პაკიაოს მეცხრე მექსიკელი

AutoSharing Option
ქვესაშუალო წონაში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ და სამ წონით კატეგორიაში მექსიკელმა ექსჩემპიონმა ანტონიო მარგარიტომ ლოს ანჯელესში 13 ნოემბერს გასამართი ბრძოლისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია შეკრიბეს.

"კიდევ ერთ მექსიკელთან ჩხუბის შესახებ გადაწყვეტილება მე არ მიმიღია – უბრალოდ, გარემოებებმა მოიტანა. მე მოკრივე ვარ და ჩემი საქმე რინგზე ჩხუბია. კრივის მოყვარულები ბრწყინვალე ორთაბრძოლის მოწმეები გახდებიან. დარწმუნებული ვარ, მარგარიტო დამეხმარება ჭეშმარიტი შოუს დადგმაში. ანტონიო არის ნიჭიერი, აგრესიული მოკრივე, ვისი ბრძოლების ხილვა კრივის ნებისმიერ დამფასებელს სიამოვნებას ანიჭებს", - თქვა პაკიაომ, ვინც "კიდევ ერთი მექსიკელი"
იმიტომ თქვა, რომ პროფესიულ რინგზე გატარებულ 15 წელიწადში 8 მექსიკელთან მოასწრო შერკინება.

მარგარიტოც ლამაზი ბრძოლის მოლოდინშია: "თავდაპირველად ასეთი ბრძოლის ორგანიზატორებისთვის მადლობის თქმა მსურს – ბობ არუმი და საპრომოუტერო კომპანია Top Rank რომ არა, პაკიაოს ვერ შევხვდებოდი. მადლობა მენისაც, ბრძოლაზე რომ დამთანხმდა. რაც ადრე იყო, წყალს გავატანოთ. აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ. მაგარი შოუ იქნება, რომლის გამოტოვება არ შეიძლება".

მარგარიტომ ბობ არუმი ახსენა და პრესკონფერენციის მსვლელობისას სახელგანთქმულ საკრივო პრომოუტერს მეტად უსიამოვნო შეტყობინება მისვლია – მისი ვაჟი სიეტლის მახლობლად მეგობრებთან ერთად მთაში წასულა და დაიკარგა. მაშველებმა ახალგაზრდების კვალს ჯერაც ვერ მიაგნეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული