დევიდ ჰეიმ კლიჩკოები გააკრიტიკა

AutoSharing Option
ზემძიმე წონაში ერთ-ერთი ძირითადი პროფესიული საკრივო ასოციაციის, WBA-ს ვერსიით მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ ძმები კლიჩკოების ბიზნეს-მეთოდებზე თავისი არცთუ დადებითი აზრი საჯაროდ დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, უკრაინელი ძმებიდან უფროსი, ვიტალი კლიჩკო მსოფლიოს ჩემპიონი WBC-ს ვერსიითაა, ხოლო ორი დანარჩენი ძირითადი ასოციაციის – IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონი ვლადიმირია.

ჰეის აზრით, კლიჩკოებთან ბრძოლის შესახებ შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და მათი ასეთი მიდგომა პროფესიული კრივის ზემძიმე დივიზიონს დიდ ზიანს აყენებს.

"ჩემი აზრით, მათი მეთოდები ჩვენს წონით კატეგორიას აზარალებენ. კლიჩკოების გამო სხვა მოკრივეებიც იჩაგრებიან და მთლიანად
პროფესიული კრივიც. ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინელები თავის სავარაუდო მეტოქეებს სთავაზობენ აბსოლუტურად მიუღებელ კონტრაქტებს, რომლებშიც მხოლოდ მათი პირადი ინტერესებია დაცული. თანაც, კლიჩკოები მასმედიითაც კარგად მანიპულირებენ – პრესა მათ გმირებად აცხადებს და ნებისმიერ სადავო სიტუაციაში მათ მხარესაა.

ძმებს, როგორც სპორტსმენებს პატივს ვცემ, მაგრამ მათი ბიზნესმენობა ასეთივე პატივისცემას როდი იმსახურებს. გავა დრო, ხალხი კლიჩკოების ბიზნეს-მეთოდებზე მეტს შეიტყობს და ძმების ავტორიტეტიც საგრძნობლად დაეცემა" – აცხადებს ჰეი.

ვიტალი კლიჩკოს მართლაც გაუჭირდა მომავალი ბრძოლისთვის მეტოქის მოძიება. უკრაინელის თქმით, მასთან შერკინებაზე პოლონელმა ტომაშ ადამეკმა უარი განაცხადა, ხოლო ბრიტანელმა ჰეიმ საერთოდ არაფერი მიპასუხაო.

"დიდი სურვილი კი მქონდა, დევიდ ჰეისთან მეჩხუბა, მაგრამ ბრიტანელმა პასუხი არა და არ მაღირსა. მას ეშინია, იმიტომ რომ იცის – კლიჩკოს დამარცხების მინიმალური შანსი აქვს. ტომაშ ადამეკს ანალოგიური წინადადებით მივმართეთ, მაგრამ პოლონელმა ჩემთან შეხვედრა არ ისურვა. შესაძლოა, შენონ ბრიგსს შევერკინები. მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია", - აღნიშნა ჩემპიონ ძმათაგან უფროსმა, ვიტალი კლიჩკომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული