მის მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით საყურადღებოა "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა", რომელიც მან 1926-1927 წლებში შექმნა და ცოცხლად შემოგვინახა ჩვენი დედაქალაქის წარსულის ყოფა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ნაშრომიდან, რომელიც თბილისში კრივის, როგორც საჯარო გასართობი სანახაობისა და ფიზიკური ვარჯიშობის თვითმყობად ფენომენს ეხება.
"მეორე საჯარო გასართობი იყო კრივი. ყეენობა თუ ისტორიის მოგონებაა, კრივი ფიზიკური ვარჯიშობაა; კრივი ჩვენებური, ტფილისური ჩვეულებაა. საგულისხმოა, რომ სხვა ერს (ინგლისური ბოქსის გამოკლებით) მუშტი არ უყვარს. მაგ., რუსს სილა უფრო
ყარაჩოღელსაც უყვარს სილა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგ., ამქრის დღესასწაულზე. ისე კი ყარაჩოღელი ჭკუის სასწავლებლად მხოლოდ "ბრმა სილას" ხმარობს (სილა - ხელის ზურგის გარტყმით). კრივის დროს კი დოგადოგა მიდიოდნენ ერთმანეთზე. ჯერ ერთი მოკრივე შემოჰკრავდა ერთი ხელით მუშტს, ხოლო თუ მოპირდაპირე ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, რომ ამ ერთი მოქნეული მუშტით წაბარბაცდებოდა, მაშინ მეორე მხრიდან მეორე მუშტსაც მიარტყამდა მისაშველებლად, რომ ზეზე დამდგარიყო, სწორად; მერე დაიჭერდა ორივე ხელით, შეაჯანჭყარებდა, შეასწორებდა და კვლავ იწყებოდა ახალი გამოცდა ბრძოლისა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის ხოშის მოსაკლავად ყოჩების, მამლების და აქლემთა ჭიდაობას ეტანებოდნენ (ძველად, როცა ბაქოდან ნავთი აქლემებით მოჰქონდათ, ტფილისის მეთავლეები ჰმართავდნენ ნარ-აქლემთა ჭიდაობას, - აქლემები ჭიდაობდნენ კისრებით). მაგრამ ყველაზე ძლიერ გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა.
ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებულ მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზედ ფერად მძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკანგადატანილ რქის წვერებს კოპწიად გადუხერხავდნენ. მამლების ძიძგილაობა უფრო დუქნების წინ იმართებოდა, ყოჩების ჭიდაობა კი - გაშლილ ასპარეზზე.
ჭიდაობის ადგილას პატრონებს ყოჩები "დროშკებით" მიჰყავდათ, თან აუარებელი ცნობისმოყვარე ხალხი მისდევდა. ჯერ ითათბირებდნენ, მერე აჭიდავებდნენ; დამარცხებული ყოჩის პატრონი გაჯავრებული ქეიფობდა. თუ ჭიდაობა მხარეთა შორის დამარცხების შედეგებს არ იძლეოდა, მაშინ ყოჩაობა შემდეგი კვირისათვის გადაიდებოდა ხოლმე.
ჭიდაობას ჰხელმძღვანელობდნენ ყოჩების პატრონები. ხშირად ყოჩთა ჭიდაობა ძალიან მწვავდებოდა. უკანონობაც ხდებოდა (მაგ., როცა პატრონი თავის ყოჩს ჯაჭვს შეხსნიდა, ამ ჯაჭვს შეუმჩნევლად მოპირდაპირე ყოჩს სახეში მიარტყამდა, - ამას ეძახდნენ "ყოჩის გაფუჭებას"). ამ ნიადაგზე ბებუთებიც დატრიალებულა. ბოლო მაინც ერთი იყო: ჭიდაობის გათავების შემდეგ ყველანი "ჩასხდებოდნენ" მტკვრის პირას ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი.მაგრამ უფრო გულხმიერი და ეპოქალურია ნამდვილი მუშტი-კრივი.
ძველად სიონის ტაძარი ქალაქის ორი მოკრივე ნაწილის საზღვრად ითვლებოდა - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა აგრეთვე შუაბაზარი ქურქჩების სახელოსნოებამდე. იყო შემთხვევა, როცა მოკრივეთა "თაბუნს" მტკვარი ჰყოფდა.
კრივი იმართებოდა სხვა-და-სხვა ადგილას: ზარაფხანის ახლოს, საცა ეხლა ბაყალხანაა (მეტეხის ციხის ქვემო ნაწილი); არსენალთან, ეგრედწოდებულ "ჭირიანთ ხევში", "ბოსტნის ურმებზე" (ძველი დამოჟნის უბანი), ავლაბრის იქით "ნახირის უბანში", სადაც ეხლა ყაზარმებია; უფრო ხშირად კი სიონის ქუჩაზე; აბას-აბადის და კოლორთაღის მოედნებზე, აგრეთვე მოღნინის ეკლესიის ახლობელ ქუჩაზე; ბოტანიკურ ბაღის ზემოდ, ჩანჩქერის თავზე და მამადავითის ყელთან, სადაც წინად დაცემული ადგილი ყოფილა. კრივისთვის არც განცხადება იყო საჭირო და არც შათირების დაგზავნა.
კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე ნათლიღების მეორე დღეს, რადგან მიცვალებულთა სულის მოხსენების გამო ამ დროს ყველა დუქნები დაკეტილი იყო. ყველაზე დიდი კრივი - ეგრედწოდებული "ავლაბრის კრივი" - იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ სახელწოდების ეკლესიის მახლობლად.
კრივი პატარა ბიჭების შეჯიბრებით იწყებოდა; შემდეგ 18-20 წლის ჭაბუკები შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს; ჭაბუკებს 25-30 წლის ვაჟკაცები მოსდევდნენ; ხოლო, როცა ბრძოლა გამწვავდებოდა, ორივე ბანაკიდან გაისმოდა ძახილი: "ქომაგი!" "ქომაგი!" - და ეშხში შესული დარბაისელი და გამოცდილი ფალავნები უკვე ნამდვილ კრივს იწყებდნენ.
ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ მოკრივეთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ნაცემი და დაბეგვილი მოკრივენი სტოვებდნენ ასპარეზს და ნელინელ უკან იხევდნენ (ეგრედწოდებული "დამდგარი კრივი" კი ხშირად ორ-სამ საათს გრძელდებოდა). მაგრამ ბრძოლა ამით არ თავდებოდა: "დამარცხებულნი იშველიებდნენ ქვებს, აგურებს, ხის ნაჭრებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. ამის გამო ხშირად იმსხვრეოდა მეზობელ სახლების კარფანჯრები, აივნები, შუშაბანდები და სხვ.; ბევრი მოკრივე ბრძოლიდან დაჭრილი გამოჰყავდათ; ხშირად მოჰხვედრია დამსწრეებსაც, რომელთა შორის მაღალი თანამდებობის პირნიც იყვნენ" (С.Кишмишев Тифлис 40-х годов, 1894 წ., # 60; ამავე ავტორის ცნობით, მეტად დამახასიათებლად აქვს აღწერილი კრივი ალექსანდრე დიუმას თავის წიგნში "დე პარის ა აცტორგან". ამ კრივში დაშავებულთა შორის ალექსანდრე დიუმაც ყოფილა).
ერთი ასეთი კრივი მოხდა 1851 წელს, 4 თებერვალს; ხმა დაირხა, რომ ამ კრივში 300 კაცი დაიჭრა და ხუთი მოკვდაო. ამის გამო მთელი ოფიციალური მიწერ-მოწერაც კი გაიმართა (Акты. т. X) და ამიერ-კავკასიის უმაღლესი ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ცენტრალური ხელისუფლებისათვის ახსნა-განმარტება წარედგინა. მეფის მოადგილის ვორონცოვის განმარტების შემდეგ ნიკოლოზ პირველმა ასეთი ბრძანება გამოსცა: "კრივის ნება მიეცეს ქალაქს გარეთ, მაგრამ ისე კი, რომ მუშტების გარდა სხვა რამ იარაღი არავინ იხმაროს. კრივს თვალყური უნდა ადევნოს პოლიციამ, რომელსაც ნება ეძლევა შეაჩეროს კრივი იმ დროს, როდესაც მოპირდაპირენი გახურდებიან" (იბიდ).
კრივში მონაწილეობდნენ უმთავრესად ხელოსანთა წრიდან გამოსული ფალავნები; ზოგჯერ მათ ვაჭრებიც უერთდებოდნენ.
კრივი იწყებოდა მრავალრიცხოვან დამსწრეთა შეძახილით და ყიჟინით. ხშირად მუშტის გარტყმა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ არემარე ბანს აძლევდა.
მოკრივენი უქუდოდ, მკერდ-გაღეღილნი, ჩოხის კალთებ-აკეცილნი და ხშირად ფეხ-შიშველნიც იბრძოდნენ. მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო.
კრივს ჩვეულებრივად ეგრედწოდებული წარჩინებული პირები მფარველობდნენ. ქომაგები ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და თავიანთი რაზმის ფალავნებს აქეზებდნენ. ზოგჯერ "კარგად დამრტყმელ" მოკრივეებს ფულითაც ასაჩუქრებდნენ.
არის თქმულება, რომ კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. "კრივი იყო ზნეობითი სწავლა ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა" ("ცისკარი", 1869 წ., #3).
გრიგოლ ორბელიანის თქმისა არ იყოს:
"აბა ერთი კ რ ი ვ შ ი მნახე, ვინა ვარ!"
რუსეთის დამყარების პირველ დღიდანვე, სხვა ადათებთა შორის, კრივიც აკრძალეს, როგორც "საშიში თამაში"; მაგრამ მთავარმართებელ ციციანოვის დროს, ხალხის თხოვნით, კრივი კვლავ განახლებულ იქმნა. "არა იმიტომ, რომ ციციანოვის ძარღვებში ქართული სისხლი სჩქეფდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს თავისებურება არ დაჰკარგოდა და სამხედრო მოქმედებაში გაწვრთნილიყო" (Аკიძ, ი. X).
კრივი ბევრნაირი იყო:
მ უ შ ტ ი ს კ რ ი ვ ი,
ხ რ ი დ ო ლ ი (კრივი ცალი ხელით),
ს ა ლ დ ა ს ტ ი (ქვის კრივი).
ყველაზე გავრცელებული იყო მუშტის კრივი და სალდასტის კრივი. "მუშტის კრივს მართავდნენ ზაფხულში, ქალაქის ქუჩებში, და სალდასტის კრივს - ზამთარში, ქალაქ გარედ. განსაკუთრებით საყურადღებო ყოფილა სალდასტის კრივი. კრივს ჰქონდა თავისი წესები, ხალხის ჩვეულებაზე დამყარებული.
კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი თუ ნაბადი ითვლებოდა კანონიერ ნადავლად ანუ ალაფად. როცა ქალაქში კრივი გაიმართებოდა, მაყურებლები სახლის სახურავებზე ადიოდნენ, ავსებდნენ ბანებს და იქიდან შესცქეროდნენ ომს და ამხნევებდნენ გამბედავ მებრძოლთ თანაგრძნობის აღმოჩენით. როცა ქალაქ გარედ იბრძოდნენ შურდულებით და ხის ხმლებით, მაყურებლებს წინდაწინვე ჰქონდათ დაკავებული გორები და მაღლობი ადგილები. კრივს განსაკუთრებით ახალგაზრდობა მისდევდა. ეს საკვირველიც არ არის.
ქართველ ქალს ერთი ათად უფრო ტურფად ეჩვენებოდა ის ვაჟი, რომელიც კრივში გაიმარჯვებდა და სახელს გაითქვამდა. მოკრივენიც, რასაკვირველია, რამოდენადაც სახელის შოვნას სცდილობდნენ, იმდენადვე სწადდათ და სცდილობდნენ თავის გამოჩენას თავიანთი "ორთავ თვალის სინათლის" სასიამოვნოდ და სასიქადულოთ.
ავტორის შენიშვნები
1. ზოგი ერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ ზედმეტ სახელს ატარებდა. მაგ., "ქარაფქა დოღა" - კლდის დამქცევი; ამბობენ, ამ მოკრივეს კლდისთვის რომ მუშტი შემოერტყა, ბელტს ჩამოაგდებინებდაო; მეორე მოკრივე - დნგრ სოლომონა - ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ, როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაჰღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა; ხოლო მესამე მოკრივეზე, "ქაჩალ სტეფანეზე", ასეთი ლეგენდაა: ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბანიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავზე, აგური ოთხად გადატყდა, ხოლო სტეფანემ აინუნშიაც არ ჩააგდო, მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოსთქვა: "ვინ ოხერია, რომ მეკენჭავებაო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"