მისი მოწინააღმდეგეა 27 წლის ამერიკელი ლემონტ პიტერსონი. მეტიც, პიტერსონი მხოლოდ ამერიკელი კი არა, ვაშინგტონელია, თუმცა ამირ ხანის ისედაც დიდი პოპულარობა და რეპუტაცია ამ ბოლო დროს სულ უფრო იზრდება და იზრდება.
როგორ მოქმედებს ხანზე "მეტოქის მოედანზე" ჩხუბი? ამის გამოცდილება მან შარშან შეიძინა - "მედისონ სკვეარ გარდენში" ადგილობრივ პოლ მალინიაჯის 11 რაუნდში აჯობა. ბოლტონელს არც წლეულს დაუხევია უკან.
"სულაც არ მაშინებს ბრძოლა მის უკანა ეზოში
თუმცა, როდესაც დარბაზში ხალხი გამხნევებს, რასაკვირველია, ძალები გემატება და უფრო მეტხანს ძლებ. ალბათ, ლემონტ პიტერსონიც ასე იქნება, თუმცა დარბაზის ხმაური ვის სასარგებლოდ იმოქმედებს, კიდევ კაცმა არ იცის. იქნებ ამითი პირიქით, მე ვისარგებლო.
ვფიქრობ, ის, რომ მოწინააღმდეგის ქალაქში ჩავდივარ, ჩემს ძლიერებაზე მეტყველებს. ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო სად ვიჩხუბებდი. მოწინააღმდეგის უკანა ეზოში მისვლას არასდროს მოვრიდებივარ. ბოლო პერიოდში ხომ ინგლისს გარეთ ძალიან ხშირად ვმართავ ბრძოლას. რინგი რინგია, რა მნიშვნელობა აქვს სად დგას. გადახედეთ ჩემს კარიერას, მე ამერიკაში ვვარჯიშობ, ინგლისში კი არა".
პიტერსონს კარიერაში 29 ბრძოლა აქვს მოგებული, რომელთაგან 15 ნოკაუტი იყო. წაგებით, ამერიკელმა ერთხელ წააგო. ეს 2009 წელს, თანამემამულე ტიმოთი ბრედლისთან მოხდა, როდესაც პიტერსონი მას ჩემპიონის ქამარს ეცილებოდა. ვაშინგტონელს ახლა იმედი აქვს, რომ ამირ ხანთან მშობლიური გარემო დაეხმარება.
"ნამდვილად ვგრძნობ, რომ მზად ვარ ჩემპიონის ტიტულს შევუტიო - თქვა პიტერსონმა - გამარჯვებას დაჩვეული ვარ. ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა"
შაბათის ბრძოლა ლაით-ველტერვეითის წონაში გაიმართება. ეს გახლავთ წონა რომელიც მოიცავს 60-დან 63,5 კილოგრამამდე დიაპაზონს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"