უორდი დაუმარცხებელია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე პროფესიული კრივის სამყაროში ერთი გამორჩეული ბრძოლა გაიმართა. ამერიკელმა ანდრე უორდმა კალიფორნიაში უმასპინძლა სომხური წარმოშობის გერმანელ არტურ აბრაჰამს. აქ სასწორზე იდო მეორე საშუალო წონაში WBA-ის ტიტული, რომლის მფლობელი უორდი იყო. გარდა ამისა, ეს გახლდათ საშუალოწონოსანთა ტურნირის - Super Six-ის ნახევარფინალი.

ბრძოლა სანახაობრივი თვალსაზრისით საინტერესო არ გამოვიდა. რინგზე უორდის საგრძნობი უპირატესობა შეიმჩნეოდა და მისი ქულებით გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო ამერიკელის 24-ე მოგება პროფესიულ რინგზე. ამასთან, პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს კარიერაში ერთი წაგებაც არ აქვს.

შეხვედრის წინ მეტოქეებმა რეპლიკები გაცვალეს. უორდმა
განაცხადა, რომ აბრაჰამი სულაც არ ფლობს მომაკვდინებელ დარტყმას - "უფრო მეტიც, მე უფრო ძლიერად ვურტყამ. დიახ, ჩემი მეტოქე ამტანია, კარგად არის მომზადებული ფიზიკურად, მაგრამ მე მის სისწრაფეში დაჯაბნას ვაპირებ".

თავის მხრივ, სომეხმა გერმანელმა აღნიშნა, რომ არათუ გაიმარჯვებს, არამედ "გაანადგურებს" უორდს. აბრაჰამმა კრივის ისტორიის კარგი ცოდნა გამოამჟღავნა. მან აღნიშნა, რომ 1936 წლის შემდეგ პირველი გერმანელი გახდება, ვინც ამერიკაში ტიტულს მოიპოვებს. ბოლოს ეს მაქს შმელინგმა გააკეთა, როცა ნოკაუტში გაუშვა ლეგენდარული ჯო ლუისი. "მაგრამ მე პატივს ვცემ უორდს და ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლა რთული და აგრესიული გამოვა", - თქვა არტურმა.

პირველი სამი რაუნდი ინიციატივას აბრაჰამი ფლობდა, რომელიც მეტოქეზე აგრესიულად მოქმედებდა, ამერიკელი კი ოდნავ შებოჭილი ჩანდა. მაგრამ მასპინძელი დროულად მოეგო გონს და გერმანელს თავდაცვაზე გადასვლა მოუწია, თანაც ბრძოლის დასაწყისში ბევრი ენერგია დახარჯა და მეხუთე-მეექვსე რაუნდი ფიზიკურად დათმო.

აბრაჰამი კარგად აცნობიერებდა, რომ მსაჯები ქულებით გამარჯვებას უორდს მისცემდნენ, ამიტომაც მერვე რაუნდში შეუტია, თუმცა მოძრაობასა და დარტყმებში სიმსუბუქე აკლდა. ამ ყველაფერს უორდი თავის სასარგებლოდ იყენებდა. შესაბამისად, ბრძოლის შედეგი ლოგიკური აღმოჩნდა - 120:108, 118:110, 118:111. უორდი კლავაც დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე.

Super Six-ის ფინალში ამერიკელის მეტოქე კარლ ფროჩისა და გლენ ჯონსონის შეხვედრაში გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული