უდიადესი ალი

AutoSharing Option
მოჰამედ ალი ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს სუპერმძიმეწონოსნად არის მიჩნეული. სწორედ მისგან იწყება ჩემპიონთა ხაზი - ისინი ისე ხდებოდნენ ჩემპიონები, რომ კარიერაში წაგება არ ჰქონდათ.

ალიმდე ასეთი ნამდვილი სუპერმძიმეწონოსნები საერთოდ არ არსებობდნენ. თუ ნახევრადმძიმეწონოსან როკი მარჩიანოს არ ჩავთვლით, ალიმდე ჩემპიონები ხდებოდნენ მოკრივეები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ერთი (ზოგიერთს ხუთი) წაგება ისეთ მებრძოლებთან, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან ჩემპიონები. ანუ ალიმდე ჩემპონობის ხელიდან ხელში გადაცემა ქაოტურ ხასიათს ატარებდა და შედეგად, დივიზიონი არ ვითარდებოდა. ალის საჩემპიონო ხაზი 1964 წლიდან 1990 წლ
ამდე უწყვეტი იყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კრივში გრანდიოზული რევოლუცია მოხდა.

სწორედ ამ პერიოდში იწყებდნენ კარიერას და ჩემპიონები ხდებოდნენ თანამედროვეობის უდიადესი სუპერმძიმეწონოსნები - ალი, ჯო ფრეზერი, ჯორჯ ფორმენი, ლარი ჰოლმსი, მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი და ლენოქს ლუისი. შემდეგ დაიწყო სუპერმძიმე წონის დეგრადაცია.

ცნობისთვის, ბოლო 14 წლის განმავლობაში დამარცხების გარეშე ჩემპიონი მხოლოდ ვიტალი კლიჩკო გახდა, ისიც WBO-ის მეორეხარისხოვანი ვერსიით.

საერთო ჯამში, სწორედ ალის სახელს უკავშირდება სუპერმძიმეწონით კატეგორიაში "შეიარაღებისთვის რბოლა", რომლის წყალობითაც 40 წლის განმავლობაში სუპერმძიმეწონოსნები საშუალოდ 15 კილოგრამით დამძიმდნენ - 1962 წელს 87 კილოგრამიდან 2002 წელს 102 კილოგრამამდე.

ეს მატება ორჯერ მეტია, ვიდრე წინა 80 წლის განმავლობაში. სონი ლისტონი პირველი მსხვილგაბარიტიანი მოკრივე იყო, რომელიც ოპტიმალურ წონას (95 კილოგრამზე ზემოთ) უხამებდა ტექნიკას, კარგ სისწრაფესა და შესანიშნავ სტილს. მაგრამ ის დიდი ხანი არ ყოფილა ჩემპიონი. მისი შემცვლელი გახდა მანამდე დაუმარცხებელი კასიუს კლეი, რომელიც 60-იანი წლებისთვის არადამახასიათებლად მაღალი იყო - 191 სანტიმეტრი, წონა კი ლისტონზე ოდნავ ნაკლები ჰქონდა.

* * *
კასიუს კლეი (მოჰამედ ალის ნამდვილი სახელი) ყოველთვის ისწრაფოდა დიდებისკენ. მას არ ეძებედნენ საუკეთესო პრომოუტერები და მწვრთნელები. 15 წლის ყველასთვის უცნობი ბიჭი ცდილობდა ცნობილი მწვრთნელის ანჯელო დანდის შეგირდი გამხდარიყო. დანდიმ ეს წინადადება რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო. 1960 წელს, 18 წლის ასაკში კლეიმ რომის ოლიმპიადის ოქროს მედალი მიიღო ნახევრადმძიმე წონაში.

უკვე ორი თვის შემდეგ კლეიმ პირველი ბრძოლა ჩაატარა პროფესიულ კრივში. კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ კასიუსმა სპარინგის დროს დაამარცხა მსოფლიოს ექსჩემპიონი ინგემარ იოჰანსონი. სავარაუდოდ, კლეი გახდებოდა სუპერმძიმე წონაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, მაგრამ პირველი საჩემპიონო ბრძოლა მხოლოდ 1964 წელს მიიღო.

მეექვსე რაუნდის შემდეგ, სონი ლისტონმა, რომელიც კლეიზე 10 წლით უფროსი იყო, მხარის ტრავმა მოიმიზეზა და ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამ ტრიუმფის შემდეგ კასიუსმა ისლამი და ახალი მუსულმანური სახელი მიიღო - მოჰამედ ალი. ლისტონთან პირველ და მეორე ბრძოლებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლეს პრეზიდენტი კენედი და ჩამოყალიბდა მსოფლიოს საკრივო ორგანიზაცია, რომელმაც თავის პირველ ჩემპიონად ერნი ტერელი დაასახელა.

ალისა და ლისტონის მატჩრევანში არ სცნო არა მარტო WBA-მ, არამედ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და მთელმა საკრივო საზოგადოებამ.

ლისტონმა პირველ რაუნდში ნოკაუტი გაითამაშა, რის გამოც მომავალში აღარ დაიშვებოდა საჩემპიონო ბრძოლებში. მოჰამედ ალი ბრწყინვალე მოკრივე იყო, თავისი დროისთვის კი ის ნამდვილი ფენომენი გახლდათ.

"დისტროფიკი" ჰენრი კუპერი რინგზე მძიმედ გადაადგილდებოდა, ალი კი, რომელიც კუპერზე 10 კილოგრამით მძიმე იყო, პეპელასავით დაფრინავდა. ალიში გაერთიანებული იყო სუპერმძიმეწონოსნის ყველა თვისება: საკმარისი სიმაღლე, ძალიან გრძელი ხელები (იმაზე გრძელი, ვიდრე ძმებ კლიჩკოებს აქვთ), დაკუნთული სხეული, უდიდესი ამტანობა... მას სამაგალითო ჯები ჰქონდა - მან ამ კომპონენტში ლისტონსაც კი აჯობა. გააჩნდა საშუალოწონოსნის სისწრაფე და იმავე ლისტონის დარტყმის ძალა. მეტოქეებისთვის ის უცხოპლანეტელივით იყო.

* * *
1967 წელს ალიმ ნოკაუტში გაგზავნა ერნი ტერელი და WBA-ის ჩემპიონი გახდა. შემდეგ მან გამართა ამ ფედერაციის ქამრის ერთადერთი წარმატებული დაცვა, რის შემდეგაც არმიაში გამოიძახეს. იმის გამო, რომ ალიმ უარი განაცხადა ვიეტნამელთა ხოცვაზე, ოფიციალურმა ხელისუფლებამ მას რინგზე გასვლა აუკრძალა. მაგრამ არსებობდა ბრძოლების გამართვის შემოვლითი გზები - მოჰამედს შეეძლო იმ შტატებში ებრძოლა, სადაც არ არსებობდა საკრივო კომისიები.

სწორედ ეს ხერხი გამოიყენა ალიმ და ჯორჯიას შტატში იჩხუბა. ამასობაში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ალის საქმის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა და მოკრივე გაამართდა. ალისთვის წართმეული ტიტული ელისსა და კვარის შორის გაითამაშეს. სწორედ კვარის დამარცხებით დაიწყო ალიმ დაბრუნება, შემდეგ კი ელისსაც გაუსწორდა.

მაგრამ ამ ბრძოლებს შორის მოჰამედმა მარცხი იწვნია ჯო ფრეზერთან დაპირისპირებაში. პირველად ისტორიაში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოდნენ მოკრივეები, რომლებსაც დამარცხება არ ჰქონდათ. ამ ბრძოლისთვის მათ იმ დროისთვის ფანტასტიკური ჰონორარი მიიღეს - თითომ 2.5 მილიონი დოლარი. ეს იყო 27 წლის ფრეზერის საუკეთესო ბრძოლა, რის შემდეგაც მისი დეგრადაცია დაიწყო.

ალის სტილი დაფუძნებული იყო "დიდ ბიჭებთან" ჩხუბზე, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ძალისა და გაბარიტების ხარჯზე გამარჯვებას. ალის მთელი კარიერის განმავლობაში ქრონიკული პრობლემები ჰქონდა ტანმორჩილ და სწრაფ მოწინააღმდეგეებთან, ფრეზერი კი მათ შორის საუკეთესო იყო. მოჰამედი არ აღმოჩნდა დროულად უკან დახევისთვის მზად, არ შეეძლო "გორილას" შორ დისტანციაში შეკავება.

მას შუბლი ჰქონდა მიბჯენილი მეტოქის მკერდზე და მთელს სხეულში გზავნიდა გვერდით დარტყმებს. ალის საფირმო პირდაპირი დარტყმები, რომელიც ყოველთვის ეფექტური იყო მაღლების წინააღმდეგ, ამჯერად უსარგებლო თავზე ხელის გადასმად მოჩანდა. ბრძოლის პირველიდან ბოლო წუთამდე "გორილა" მარცხენა მოკლე დარტყმას უშვებდა დაუცველ ადგილებში, მე-11 რაუნდში კი მორიგი დარტყმის შემდეგ მოჰამედი ნოკაუტში აღმოჩნდა.

ორი წლის შემდეგ, 31 წლის ასაკში ალიმ კიდევ ერთი მარცხი იგემა, ამჯერად კენ ნორტონისგან, რომელიც არა მხოლოდ შესანიშნავი "ჯებერი" იყო, არამედ შეეძლო ხელთათმანის ღია მხრიდან მეტოქის ჯების დაჭერა.

იმის გამო, რომ "ჰერკულესად" წოდებული ნორტონი სულ მალე მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ფორმენმა ხუთ წუთში გაანადგურა, არავის სჯეროდა, რომ ალი ისევ შეძლებდა ტახტზე ასვლას. იმ დროისთვის მისმა სტილმა ცვლილება განიცადა. ის ძველებურად სწრაფი აღარ იყო, ვეღარ დაფრინავდა რინგზე, სულ უფრო ხშირად შედიოდა კლინჩში და ბაგირებთან მიმწყვდეული ბევრ დარტყმას ატარებდა.

მიუხედავად ამისა, 1973-74 წლებში ალიმ თავის მძლეველებს რევანში აუღო და ოფიციალური პრეტენდენტი გახდა. 1974 წლის 24 ოქტომბერს კინშასაში სალარო შემოსავლების რეკორდი დამყარდა. მერვე რაუნდში, როცა მიხვდა, რომ ძალებს კარგავდა, ფორმანი გააფთრებულ შეტევაზე გადავიდა, კუთხეში მიიმწყვდია ალი და დარტყმების კასკადი დაატეხა თავს.

რაღაც მომენტში ალიმ გაიღვიძა და ჩაატარა კომბინაცია, რომლის დასასრული გახდა თავში მარჯვენა დარტყმა. ფორმანი კარიერაში პირველად დაეცა რინგზე. მაშ ასე, 10-წლიანი პაუზის შემდეგ ალი ისევ გახდა ჩემპიონი. 1975 წელს ალი და ფრეზერი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო საშინელ სიცხესა და აუტანელ სინესტეში 14-რაუნდიანი "ჩეხვა". მე-15 რაუნდში სეკუნდანტებმა რინგზე აღარ გაუშვეს "გორილა", რადგან გალახული ჯოსთვის ეს რაუნდი შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო ცხოვრებაში.

* * *
1976 წელს, ალიმ მსაჯების დახმარებით მესამედ დაამარცხა ნორტონი. შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ WBC თავს ახვევდა 1978 წელს "ჰერკულესთან" მეოთხე შეხვედრას. ალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა და მისმა ექიმმა ფრედი პაშეკმა უარი თქვა მასთან მუშაობაზე. კენისთან ბრძოლა საბოლოოდ იუარა და გამოსათხოვარი ბრძოლა დანიშნა.

მეტოქე შედარებით სუსტი აირჩია - გუშინდელი დებიუტანტი, ნახევრადმძიმე წონაში 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლეონ სპინქსი. 1978 წელს მოჰამედი საბჭოთა კავშირს ესტუმრა და ლეონიდ ბრეჟნევს შეხვდა, აგრეთვე სპარინგები ჩაუტარა სამ საბჭოთა მოკრივეს. ამ პერიოდში მან ძალიან ბევრი საჩვენებელი ბრძოლა გამართა, მათ შორის მომავალ ჩემპიონთან მაიკლ დოუქსთან. შემდეგ იყო წაგება სპინქსთან და რევანში, დიდი სპორტიდან წასვლა, ფინანსური პრობლემები და ორჯერ კრივში უსახელო დაბრუნება.

ალის აშკარად ეტყობოდა პარკინსონის სინდრომის სიმპტომები. განსაკუთრებით აშკარად ჩანდა ეს მის ბოლო ბრძოლაში, სადაც ხშირად ვარდებოდა პროსტრაციაში. მაგრამ ვერც ჰოლმსმა და ვერც ბერბიკმა ვერ შეძლეს ვეტერანის ნოკაუტში გაგზავნა.

ალი მუდმივად სათავეში უდგას სტატისტიკური ვებგვერდის boxrec.com-ის მიერ შედგენილ მიღწევათა რეიტინგს. ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში ალიმ დაამარცხა სამი ოლიმპიური ჩემპიონი და პროფესიული კრივის ცხრა ჩემპიონი. მან ყველაზე ხშირად (11-ჯერ) დაიცვა WBA-ის საჩემპიონო ქამარი, მათ შორის ათჯერ ზედიზედ.

ალი - WBA-ის სამგზის ჩემპიონია (უკეთესი შედეგი ჰოლიფილდს ჰქონდა). სამჯერ დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი (უფრო ხშირად ამას ტაისონი და ჰოლიფილდი აკეთებდნენ). თუმცა მცდარია ის აზრი, რომ ალი კრივის ისტორიაში უძლიერესი მოკრივე იყო. ის ხშირად მოხვედრილა ნოკდაუნში ისეთი მეტოქეებისგან, რომლებიც დღეს ნახევრადმძიმე ან პირველ მძიმე კატეგორიაში გამოდგებოდნენ.

ალი "მოცეკვავე" მოკრივე იყო 60-იან წლებში, როცა 29-დან 18 მეტოქე 93 კილოგრამზე ნაკლები იყო, თავად ის კი მხოლოდ ექვს ბრძოლაში იწონიდა 95 კილოგრამზე მეტს. 70-იან წლებში სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ელიტა მნიშვნელოვნად დამძიმდა და მასაც მოუწია წონის აკრეფა, რაც სისწრაფის დაკარგვაში გამოიხატა.

191 სანტიმეტრის სიმაღლის ალისთვის ოპტიმალური წონა 96 კილოგრამი იყო. ალიზე ოდნავ მძიმე ტაისონი სიმაღლეში უდიდესი სხვაობით ხარჯზე, მხოლოდ აპერკოტისთვის იყო მოსახერხებელი, რაც ყველაზე სუსტ დარტყმად არის კრივში მიჩნეული. მაღალი ალის ყბა კი თითქმის ყოველთვის გახსნილი იყო როგორც პირდაპირი, ასევე გვერდითი დარტყმებისთვის - ეს კი ყველაზე სახიფათოა კრივში.

თავისი აგერსიული სტილის, რინგზე დომინირებისკენ სწრაფვისა და უკომპრომისობის გამო, ალი ხშირად ატარებდა დარტყმებს თავის არეში, რის გამოც მას პარკინსონის სინდრომი განუვითარდა.

სავარაუდოდ, თანამედროვე პირობებში მას არასაკმარისი მასა ექნებოდა იმისთვის, რომ გაეძლო სუპერმძიმეწონოსნების დარტყმებისთვის, რომლებიც ალის ეპოქის მებრძოლეებიდან შედარებით უფრო მაღლები და ძლიერები გახდნენ. და მაინც, რთული სათქმელია, ვისთან შეიძლებოდა ის დამარცხებულიყო, 20 წლით გვიან რომ მოვლენოდა ამ ქვეყანას.

ინტერნეტ-გამოცემებში ხშირად ფიქსირდება ასეთი აზრი: "ალი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ვიტალი ან ვლადიმერ კლიჩკოსთან გამარჯვება მოეხერხებინა". დიახ, ალი არასოდეს ყოფილა ისეთი დამაჯერებელი მასზე დაბალი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორც ძმები კლიჩკოები არიან.

მაგრამ ძმებს წაგებული აქვთ კრის ბერდთან და დავარილ უილიამსონთან, ალის გვერდზე კი ამ მოკრივეების დაყენება არ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული