- ისე ვარ აღელვებული, სიხარულის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის - ევროპის ჩემპიონატებზე ქართულ კრივს ამგვარი წარმატება კარგა ხანია, არ ჰქონია, - გვითხრა კონტინენტის პირველობაზე ტექნიკური დელეგატის მოადგილედ მიწვეულმა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქში შევეხმიანეთ, - ჩვენებურებმა შესანიშნავად იასპარეზეს
ანკარის რინგზე 69 კილოში ზაალ კვაჭატაძემ იყოჩაღა - ირლანდიელ უილიამ მაკლოჰინს შვიდქულიანი უპირატესობით (28:21) აჯობა. კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ მიმავალ გზაზე მას უელსელი ფრედ ევანსის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის ბრიტანელებს კადეტებში 2007 წლის ევროპის ჩემპიონის დიდად ეიმედებათ, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ანკარაში ზაალი დაასწრებს ფრედის!
75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა ხოსიტაშვილმა, რომელსაც მერვედფინალში უნგრელი ზოლტან ჰარსკა არ გამოუცხადდა, გუშინ სომეხი არტურ ხაჩატურიანი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. აქ მეტოქედ ეყოლება მასპინძელთა იმედი, 2004 წლის საუნივერსიტეტო მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, ჩიკაგოში 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 2009 წელს პესკარაში (იტალია) ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონატის ფინალისტი ადემ ქილიჩი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ რაჰიბ ბაილაროვს სძლია.
მძიმე წონაში მიხეილ ბახტიძემ გვასახელა. ქართველმა მოკრივემ ჯერ პოლონელი მარჩინ რეკოვსკი დაჯაბნა (29:15), გუშინ კი სლოვენიელ როკ ურბანცის მოუგო. ნახევარფინალში სერბი მილიუტინ სტანკოვიჩის მძლეველ მაგომედ ომაროვს (რუსეთი) დაუპირისპირდება. მართალია, ამ 21 წლის დაღესტნელ მოკრივეს საერთაშორისო სარბიელზე ჯერ თავი დიდად არ გამოუჩენია, მაგრამ შარშან და შარშანწინ რუსეთის ჩემპიონატებში ზედიზედ ორჯერ ბრინჯაოს მედლის მოპოვება უკვე საგულისხმო ფაქტია.
შეჯიბრების მონაწილენი დღეს, 22 ივნისს დაისვენებენ, ხვალ კი ნახევარფინალური ორთაბრძოლები გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"