სიტყვიერი ომი დაწყებულია

AutoSharing Option
ვლადიმერ კლიჩკოსა და დევიდ ჰეის საჩემპიონო ბრძოლამდე დაახლოებით ორი თვით ადრე მებრძოლებმა პირველი პრესკონფერენცია ჩაატარეს და ამ შეხვედრით გაიხსნა სიტყვიერი ომი სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონებს შორის.

WBA-ის ჩემპიონმა დევიდ ჰეიმ თავის მომავალ მეტოქეს "თაღლითი" უწოდა, რადგან უკრაინელი სპეციალურად არჩევდა სუსტ მეტოქეებს და ამით ახანგრძლივებდა თავის ბატონობას WBO-სა და IBF-ის სერიებში. თავის მხრივ, კლიჩკო მეტოქეს დაპირდა, რომ მას კარგ მანერებს რინგზევე შეასწავლიდა და ბრძოლას კარიერაში 50-ე საიუბილეო ნოკაუტით დაასრულებდა.

"ვიცნობ მის სტილს, მინახავს რასაც რინგზე აკეთებს და შემიძლია ვთქვა, რომ კლიჩკო
უბრალოდ თაღლითია, - განაცხადა ბრიტანელმა ჩემპიონმა. - ის სპეციალურ პიჯაკს იცვამს, რომ დიდი გამოჩნდეს და ირჩევს ისეთ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მას წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მაგრამ მე ვერ მომატყუებს. კრივის ღმერთებმა გადაწყვიტეს - 2 ივლისს მე ერთადერთი ჩემპიონი გავხდები! მას 20 წუთი თვალებში ვუყურე და მივხვდი, როგორ გავანადგურო ის. დავინახე, რომ კლიჩკო გატეხილი და განადგურებულია. ის არასოდეს შეხვედრია ჩემი დონის მეტოქეს. ეს ორივესთვის რაღაც ახალი იქნება.

ის გააკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა. ადრე უკვე მიჩხუბია ასეთი "რობოტების" წინააღმდეგ. არც სამოყვარულო და არც პროფესიულ დონეზე არ წამიგია აღმოსავლეთ ევროპის მებრძოლებთან. ახლაც ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა დაირღვეს ეს ტრადიცია. ვნახე, როგორ მიიღო მან მსუყე ჯები, ვნახე როგორ დაეცა რინგზე... არ მგონია, რომ ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდება. ის სუსტია - მორალურად და ფიზიკურად. მას "ბროლის ყბა" აქვს, რომელიც 2 ივლისს დაიმსხვრევა.
ველოდები, რომ ბრძოლას 15-20 ათასი მაყურებელი დაესწრება. ისინი ერთად დასხდებიან, შესანიშნავ შოუს და ნოკაუტს იხილავენ. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ".
კლიჩკომ ჰეის ხელი გაუწოდა, მაგრამ ბრიტანელმა მისალმებაზე უარი განაცხადა. ვლადიმერმა უსმინა დევიდის მონოლოგს და თავადაც

მწვავე რეპლიკები ისროლა მოწინააღმდეგის მისამართით.

"ჰეის დიდი პატივისცემით ვეპყრობი, - განაცხადა კლიჩკომ. - ის დიდი მებრძოლია და შესანიშნავი კარიერა აქვს, მძიმე მუშტები და კარგი სისწრაფე გააჩნია. ჰეის უდიდესი მოტივაცია აქვს - ყურებიდან ბოლიც კი გამოსდის. იმედია, ამჯერად მაინც არ გამოიჩენს სიმხდალეს და რინგზე წინ დამიდგება. მე ამ ბრძოლისთვის სათანადოდ მოვემზადები. დევიდი ჩემი 50-ე ნოკაუტი გახდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში 49 მებრძოლი დავაწვინე რინგზე და ჰეი მათ არანაირ პატივს არ სცემს. არა უშავს, მე მას ვასწავლი კარგ მანერებს. დავუმტკიცებ, რომ ერთ-ერთი იმ ორმოცდაცხრათაგანია. 2 ივლისს ნოკაუტში გავუშვებ მას".

ამასობაში, უკრაინელი მოკრივის მენეჯერმა ისევ განაცხადა, რომ კლიჩკომ ბრძოლისგან მეტი ჰონორარი უნდა მიიღოს. ბრენდ ბენტემ ეს მოსაზრება ვლადიმერის ტიტულებით გაამართლა, რომელიც უმცროს კლიჩკოს უფრო მეტი აქვს: "ვლადიმერი 2006 წლიდან არის სუპერმძიმე წონის ჩემპიონი. საუკეთესოა ჟურნალ "რინგის" ვერსიით, ამიტომაც შემოსავალიც მეტი უნდა მიიღოს. ამასთან, ვლადიმერს ოთხი საჩემპიონო ქამარი აქვს, ჰეის კი მხოლოდ ერთი".

შეგახსენებთ, რომ ბრძოლას "ჰამბურგის" საფეხბურთო კლუბის სტადიონი - "იმტეხ-არენა" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული