რატომ წაიქცა?

AutoSharing Option
გაირკვა სუპერმძიმე წონაში WBC-ის სატიტულო ბრძოლის პირველ რაუნდში დასრულების მიზეზი. როგორც გუშინ ვწერდით, კიოლნში უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ შეინარჩუნა ტიტული მას შემდეგ, რაც საწყის რაუნდში მისმა მოწინააღმდეგემ, კუბელმა პრეტენდენტმა ოდლანიერ სოლისმა მუხლის ტრავმის გამო თქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელმა ჯები მოარტყა მოწინააღმდეგეს, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად რინგზე დაეცა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

როგორც გერმანული გაზეთი Die Welt წერს, სოლისის მუხლის ტრავმის შესახებ ჯერ კიდევ ბრძოლის წინ იყო ცნობილი. ბრძოლის მასპინძლის - "კიოლნ-არენას" წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ორგანიზატორებმა
ადრევე იცოდნენ ტრავმის შესახებ, მაგრამ საკრივო საღამო არ ჩააგდეს საფრთხის ქვეშ. მით უმეტეს, რომ სოლისის მენეჯერი ხოსე პერესი ირწმუნებოდა, რომ ბოლო შეკრების პერიოდში კუბელი მოკრივე მწყობრში ჩადგებოდა. ბრძოლის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ოდლანიერს მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი.

ბუნებრივია, ორივე მხარე უკმაყოფილი დარჩა არასრულფასოვანი ჩხუბის გამო, ამიტომაც სოლისის გუნდმა კლიჩკოსგან რევანში მოითხოვა.

"თუ ვიტალი ნამდვილი მამაკაცია და სოლისის გამოჯანმრთელების მომენტისთვის კრივიდან არ იქნება წასული, აუცილებლად უნდა ჩაატაროს ჩემს კლიენტთან კიდევ ერთი ბრძოლა. ვერ წარმომიდგენია კლიჩკო ასეთი გამარჯვების გამო ამაყი იყოს", - განაცხადა RTL-ის ეთერში კუბელის პრომოუტერმა აჰმეთ ონერმა.

გერმანულმა პრესამ გაარკვია ჰონორარის ოდენობა, რომელიც მოკრივეებმა ამ საჩემპიონო ბრძოლისთვის მიიღეს. კუბელმა 1.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, უფროსმა კლიჩკომ კი, რომელმაც მეექვსედ დაიცვა WBC-ის ტიტული, თავისი საბანკო ანგარიში 15 მილიონით შეავსო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული