დერეკ ჩისორას ბოდიში და ვიტალი კლიჩკოს მუქარა

AutoSharing Option
გერმანიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას აპირებს ბრიტანელ კოლეგებთან. სკოტლენდ-იარდის გამომძიებლები გერმანელებს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის დევიდ ჰეის პოვნაში უნდა დაეხმარონ, რომელმაც 18 თებერვალს, მიუნხენში პრესკონფერენციაზე თანამემამულე დერეკ ჩისორასთან იჩხუბა.

"ჩვენ არ ვიცით სად არის დევიდ ჰეი და წარმოდგენა არ გვაქვს - ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი ბრიტანეთის პოლიციასთან. ეს სასამართლოს საქმეა და არა გერმანელი პოლიციელების. მიუნხენის სასამართლო დაუკავშირდება სკოტლენდ-იარდის წარმომადგენლებს ბრიტანეთში, რათა მათ მიაგნონ მოკრივის კვალს.

ჩვენ მომხდარის შესახებ უკვე მოვისმინეთ დერეკ ჩისორას ვერსია, ახლა გვაინტერესებს მისი ოპონენტის პოზიცია გარკვეული დასკვნების
გასაკეთებლად", - ამბობს მიუნხენის პოლიციის წარმომადგენელი გოტფრიდ შლიჰტი.

თუმცა განსაკუთრებული ძებნა ჰეის არ დასჭირდება, რადგან ის ჟურნალისტებმა იპოვნეს და კომენტარიც ჩამოართვეს.

"გერმანია კვირას, დილის რეისით დავტოვე, რადგან ჩისორა და მისი გუნდი ჩემს სასტუმროში გაჩერდა და მისი მხრიდან ჩემი მოკვლის მცდელობა, როგორც არასდროს, რეალური იყო.

ამიტომაც გვერჩივნა სწრაფად დაგვეტოვებინა ქვეყანა. ვიცი, რომ ანგელოზი არ ვარ და არაერთხელ მომიწყვია კრივში პროვოკაცია, მაგრამ ამგვარი გრანდიოზული სკანდალის მოწმე არასოდეს ვყოფილვარ. თუ საჭირო იქნება, მზად ვარ ვითანამშრომლო სამართალდამცავებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით. იმედი მაქვს ამ ინციდენტისგან მხარეები კარგ გაკვეთილს მიიღებენ. ასევე იმედი მაქვს, რომ დერეკი მზად არის ისწავლოს თავის შეცდომებზე და როგორც მოკრივემ გამოიყენოს თავისი პოტენციალი", - განაცხადა ჰეიმ.

* * *

თავის მხრივ, ლონდონში დაბრუნებულმა დერეკ ჩისორამ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში ყველა იმ სკანდალისთვის, რომელსაც გასულ საკრივო უქმეებზე ჰქონდა ადგილი.

"მინდა გულწრფელი ბოდიში მოვიხადო მომხდარის გამო. ეს უპატიებელი საქციელი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ამას ბევრი ისეთი მიზეზი ჰქონდა, რომლის გახმოვანების უფლება არ მაქვს.

რა თქმა უნდა, ეს არ არის გამართლება და მესმის, რომ ბრიტანეთის კრივის საბჭომ უნდა შეისწავლოს სიტუაცია, მათ შორის დევიდ ჰეისთან კონფლიქტი.

ვაღიარებ, რომ ჩემი მოქმედება აბსოლუტურად არაპროფესიული იყო. ახლა, როცა ცივი გონებით ვფიქრობ და მომხდარს ვაანალიზებ, მესმის, რომ მართალი არ ვიყავი და იძულებული ვარ ბოდიში მოვიხადო ჩემი საქციელის გამო.

როგორც პროფესიონალი მოკრივე, ვალდებული ვარ საკუთარი ემოციები და მოქმედება ვაკონტროლო როგორც რინგზე, ასევე მის მიღმა. მაგრამ ეს ვერ შევძელი და ვნანობ მომხდარის გამო. მიუნხენში ვითანამშრომლე გერმანიის პოლიციასთან და იქიდან ბრალის წაყენების გარეშე გამანთავისუფლეს. საქმის ოფიციალურ მოსმენამდე კომენტარს აღარ გავაკეთებ", - ამბობს ჩისორა.

* * *

ამასობაში, ჩისორას მძლეველმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ბრიტანელ მოკრივესთან განმეორებითი ბრძოლის ჩატარება სურს. უკრაინელის თქმით, მას კარგად ესმის, რომ დერეკთან მეორე შეხვედრა არაფერში სჭირდება, მაგრამ გულის სიღრმეში სჯერა - ჩისორა მკაცრად უნდა დასაჯოს.

"მინდა ის რინგზე გავაკრა. მასთან ჯერ არ მაქვს ბოლომდე ანგარიში გასწორებული", - განაცხადა WBC-ის ჩემპიონმა. კლიჩკოს არ დაუზუსტებია, როდის გეგმავს ჩისორას წინააღმდეგ რინგზე ხელმეორედ გასვლას. შაბათის ბრძოლაში უკრაინელმა მარცხენა მხარის ტრავმა მიიღო და ვარჯიშებს ექვს-რვა კვირაში დაუბრუნდება.

შეგეხსენებთ, რომ ბრძოლის შემდეგ ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, რომ განმეორებითი ორთაბრძოლა გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული