ახლახან ჩატარებული საჩემპიონო შეხვედრა WBA -ს ვერსიით სუპერმძიმე წონაში ვიტალი კლიჩკოსა და დერეკ ჩისორას შორის პირველი ორთაბრძოლაა, რომლის ანალიზსაც გიორგი კანდელაკი გვთავაზობს:
- პროფესიული კრივის ნებისმიერი ორგანიზაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარზე საბრძოლველად კანდიდატების შერჩევისას, ბუნებრივია, პირველ ყოვლისა, უპირატესობა რეიტინგში ლიდერებს ენიჭებათ. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში მე- 15 იყო, კლიჩკოსთან საბრძოლველად მაინც ჩისორა შეირჩა.
ეს ორივე მოკრივის მენეჯერის
აწონვისას დერეკის მიერ კლიჩკოსთვის სილის გაწნამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ცხადია, არ იყო მისი საქციელი მოსაწონი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ჩისორამ ამ გზით მათი დაპირისპირების მხილველთა აუდიტორია სულ მცირე გაასამმაგა მაინც. ამ ბრძოლის ყურებას მხოლოდ კრივის ერთგული ქომაგები აპირებდნენ, ინციდენტის შემდეგ კი ყველა დაინტერესდა როგორ გადაუხდიდა სამაგიეროს უკრაინელი გიგანტი ამ "თავხედ" ბიჭს.
მიუნხენის დარბაზშიც უმრავლესობა კლიჩკოს ქომაგობდა, პრეტენდენტის დანოკაუტებას ითხოვდა ხალხი, მაგრამ ასე არ მოხდა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ნოკაუტი არ არის ძმები კლიჩკოების სტილი. ვიტალიმ ძალები მართლაც ჩვეულებისამებრ 12 რაუნდზე გადაანაწილა, მაგრამ მერწმუნეთ ჩისორასთვის დროზე ადრე მოგება მასაც კი ძალიან გაუჭირდებოდა.
კრივში ამერიკელები და ბრიტანელები შემტევი სტილის მიმდევარნი არიან, აღმოსავლეთ ევროპელებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელბს კი დაცვითი სტილი ხიბლავთ. ჩისორამ სწორედ ბრიტანული საკრივო სკოლისთვის დამახასიათებელი შემტევი ტაქტიკა არჩია.
ვიტალიმ მალევე შეაფასა მოწინააღმდეგის შესაძლებლობები რეალურად და ისე დადგა, როგორც საბოლოო გამარჯვებისთვის გამოადგებოდა.
კლიჩკო რომ აჰყოლოდა ჩხუბში და დისტანციით არ გასცლოდა მეტოქეს, მერწმუნეთ წააგებდა შეხვედრას! საერთოდ, ეს უკრაინელი ძმები ორთაბრძოლაში ყოველთვის კარგად იყენებენ ტანს და სიმაღლეს. ამას დიდი მნიშნელობა აქვს. დერეკს უფრო მეტი გადახრები, მოძრაობა სჭირდებოდა, რომ მოწინააღმდეგეს მიახლოებოდა. მას გაცილებით უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა უწევდა დროის გარკვეულ მონაკვეთში, ვიდრე მის ვიზავის.
ვიტალი წინა ხელით იგერიებდა ჩისორას შეტევებს, უკანა გაწეულ ხელს ნაკლებად ხმარობდა. ასე მეთოდურად VIII, IX რაუნდიდან შეუდგა პრეტენდენტის საბოლოო "გადატეხვისათვის" ზრუნვას.
ჩემპიონის გამარჯვება დამსახურებული იყო, მაგრამ ვიმეორებ, ჩისორამ დიდი სიმპათიები დაიმსახურა კრივის მოყვარულებში. მან ხალხს, მართალია, სკანდალითაც დაამახსოვრა თავი ჯერ აწონვისას, შემდეგ რინგზე ვლადიმერ კლიჩკოს შეურაცხყოფისას და ბოლოს პრესკონფერენციაზე ჰეისთან შეხლა-შემოხლისას, მაგრამ იგი აუდიტორიას თავისი შეუპოვრობით, ბრძოლის ჟინით და სიძლიერითაც ხიბლავდა. რაც შეეხება კლიჩკოს, სასიამოვნოა, რომ 40 წლის ჩემპიონმა მერვედ დაიცვა ტიტული.
ამით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კრივში ეს არ არის სიბერის ასაკი. ავიღოთ თუნდაც ევანდერ ჰოლიფილდი, რომელიც 50 წლისაა და ჯერაც რინგზეა, იბრძვის. საერთოდ, მოკრივე გვიან ბერდება, როგორც სპორტსმენი, ხანგრძლივად ინარჩუნებს ფორმას. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ სპეციალისტთა გამოთვლით ტრავმიანობის მიხედვით კრივი სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით მე-17 ადგილზეა.
კლიჩკო - ჩისორას შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და, რა თქმა უნდა, ქართველმა გულშემატკივარმაც ინტერესით უყურა, თუმცა ჩვენი მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ რაოდენ მაღალი დონის ვარსკვლავებსაც უნდა ვადევნოთ თვალი, მაინც ჩვენი უფრო გვაინტერესებს.
ქართველ პროფესიონალ მოკრივეებს ასეთი მქუხარე პაექრობებში მონაწილეობის პოტენციალი ჭარბად აქვთ. სახელმწიფოსგან ფინანსური ხელშეწყობაც რომ იყოს, ისინი აუცილებლად მოიპოვებდნენ ხმაურიან წარმატებებს, გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე ახლაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"