16 ოქტომბერს ჰამბურგის O2 World Arena-ზე დიდი კრივია: ზემძიმე წონაში WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო ტიტულის დაცვას ამერიკელ შენონ ბრიგსთან შერკინებაში ეცდება.
რამდენიმე დღის წინათ უკრაინის დედაქალაქში წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მომავალი ბრძოლის ორივე მონაწილე დაესწრო. სწორედ კიევურ პრესკონფერენციაზე იყო, ბრიგსმა რომ თქვა, ვიტალის 30 წამში ისეთებს ვუზამ, რომ პენსიაში გასვლა მოუწევსო. კლიჩკომ უპასუხა, უთუოდ ნოკაუტით მოვიგებ და ვეცდები, ეს რაც შეიძლება მალე ვქნაო. საინტერესოა, რომ უკრაინელი მოკრივე 39 წლისაა, ხოლო ამერიკელი – 38-ის.
მართალია, ჟურნალისტების წინაშე წარდგენისას მომავალმა
მეტოქეებმა ერთმანეთს მწარ-მწარეები უთხრეს, მაგრამ მათ ჰამბურგშიც ერთად მოუწიათ ბრძოლისწინა პრესტურის მოწყობა. იქ მოკრივეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და უცებ, კლიჩკოს მოულოდნელი წინადადება: "შენონ, ხომ არ გვეთევზავა?" ამერიკელს ბევრი არც უფიქრია და დათანხმდა. ადგნენ და წავიდნენ ზღვის სანაპიროზე, სადაც მართლაც ითევზავეს.