ქართველი მოკრივეები ტიტულების სიახლოვეს

AutoSharing Option
მოწინავე ქართველი პროფესიონალი მოკრივეები აგრძელებენ პლანეტის სხვადასხვა ქვეყნის რინგებზე ასპარეზობას. მსოფლიოს კრივის ასოციაციამ (WBA) გამოაქვეყნა მაისის რეიტინგ-ლისტები. ამ ორგანიზაციამ თვის საუკეთესო მოკრივეები გამოავლინა და მათში უმჯობესად პუერტორიკოელი მიგელ კოტო დაასახელა. საშუალო წონაში, სადაც ჩემპიონი გერმანელი ფელიქს შტურმია, ოფიციალურ რეიტინგში ნომერ მესამე პრეტენდენტად ავთანდილ ხურციძეა მიჩნეული. 31 წლის ქართველს WBA-ს ინტერკონტინენტური ქამარი აქვს მოპოვებული. პროფესიულ რინგზე მის ანგარიშზე 24 ორთაბრძოლიდან 21 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხია.
კრეისერის წონაში კარგად გამოდის 23 წლის იაგო კილაძე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა (14) ორთაბრძოლა მოიგო
და აქედან 10 ნოკაუტით. 30 აგვისტოს იაგო დონეცკში ჭBჩ-ს ვერსიით ახალგაზრდული ინტერკონტინენტური ქამრისთვის იბრძოლებს, მეტოქე ჯერ გარკვეული არაა. ორიოდე სიტყვით სხვა ჩვენებურებსაც შევეხოთ, რომელთაც ივნისში სარეიტინგო ბრძოლები გამართეს...

27 წლის სანდრო სიპროშვილმა (კრეისერის წონა) 26 ივნისს ვენაში 12-რაუნდიანი ორთაბრძოლა ქულებით წააგო ალბანელ ნური სეფერისთან. არადა, ეს მატჩი ჭBO-ს ვერსიით კრეისერის წონაში ევროპული ტიტულისათვის იყო. 113:116, 114:116, 113:115 - მსაჯების აზრით, ასეთი ანგარიშით წააგო სანდრომ დაძაბული დაპირისპირება.
WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ახალგაზრდული ტიტულისთვის იბრძოლა 21 წლის ლევან ჯომარდაშვილმა, მაგრამ მან პოლონეთში ადგილობრივ მოკრივესთან, მატეუშ მასტერნაკთან 10-რაუნდიანი ბრძოლის მე-5 რაუნდში ნოკაუტით წააგო. ეს ლევანის პირველი მარცხი იყო პროფესიულ რინგზე, აქამდე კრეისერის წონაში მოასპარეზე ქართველს ოცივე ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა. აბა, წაგებაში კარგი რა უნდა იყოს, თუმცა პროგრესი თვალსაჩინოა - ქართველები უკვე იბრძვიან ევროპისა და მსოფლიოს ტიტულებისთვის, თანაც ყველაზე აღიარებული ორგანიზაციების სტატუსით.

18 ივნისს ოდესაში 26 წლის ალექსანდრე ბენიძემ სარეიტინგო ორთაბრძოლაში აჯობა მიხაილო ვინიჩენკოს. ჩვენებურმა 6-რაუნდიანი მატჩი ქულებით მოიგო. მეორე დღეს საფრანგეთის ალპებში, კაზინო "რულში" დათო არჯევანიშვილმა ანდრეა სანსონი დაამარცხა. 26 ივნისს პოლონეთში 26 წლის ტარიელ ზანდუკელმა მე-2 რაუნდში ნოკაუტით მოუგო ჰავალ გარიბს. ერთი დღით ადრე პრაღაში სარეიტინგო ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა ერიკ ავლასტიმოვმა. 27 წლის ჩვენებურმა ვლადიმირ ფეჩკო პირველივე რაუნდში დააგდო. ფრანგულ დიჟონში კი ბორის მდინარაძე მე-5 რაუნდში დისკვალიფიკაციით მოხსნეს ბილელ ლატრეშთან ჩხუბისას. ეს ორთაბრძოლა IBF-ს სუპერსაშუალო წონის ახალგაზრდული ტიტულისთვის იყო.

ნიკოლოზ ნეფარიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული