი წელი ცდილობდა ვიტალისთან მოლაპარაკებას, მაგრამ ჰონორარის ოდენობაზე ვერ მოურიგდა. ძმები კლიჩოკები არა მარტო კარგი მოკრივეები, არამედ მოხერხებული ბიზნესმენებიც არიან - ისინი პრომოუტერულ კომპანია K2-ს ფლობენ და ფინანსურ ბრძოლებშიც ისევე სტაბილურად იმარჯვებენ, როგორც რინგზე. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს მათ მიერ დამარცხებულ მოწინააღმდეგეებს ექსპერტები "ტომრებს" უწოდებდნენ, თუმცა ამ სიტყვის ხმარება ოდლანიერ სოლისთან მიმართებაში არ იქნებოდა მართებული. 30 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლა და არც ერთი დამარცხება - ასეთი იყო კუბელის დოსიე ამ ბრძოლის წინ. სოლისს მართლაც გააჩნდა ძალიან ძლიერი და მოხერხებული მოკრივის რეპუტაცია, ვისაც რეალურად შეეძლო ვიტალისთვის პრობლემების შექმნა.

"სოლისმა იცის, რომ ეს მთელი მისი ცხოვრების შანსია. კლიჩკოს ბოლო მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, მას არა ფული, არამედ ტიტული აინტერესებს. როგორ ფორმაშია ბრძოლის წინ? მოდით ამაზე შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ, როცა მას საჩემპიონო ქამარი ექნება, ვიტალის კი საავადმყოფოში გაგზავნიან", - ტრაბახობდა კუბელის პრომოუტერი აჰმეთ ონერი.

ასეთ რეპლიკებს ყველა მიჩვეულია, სამაგიეროდ, კრივის მოყვარულები ჩააფიქრა ვიტალის განცხადებებმა: "სოლისი იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე მეგონა", ან "ნოკაუტს ვერ გპირდებით"... ბევრს სჯეროდა, რომ უკრაინელს, როგორც იქნა ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა.


* * *
ბრძოლის წინ გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" ძმები კლიჩკოების კარიერის საწყისი ეტაპიდან სახალისო დეტალები გაიხსენა. როგორც გაირკვა, მათ სერიოზულად სთავაზობდნენ ფსევდონიმების აღებას: ვალტერ და ვილი კლიჩმანები. ასე უფრო იოლი იქნებოდა უკრაინელთა "გაპიარება" გერმანული პუბლიკის წინაშე. ძმებმა უარი თქვეს და სწორადაც მოიქცნენ - გერმანიაში მათ ადგილობრივ მოკრივეებზე მეტ პატივს სცემენ.

გასაკვირი არ არის, რომ კიოლნის Lanxess-Arenaზე ანშლაგი იყო. მაყურებელი დიდ ბრძოლასა და კლიჩკოს მორიგ გამარჯვებას ელოდა. უკრაინელმა მართლაც მოიგო, მაგრამ განრისხებული პუბლიკა აღშფოთებული ტოვებდა სტადიონს - მათ პრაქტიკულად არაფერში გადაიხადეს სოლიდური თანხა.

კლიჩკო მძიმე მუსიკის თანხლებით გავიდა კორტზე. მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავდით, სამაგიეროდ იღიმებოდა მისი ძმა - IBF-სა და WBO-ის ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო, რომელიც თითქოს წინასწარ გრძნობდა ვიტალის ტრიუმფს. ამ დროს სოლისი რინგზე თავის კუთხეში უცნაურ ცეკვას ასრულებდა, სეკუნდანტები კი მხარზე ხელის დარტყმით ამხნევებდნენ პრეტენდენტს.

პირველი რაუნდი სოლისმა ცოცხლად დაიწყო. მან რამდენჯერმე მოარტყა კლიჩკოს, უკრაინელის შეტევას კარგი კონტრშეტევით უპასუხა. სერიოზული არაფერი, მაგრამ კუბელმა თითქოს მიგვანიშნა, რომ წინ დაძაბული და თანაბარი ბრძოლა გველოდა.

შესაძლოა, ასეც ყოფილიყო, რომ არა სასტარტო რაუნდის ბოლოს უსიამოვნო მომენტი, რომელიც სოლისს შეემთხვა. კუბელი იმ დროისთვის ძალიან გათამამდა, პირველ ნომრად მოქმედება გადაწყვიტა და რაუნდიც თითქოს მას უნდა მოეგო, მაგრამ ბოლო წამებზე თავში მოხვდა ვიტალის ჯები. დარტყმა არც თუ ისე ძლიერი იყო, თუმცა სოლისი მოულოდნელად რინგზე დაეცა. რეფერიმ ათი წამის ათვლა დაიწყო, კუბელი ბოლოსკენ წამოდგა, რინგზე არამყარად იდგა და სახეზე ტკივილი ჰქონდა აღბეჭდილი. სწორედ ეს გახდა ბრძოლის გაჩერების მიზეზი. ჩემპიონი კუბელს მივარდა და რაღაცის ახსნა დაუწყო.

როგორც ჩანს, ვიტალი მაყურებელზე ფიქრობდა, რომელმაც გამაყრუებელი სტვენა ატეხა. ბილეთებში გადახდილი ფულის სანაცვლოდ მას უფრო მეტის ნახვა სურდა, ვიდრე სამწუთიანი დაზვერვისა და ერთი ორი დარტყმისა, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ სოლისის მხრიდან სიმულაციას არ ჰქონია ადგილი - მას მართლაც გადაუბრუნდა ფეხი და ამას ტრავმა მოჰყვა.

ცოტა ხანში სოლისმა ბოდიში მოუხადა მაყურებელს, მისი პრომოუტერი აჰმეთ ონერი კი მიღებული შოკისგან ხმას ვერ იღებდა. კლიჩკოც არ იყო გახარებული ასეთი სცენარით და დიდი ხანი უხდიდა ბოდიშს თავის ერთგულ პუბლიკას.

ახლა, სავარაუდოდ, უფროს კლიჩკოს მორიგი ბრძოლა სექტემბერში ექნება პოლონელ ტომაშ ადამეკთან, რომელთანაც წინასწარი კონტრაქტი ორი თვის წინ გააფორმა, მის ძმას კი სადღაც ივნისში ან ივლისში ტიტულების გამაერთიანებელი შეხვედრა ელის WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეის წინააღმდეგ.


* * *
ბრძოლის შემდეგ ვიტალი კლიჩკომ მცირე ინტერვიუ მისცა ტელეარხ Sky Sport-ს: "მზად ვიყავი კარგი ბრძოლის ჩასატარებლად და იმედი მქონდა, რომ ბრძოლა ერთ რაუნდზე მეტხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს კრივია - ერთი დარტყმა და ყველაფერი დასრულდა."

რამდენიმე თვის შემდეგ ვიტალის 40 წელი შეუსრულდება და რინგიდან სავარაუდო წასვლის შესახებ მან ასე უპასუხა: "თავს შესანიშნავად ვგრნობ, დიდი გამოცდილება გამაჩნია, ჩემი სხეული მემორჩილება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მსოფლიოში ვერავინ დამამარცხებს."

ამ სიტყვების შემდეგ ვიტალის ვლადიმერ კლიჩკო მოუახლოვდა და უფროსმა ძმამ დაამატა: "არ მინდა ვლადიმერთან ჩხუბი, რადგან ის ერთადერთია, ვინც შეიძლება დამამარცხოს."

დევიდ ჰეისთან დაკავშირებით ვიტალიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: "დევიდ ჰეის გაუმართლა, რომ ჩემს ძმასთან უწევს შეხვედრა, რადგან მე უფრო მტკივნეულად და სწრაფად დავასრულებდი საქმეს. ვლადიმერის წინააღმდეგ ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდება და ბოლო რაუნდში ჩემი ძმა მას ნოკაუტში გაგზავნის."

"დევიდ ჰეიმ უფრო სუსტთან ანუ ჩემთან ბრძოლა აირჩია. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ის იტყოდა: "ვიტალი ჯერ არა, შემდეგი ვლადიმერი იყოს, რადგან ის უმცროსი და სუსტია". ასე რომ, ჰეი მე მერგება", - ეს უკვე ვლადიმერ კლიჩკოს სიტყვებია.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული