კლიჩკო უემბლის არ გამორიცხავს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს ბრიტანელ ექსჩემპიონთან, დევიდ ჰეისთან შესახვედრად.

"ძალიან მინდა, რომ ეს ბრძოლა გაიმართოს. როცა ჩემი ძმა და ჰეი ერთმანეთს შეხვდნენ, ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი და იმედგაცრუებულიც. ბედნიერი იმიტომ, რომ ვლადიმერმა გაიმარჯვა და საბოლოოდ, ჩვენს ოჯახში ყველა საჩემპიონო ქამარი შეგროვდა.

იმედგაცრუებული კი იმის გამო, რომ ეს მოლაყბე ბრიტანელი ნოკაუტს გადაურჩა. შესაბამისად, შევეცდები ეს "გაუგებრობა" გამოვასწორო.

ამიტომაც მოლაპარაკებებისას მაქსიმალურად მივდივარ დათმობებზე. თუმცა მოთხოვნები, რომელსაც ჰეი აყენებს, ამ სიტუაციასთან არაადეკვატურია. ეს ეხება არა მარტო საპრიზო
ფონდს. ის ცხვირს ჰყოფს ბრძოლის ჩატარების ადგილის, სატელევიზიო უფლებებისა და სხვა საკითხების მოგვარებაში.

არადა, ბრიტანელი მსოფლიოს ჩემპიონი აღარ არის, ამიტომაც მე მაქვს პირობების კარნახის უფლება და არა მას. თუმცა, კიდევ ერთხედ გავიმეორებ, მაქსიმალურ დათმობებზე მივდივარ, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. მაგალითად, მინდა ბოლო სიტყვა ბრძოლის მასპინძელი ქალაქის არჩევისას მე დავიტოვო. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს ლეგენდარული "უეიმბლი" ლონდონში", - ამბობს ვიტალი კლიჩკო.

დავამატებთ, რომ 18 თებერვალს უფროს კლიჩკოს ბრძოლა უწევს ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ.

* * *
მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) აღმასრულებელმა მდივანმა, მაურისიო სულეიმანმა განაცხადა, რომ ამ ვერსიით ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის სიტუაციას დაწვრილებით განიხილავენ. როგორც უკვე ვწერდით, 34 წლის მოკრივე 6 იანვრიდან 90-დღიანი სასჯელის მოხდას დაიწყებს.

WBC-ის წესების თანახმად, თუ ჩემპიონი ან ამ ორგანიზაციის რეიტინგში შემავალი მოკრივე სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს და ციხეში მოხვდება, ის ტიტულს კარგავს და რეიტინგიდან ირიცხება. თუმცა WBC-ის მმართველობა ერთბაშად არ აპირებს მეივეზერისთვის საჩემპიონო ქამრის ჩამორთმევას და დაწვრილებით გამოიკვლევს ფლოიდის შემთხვევას. გადაწყვეტილება უახლოეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

"მსოფლიოს საკრივო საბჭო ყოველთვის მოკრივის მხარეს იქნება, - ამბობს სულეიმანი. - ეს ორგანიზაცია სწორედ მოკრივეთა დასაცავად შეიქმნა. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად სამართლიანი შედეგი მივიღოთ მოკრივისთვის და კრივის მოყვარულებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული