ისევ მოკვეთილი თავის შესახებ

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონები - უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და ბრიტანელი დევიდ ჰეი 2 ივლისისთვის დანიშნული ბრძოლისთვის ემზადებიან. WBO-სა და IBF-ის ჩემპიონი კლიჩკო კვლავინდებურად ავსტრიაშია და იქ 12 მოკრივესთან მართავს სპარინგებს. WBA-ის ჩემპიონი ჰეი კი თავისი არც ისე მრავალრიცხოვანი სპარინგ-პარტნიორების წყრობიდან გამოყვანით არის დაკავებული. მაგალითად, შეკრების გაგრძელება ვერ შეძლო რობერტ ჰელენიუსმა, რომელმაც ბოლო ვარჯიშისას ხელი დაიზიანა. ასე რომ, ჰეის განკარგულებაში დარჩა ოლიმპიადის ბრიანჯაოს პრიზიორი დევიდ პრაისი და კიდევ ორი სპარინგ-პარტნიორი.

ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს დევიდი აგრძელებს ვლადიმერის ნერვებზე თამაშს - ამჯერად ბრიტანელი
რეკლამას უკეთებს მობილური ტელეფონებისთვის შექმნილ თამაშს.

თამაშის არსი საკმაოდ მარტივია - ჰეი ხელის ერთი მოქნევით აცლის თავს უკრაინელ მოკრივეს. როგორც ბრიტანელი ამბობს, ეს გასართობი უკვე მოხვდა 30 ყველაზე პოპულარულ თამაშს შორის.

ჰეის თქმით, რეალურ ცხოვრებაში იგივეს გასაკეთებლად 20 წამი ეყოფა, თუმცა მომავალ ბრძოლაში მეხუთე ან მეექვსე რაუნდში აქვს დაგეგმილი ვლადიმერის ნოკაუტში გაგზავნა.

"ვლადიმერი სათანადოდ ვერ აფასებს ჩემს შესაძლებლობებს. როცა რინგზე გავალ, ის მიხვდება რეალურად ვისთან აქვს საქმე. დღეს არნახულად სწრაფი და ძლიერი ვარ", - ამბობს WBA-ის ჩემპიონი.

ჰეიმ კარგად იცის, რომ მომავალი ბრძოლისას ასი პროცენტით უნდა იყოს კონცენტრირებული: "თუ დავუშვი, რომ მან საკუთარი რითმი დაიჭირა რინგზე, ეს ჩემთვის, შესაძლოა, კატასტროფით დასრულდეს. რეალისტი ვარ და მესმის, რომ დაცვაში მცირეოდენი ხარვეზის შემთხვევაში ბრძოლა მცირე დროში მის სასარგებლოდ დასრულდება. მაგრამ საქმე აქამდე არ მივა - მზად ვარ მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის. მას არ უყვარს ძლიერი დარტყმები და ყოველთვის უხერხულად გრძნობს თავს მეტოქის მუდმივი შეტევების დროს. ჩემი წარმატების საწინდარი გახდება მის ყბაში მოხვედრილი მრავალრიცხოვანი "ჰეიმეიკერები". სწორედ ასეთ ჯოჯოხეთს მოვუწყობ კლიჩკოს".

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ბრიტანელმა მოკრივემ სპეციალური მაისურა გამოუშვა, რომელზეც თავად იყო გამოსახული, ცალ ხელში ვიტალი კლიჩკოს მოკვეთილი თავი ეჭირა, მეორეში - ვლადიმერის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული