ფლოიდი რეიტინგიდან გააძევეს

AutoSharing Option
პირველ მაისს ზუსტად ერთი წელი გავიდა ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის ბოლო ბრძოლიდან. მაშინ პროფესიულ კრივში დაუმარცხებელმა მოკრივემ ქულებით დამაჯერებლად დაამარცხა შეინ მოზლი. დღევანდელ დღემდე, მეივეზერი მეორე ადგილს იკავებდა საყოველთაო რეიტინგში (წონის გაუთვალისწინებლად), რომელსაც ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალი The Ring ადგენს. ამ კლასიფიკაციას pound-for-pound ან შემოკლებით p4p ჰქვია.

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი არც ცდილობს დიდ კრივში დაბრუნებას. მისი მხრიდან არ ყოფილა პოტენციურ მეტოქეებთან მოლაპარაკებების მცდელობა. The Ring-ის სარეიტინგო პოლიტიკიდან გამომდინარე, მოკრივე, რომელიც ერთი წელი უმოქმედოდაა, გამოირიცხება ყველანაირი რეიტინგიდან. სწორედ ასე დაემართა
34 წლის მეივეზერს.

ამერიკელი The Ring-ის კლასიფიკაციაში ზედიზედ 84 კვირა ირიცხებოდა - იმ მომენტიდან მოყოლებული, როცა 2009 წლის სექტემბერში ქულებით დაამარცხა ხუან მანუელ მარკესი. ამ მოგებით ფლოიდი p4p-ის რეიტინგის მეორე ადგილზე აღმოჩნდა, შეინ მოზლის დამარცხების შემდეგ კი მენი პაკიაოს გაუსწრო და ლიდერი გახდა. მაგრამ მოგვიანებით ფილიპინელმა ანტონიო მარგარიტოს მოუგო და ისევ პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა.

პაკიაოსა და მეივეზერის ჩხუბი ყველა გულშემატკივარის ოცნებაა, მაგრამ უახლოეს ორ წელიწადში მისი ორგანიზების შანსი ძალიან დაბალია. მიზეზი შეიძლება ის არის, რომ ფლოიდ მეივეზერის მომავალი, ისევე როგორც მისი თავისუფლება, გაურკვეველი რჩება. ამერიკელი მოკრივე რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი. მისი სასამართლო პროცესი ორჯერ გადაიდო და ახლა მოსმენა პირველი სექტემბრისთვის არის დანიშნული.

მეივეზერის რეიტინგიდან ამოშლის შემდეგ, p4p-ის კლასიფიკაციის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. მენი პაკიაო
2. სერხიო მარტინესი
3. ნონიტო დონერი
4. ხუან მანუელ მარკესი
5. პონგსაკლეკ ვონჯონგკამი
6. ვლადიმერ კლიჩკო
7. ტიმოტი ბრედლი
8. ჯოვანი სეგურა
9. ანდრე უორდი
10. მიგელ კოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული