კლიჩკო-ვალუევი რეალურია

AutoSharing Option
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ 2012 წელს, შესაძლოა, რუს ნიკოლაი ვალუევთან ბრძოლა გამართოს.

როგორც ვარაუდობენ, შეხვედრას კიევის "ოლიმპიისკი" უმასპინძლებს. ორივე მოკრივე ინტერვიუებში დაინტერესებას გამოთქვამს მომავალი ბრძოლის მიმართ.

"საინტერესო იქნებოდა უკრაინელ მოკრივესთან შეხვედრა. გიგანტი უჩვეულო ანტროპომეტრიული მონაცემებით. ის გინესის რეკორდების წიგნშია შესული, თან არასოდეს ყოფილა ნოკდაუნში. მართლაც საინტერესო იქნება მასთან კრივი. თუმცა მისი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ვიტალი კლიჩკომ.

თავად ვალუევმაც უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში რომელიმე კლიჩკოსთან შეხვედრით დაინტერესება გამოხატა: "სუფთა ემოციურად მე ჯერ კიდევ
მიზიდავს რინგი. მიყვარს მუშტებით ჩხუბი, მამაკაცებს შორის დუელი. უკვე 20 წელია რინგზე ვარ. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო კლიჩკოსთან ჩხუბი იქნებოდა. მაგრამ ამ თემაზე უკვე ისედაც ბევრი ვილაპარაკე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

რუსმა მოკრივემ ბოლო ბრძოლა 2009 წლის ნოემბერში ჩაატარა. მაშინ ვალუევმა WBA-ის ტიტული დაკარგა ბრიტანელ დევიდ ჰეისთან ჩხუბში.

ამის შემდეგ, ვალუევი და ვიტალი კლიჩკო ერთი წელი ცდილობდნენ მოლაპარაკებას. მაგრამ ფინანსური უთანხმოების გამო მათი ბრძოლა მაინც არ ჩატარდა. 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში რუსმა გიგანტმა სამი ოპერაცია გადაიტანა და მისი მომავალი კარიერა ეჭვქვეშ დადგა. მაგრამ თავად მოკრივე ირწმუნება, რომ ჯერ არ ჩქარობს რინგიდან წასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული