მაიკ ტაისონი ახლა უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე 10 წლის წინ, როცა დეტროიტში შედგა მისი ბრძოლა ცნობილ პოლონელ ანჯეი გოლოტასთან. კაზინო Mandalay Bay-ში, სადაც ამ დღეებში WBC-ის ყრილობა იმართებოდა, ტაისონი საკუთარ კეპებსა და მაისურებს უწევდა რეკლამას. ის მშვიდად და ღიმილით პოზირებდა ფოტოსთვის (55 დოლარი), რომლის რიგში კრივის უამრავი მოყვარული იდგა.
ფოტოსესიის შესვენებისას მან ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა და როცა გაიგო, რომ მასთან
- არ მითხრათ, რომ გოლოტას ისევ უნდა ჩემთან ჩხუბი...
- არ ვიცი, მაგრამ ის აპირებს რინგზე დაბრუნებას.
- ჩვენ ძალიან ბებრები ვართ ამ ცირკისთვისა და მთელი ამ საკრივო ნეხვისთვის. რამდენიმე წუთის წინ ჰოლიფილდს ველაპარაკე. უნდა ვაღიარო, რომ კარგად გამოიყურება, მაგრამ არა იმდენად, რომ საუკეთესო მოკრივეების წინააღმდეგ გავიდეს რინგზე. საშუალო დონის მეტოქეებთან, შესაძლოა, რამე გამოუვიდეს, მაგრამ იქ, სადაც ნამდვილი დონე იწყება, ჩვენ არანაირი შანსი არ გაგვაჩნია. ეს თვითმკვლელობასავით იქნება.
- ამასწინ ვესაუბრე თქვენი ეპოქის კიდევ ერთ მოკრივეს - ლარი დონალდს და მასაც სურს დაბრუნება...
- ეს ამბავი მეც გავიგე. მაგრამ საუკეთესოებთან არც მას ექნება შანსი. პირადად მე ცალკე ტურნირს მოვაწყობდი 40 წელს გადაცილებულ მოკრივეებს შორის. უნდა ჩატარდეს რვარაუნდიანი ბრძოლები, რათა ბოლომდე გავძლოთ ფიზიკურად.
ეს ტურნირი საყურებლადაც უკეთესი იქნებოდა და უკეთ გაიყიდებოდა, ვიდრე ის, რასაც დღევანდელი სუპერმძიმე კატეგორია ჰქვია. ტელევიზია მას აუცილებლად შეიძენდა და მაყურებელიც მრავლად მოვიდოდა. წარმოიდგინეთ, რა სანახავი იქნება ბრძოლა მოკრივეების შორის, რომლებიც 15-20 წლის წინ ჩხუბობდნენ ერთმანეთში. შურისძიება ბრძოლისთვის, რომელიც მათ გარდა სხვას არავის ახსოვს.
- თქვენც გახვიდოდით რინგზე?
- მე თავს შევიკავებ. ახლა რინგზე გასვლის მეშინია. როცა ვუყურებ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდი, შიშის გრძნობა მიპყრობს. ხანდახან ვფიქრობ იმაზე, როგორი ადამიანი ვიყავი მაშინ. ამ ტურნირის შესახებ იდეა ჩემთვის არ არის, მაგრამ სხვებისთვის შესანიშნავი გასართობი იქნება.
თუმცა ერთი გამონაკლისი აუცილებლად უნდა დავუშვათ. მონაწილეთა სიაში არ უნდა იყოს უფროსი კლიჩკო. ის ასაკით შეესაბამება ვეტერანთა ტურნირს, მაგრამ არ მინდა მის გამო ჩემ ძველ მეგობრებსა და მეტოქეებს მორგში მივაკითხო.
P. S. აქ მოყვანილი ფოტო WBC-ის ყრილობაზეა გადაღებული. 45 წლის ტაისონი იხსენებს 1997 წლის ივნისში გამართულ სკანდალურ ორთაბრძოლას, როცა მან ყური მოაჭამა ევანდერ ჰოლიფილდს. ამჯერად, "რკინის მაიკი" WBC-ის აღმასრულებელ მდივანს მაურისიო სულეიმანს ემუქრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"