გუშინ, ბრძოლისწინა ბოლო პრესკონფერენცია გაიმართა და მოკრივეებმა მომავალ ჩხუბთან დაკავშირებით პუბლიკას საკუთარი აზრები და პროგნოზები გაუმხილეს.
24 წლის ორტისი დარწმუნებულია იმაში, რომ მეივეზერის დრო გავიდა და ის ამას შაბათს რინგზე დაამტკიცებს. "გასწავლი რას ნიშნავს კარიერაში პირველი დამარცხება! - განუცხადა ორტისმა მეტოქეს. - მე ორი წაგება მაქვს. ის 41 მოკრივე, რომელიც აქამდე დაამარცხე, მე არ
თუმცა 34 წლის მეივეზერი, როგორც ყოველთვის, თავის თავში დარწმუნებულია. "თქვენ კარგად იცით ჩემი გამარჯვებების ჩამონათვალი, - განაცხადა მეივეზერმა. - ჩემს შესახებაც ყველაფერი იცით. იცნობთ ყველას, ვისთანაც მე მიჩხუბია. ასე რომ, ტრაბახი არ მჭირდება. ვაპირებ რინგზე წინასწარ შემუშავებული გეგმით ვიმოქმედო. ყველა რაუნდის ჩატარება საჭირო არ გახდება".
"შაბათს რინგზე ძველ მეივეზერს იხილავთ და ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში, ორტისიც არ იქნება განსხვავებული, - აგრძელებს ფლოიდი. - მაგრამ ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე შემიძლია ტაქტიკის გადაწყობა და დროულად ადაპტირება. თუ არავის სჯერა ჩემი, სამაგიეროდ, მე მჯერა მეივეზერის. ორტისის მწვრთნელმა თქვა, რომ მე "ბინძური მოკრივე" ვარ. მინდა ვკითხო მას, საიდან მოიტანა, რომ კრივი სუფთა სპორტია. კრივი - ბინძური სპორტია. ასეთია მისი არსი".
ჰეის ისევ გრძელი ენა აქვს
ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ გადაიფიქრა ოქტომბერში კარიერის დასრულება და ძმები კლიჩკოებისგან უფროსის - ვიტალის ბრძოლაში გამოწვევისთვის ნაცად ხერხს მიმართა: WBA-ის ყოფილი ჩემპიონი კვლავ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისვრის უკრაინელი მოკრივის მისამართით.
შეგახსენებთ, რომ დევიდმა WBA-ის ტიტული ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლაში დაკარგა, რის შემდეგაც რევანში ან ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრა მოითხოვა. თავად WBC-ის ჩემპიონი უკრაინელი ჰეიმეიკერს მისი გრძელი ენისთვის შურისძიებას ჰპირდება, მაგრამ ბრიტანელი მაინც არ ცხრება.
"უფროს კლიჩკოს ნოკაუტში ჩავაგდებ, მე მას ყბას "ჩამოვუღებ". ვიტალი, შენთან ჩხუბი მინდა და თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, უნდა დათანხმდე ამ გამოწვევას. ჩემთვის სულერთია ეს სად მოხდება, თუნდაც მთვარეზე შევხვდები მას.
ვიტალისა და ტომაშ ადამეკის ბრძოლის დროს კინაღამ ჩამეძინა, რადგან ეს ძალიან მოსაწყენი სანახაობა იყო. ერთადერთი ამაღელვებელი მომენტი გახლდათ მერვე რაუნდში კლიჩკოს რინგზე დაცემა.
ვლადიმერი ჩემთან ბრძოლის დროს გამირბოდა. რა თქმა უნდა, ვიტალის მეტი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ის უბრალოდ შეშინებული კურდღელია.
მესმის, რომ მას გაბარიტებით ჩამოვრჩები, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, დარტყმა შემიძლია. ორივე ძმაზე ერთად აღებული ძლიერი დარტყმა მაქვს. თანაც უფრო სწრაფი და მოქნილი ვარ.
თუ ვიტალი ბრძოლას მოინდომებს, მაშინ უნდა დაუკავშირდეს ჩემს მენეჯერებს და მიიღოს კონტრაქტი. მე დაველოდები. ჰეისა და ბებერი კლიჩკოს ბრძოლა უდიდეს აჟიოტაჟს გამოიწვევს", - თავის სტილში მონოლოგი შემოგვთავაზა ბრიტანელმა მოკრივემ.
* * *
ამასობაში, თითქმის გარკვეულია ვლადიმერ კლიჩკოს მორიგი მეტოქე. როგორც უკვე ვწერდით, უკრაინელი აპირებდა ფრანგ ჟან-მარკ მორმეკთან კონტრაქტის გაფორმებას და როგორც ჩანს, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. გამოცხადდა, რომ უკრაინელი და ფრანგი 10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში შეხვდებიან ერთმანეთს.
39 წლის მორმეკი რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობდა ტიტულს პირველ მძიმე წონაში, 2009 წელს კი სუპერმძიმე წონაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება - ამ მომენტისთვის ახალ კატეგორიაში ფრანგს სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"