აბსოლუტურ ჩემპიონს ვერ ვნახავთ

AutoSharing Option
ამერიკაში მყოფ ძმებ კლიჩკოებს ხშირად აქვთ ჟურნალისტებთან შეხვედრა და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მათ ისევ მოუწიათ კომენტარის გაკეთება ერთმანეთის წინააღმდეგ სავარაუდო ბრძოლის შემდეგ.

როგორც იცით, ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ყველა ძირითადი ვერსიით ფლობენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, მაგრამ ჟურნალისტები ხშირად ახსენებენ უკრაინელებს, რომ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს აბსოლუტური ჩემპიონი.

მაგრამ ძმები ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავაც კატეგორიულები არიან:

"პრომოუტერმა დონ კინგმა ერთმანეთის წინააღმდეგ რინგზე გასვლისთვის 100 მილიონი დოლარი შემოგვთავაზა. ჩემი რეაქცია? მე მას ვკითხე, რა ღირს დედამისი?" - ამბობს
ვლადიმერი.

"ბოლოს ერთმანეთის წინააღმდეგ სპარინგი დიდი ხნის წინ გავმართეთ. მაშინ ფეხი მოვიტეხე და მას შემდეგ ვთქვით, რომ ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება", - განაცხადა უმცროსმა კლიჩკომ.

* * *
კლიჩკოები დიდი ხანია დომინირებენ სუპერმძიმე წონით კატეგორიაში და მათთვის ღირსეული მოწინააღმდეგის მონახვა სულ უფრო რთული ხდება. ერთ-ერთი პოტენციური მეტოქე გასულ უქმეებზე გამოჩნდა, როცა ბრიტანულ დაპირისპირებაში 23 წლის ტაისონ ფიურიმ დერეკ ჩისორა დაამარცხა და ბრიტანეთის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ვლადიმერ კლიჩკოსთან შეხვედრის უფლებაც მიიღო. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ახალგაზრდა მძიმეწონოსანი არ ჩქარობს IBF-ის, WBA-სა და WBO-ის ტიტულებზე პრეტენზიის გამოცხადებას, არადა, ვლადიმერს დიდი სურვილი ჰქონდა ამ ბრძოლაში გამარჯვებულს შეხვედროდა.

ფიურის სხვა გეგმები აქვს. ის ირლანდიის ჩემპიონის ვაკანტურ ტიტულს უმიზნებს და ამისთვის მარტინ როგანთან შეხვედრას აპირებს. შემდეგ მას სურს სუპერმძიმე წონაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვას ალექსანდრ დმიტრენკოს.

"მინდა ჩემი კარიერა მშვიდად განვითარდეს, - ამბობს ფიური BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. - ჩავატარებ ბრძოლას ირლანდიის ჩემპიონის ტიტულისთვის, შემდეგ ბრიტანულ ქამრებს დავიცავ და მოგვიანებით შევეცდები მოველაპარაკო ალექსანდრ დმიტრენკოს, რომელიც ევროპულ ტიტულს ფლობს. მე მხოლოდ ახლა ვიწყებ მწვერვალისკენ გზას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული