კაცი, რომელსაც უკან მოხედვის არ ეშინია

AutoSharing Option
გუშინ დავით კვაჭაძეს შევეხმიანეთ, სახელოვან ქართველ მოკრივეს, ევროპისა (1977 წ.) და სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონს (1976, 1977, 1979 წ.წ.). გალერეაში ბრძანდებოდა აბაშიძის ქუჩაზე, ახალ ფოტოგამოფენას ამზადებს 60 წლის იუბილეს შესახვედრად.

- თავს როგორ გრძნობთ, ბატონო დავით-მეთქი, ვკითხე.
- ვეტერანის კვალობაზე არა მიშავს, ვცდილობ წლებს არ დავნებდე.

- ახლა რას საქმიანობთ?
- ჯერჯერობით ფოტოგამოფენით ვარ დაკავებული.

- კრივს საერთოდ ჩამოშორდით?
- დროებით, ნაახალწლევს მწვრთნელის კარიერას მინდა დავუბრუნდე.

- ძველი დროი
დან რას გაიხსენებთ - როგორ დაიწყო თქვენი გზა კრივში?
- ბავშვობისას ფეხბურთით და ტანვარჯიშით ვიყავი გატაცებული. ერთხელ ამერიკელი პროფესიონალი მოკრივის - ჯო ლუისის ავტობიოგრაფიული წიგნი ჩამივარდა ხელთ. ღარიბი ოჯახიდან ყოფილა. მეგობარმა წაიყვანა დარბაზში - ჯანიანი ბიჭი ხარ და სპარინგპარტნიორობას გამიწევო. მალე ისე გაიწაფა, დიდი და სახელოვანი მოკრივე გახდა. ლუისის ცხოვრების ისტორიამ, ალბათ, იმიტომ დამაინტერესა, რომ საოცრად ჰგავდა ჩემსას: მეც ღარიბი ოჯახიდან ვიყავი. ორთაჭალაში, მკერავთა უბნის ერთ პატარა ოთახში მარტოხელა დედა სამ ძმას გვზრდიდა. მეზობლები მოგვიკითხავდნენ ხოლმე. მთელი ეზო ერთი ოჯახივით ცხოვრობდა. ამიტომაც უწინდელი მეზობლები დღემდე ახლობლებივით მიყვარს და არ ვივიწყებ მათ. ჩემმა ძმამ იმ უბნიდან ბევრი მოზარდი მიიყვანა კრივზე და გზასაცდენლი ყმაწვილებიც სწორ გზაზე დააყენა. სხვათა შორის, მეც ჩემმა ძმამ გამიკაფა გზა დიდი რინგისკენ. რაც შეეხება ლუისს, მქონდა ბედნიერება, 1976 წელს ამერიკაში მასპინძელთა და საბჭოთა მძიმეწონოსანთა მატჩის შემდეგ გავცნობოდი და მასთან სურათი გადამეღო.

- ეს ის წელია, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი პირველად რომ მოიგეთ?
- დიახ, მაშინ იოლი არ იყო საკავშირო პირველობაზე მოხვედრა. მთელი რიგი ინსტანციები უნდა გაგვევლო. 1976 წელს ჯერ "ბურევესტნიკის" საკავშირო პირველობაზე მივაღწიე წარმატებას, მერე სვერდლოვსკში საბჭოთა კავშირის სტუდენტთა თამაშებში გავიმარჯვე. იქვე გაიმართა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც. განსაკუთრებით მძიმე ორთაბრძოლა ნახევარფინალში გადავიტანე: უძლიერესი მეტოქე მყავდა - საბჭოეთის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს პირველობის ფინალისტი ოლეგ კოროტაევი. იმ პაექრობის მოგებისთვის საუკეთესო ტექნიკური მოკრივის პრიზით დამაჯილდოვეს. ფინალში შედარებით იოლად ვძლიე ეგოროვს.

- ევროპის 1977 წლის ჩემპიონატიდან განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდათ?
- მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით სპორტსმენები, რადგან ხელის ერთი მოცარვაც საკმარისი იყო საკავშირო ნაკრების შემადგენლობიდან ამოსაგდებად. ასე მოხდა მონრეალის ოლიმპიადის წინ, როცა კუბის საერთაშორისო ტურნირზე მსაჯებმა მასპინძელ მოკრივესთან წამაგებინეს. ამ ფაქტს ადგილობრივი პრესაც ფართოდ გამოეხმაურა, თუმცა ამით მე რა ხეირი?..

მონრეალში კლიმანოვი წაიყვანეს, რომელსაც საკონტროლო შეხვედრა მოვუგე. მართალია, წნეხი დიდი იყო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, საკუთარი სტილისთვის არ მეღალატა. ალბათ, ამიტომაც 1977 წელს ფრუნზეში ზედიზედ მეორედ გავიმარჯვე საკავშირო პირველობაზე და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზეც ჩემი გამგზავრება სათუო არ გამხდარა. ჰალეში ოთხ მეტოქეს ვაჯობე. ფინალში სწორედ მასპინძელი ქალაქის მკვიდრ ოტომარ ზაქსეს დავუპირისპირდი. გამოცდილი სპორტსმენი იყო - მსოფლიოს და ევროპის პირველობების პრიზიორი. დარბაზში მრავლად იყვნენ თანამემამულის საქომაგოდ მოსული ალემანები, თუმცა, გულშემატკივრები არც მე მაკლდა - საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გერმანიაში იხდიდნენ. მათ შორის ერთი ხარფუხელი ბიჭიც ერია, რომლის შეძახილებიც სხვების ხმებს ფარავდა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი ფინალური ორთაბრძოლის მოგებითა და ევროპის ჩემპიონობით. დღემდე არ მტოვებს შეგრძნება, რომ მაშინ თანამემამულეებს, მთელ საქართველოს დიდი სიხარული ვაჩუქე და ამით ამაყი ვარ.

- რამდენიმე დღეში 2011 წელს გავაცილებთ. რას ისურვებდით?
- მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის 2012. ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე წარმატებას, ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურების მრავლად მოპოვებას და ბრიტანეთის დედაქალაქიდან უხვი ნადავლით დაბრუნებას ვუსურვებ.

- ხვალ 60 წელი გისრულდებათ, გილოცავთ...
- დიდი მადლობა. ვფიქრობ, ცხოვრების გზა ცუდად არ გამივლია. ყოველ შემთხვევაში, ერთის თქმა თამამად შემიძლია - უკან მოხედვის არ მეშინია.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული