საჩემპიონო კრივი გორში

AutoSharing Option
სასიამოვნო საღამო აჩუქა გორელებს საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციამ. ათასობით მაყურებელი დაესწრო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ გამართულ ბრძოლას, რომელსაც მსოფლიოს კრივის ორგანიზაციის UBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა უნდა გაერკვია 72 კგ-ში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის.

ტიტულის მოსაპოვებლად გორელი ბორის მდინარიძე ტანზანიელ სელემან საიდს ხვდებოდა. მთავარ ორთაბრძოლამდე კრივის მოყვარულებმა ოთხი სარეიტინგო დაპირისპირება იხილეს ქართველ და უცხოელ წყვილებს შორის.

პირველ შეხვედრაში (63 კგ) თბილისელმა ბესიკ საჯაიამ აზერბაიჯანელი ალი ისმაილოვი დაამარცხა მინიმალური სხვაობით. უფრო შთამბეჭდავი იყო ამბროსი სუთიძის (69) გამარჯვება რუს ტახირ
რზაევთან ბრძოლაში.

მომდევნო დაპირისპირება (ისევ 69) უკვე სტუმარი მოკრივის, კერძოდ ლიტველი სერგეი მალცევსის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მისმა ქართველმა მეტოქემ გურჯაანელმა რობიზონ ომსარაშვილმა შეხვედრის მიწურულს შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და მსაჯებმა საბოლოოდ ფრე დააფიქრსირეს.

სატიტულო ბრძოლამდე ყველაზე საინტერესო კი უდაოდ გორელ გიორგი თევდორაშვილსა და ვასილ ანდრიანოვს შორის (81 კგ) გამოდგა.

გასაგები მიზეზების გამო პუბლიკა სწორედ ამ შეხვედრის დროს რეაგირებდა ქართველი მოკრივის მიერ რუსეთელისთვის მიყენებულ ნებისმიერ დარტყმაზე. საბოლოოდ თევდორაშვილმა, მართალია, ქულებით, მაგრამ მაინც გამარჯვებას მიღწია, რადგან ორჯერ ნოკდაუნშიც გაგზავნა მეტოქე.

ოთხივე საერეიტინგო დაპირისპირებში სტანდარტული 6 რაუნდი დაჭირდა გამარჯვებულის გამოვლენას. ტიტულის მოსაპოვებლად კი მდინარიძეს და საიდს 10 რაუნდი ჰქონდათ, თუმცა ქართველმა მოკრივემ უკვე მესამეში მოათავა საქმე - ერთი ეფექტური შეტევა, ზედიზედ რამდენიმე უძლიერესი დარტყმით და ნოკდაუნით დაასრულა. მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი, მის ახალ მფლობელს ბორის მდინარიძეს საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა და UBO-ს პრეზიდენტმა გადასცეს. რეგიონის ხელისუფლება კი გამარჯვებულს ფეიერვერკით მიესალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული