ქართველი მოკრივეების ვერცხლი და ბრინჯაო ბულგარეთიდან

AutoSharing Option
წელულს 13-23 აპრილს ტრაბზონი მოკრივეთა სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის - რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით.

ბიჭებმა ჯერ ბაკურიანში გაიარეს საერთო-ფიზიკური მომზადება, შემდეგ ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იყვნენ აბოვიანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთად, მერე ბულგარეთს ესტუმრნენ სტრანჟას საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც სოფიაში გაიმართა.

რინგზე 35 ქვეყნის 150-მდე მოკრივე გამოვიდა. ჩვენები რვა წონით კატეგორიაში ცდიდნენ ძალებს. განსაკუთრებით იყოჩაღა შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა მიხეილ ბახტიძემ (მძიმე წონა), რომელმაც სტარტზე გამოცდილ სერბ მეტოქეს - მილუტინ სტანკოვიჩს სძლია, ნახევარფინალში
კი რუსი ანდრეი აფონინი 6 ქულით დაამარცხა. გადამწყვეტ პაექრობაში კუბელ სავონს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მწვრთნელებმა იგი შეჯიბრებიდან მოხსნეს.

- წინ მნიშვნელოვანი სალიცენზიო ტურნირი გველის, ამიტომ ზედმეტ რისკს მოვერიდეთ, - გვითხრა რამაზ ფალიანმა. - ბახტიძე გამოცდილი მებრძოლია, თუმცა მოულოდნელობისგან დაზღვეული არავინაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, იგი ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც არ წავიყვანოთ.

ტრაბზონისთვის სპეციალური პროგრამით მოემზადება.

- დანარჩენ მოკრივეთა გამოსვლაზე რას იტყვით?
- 91 კილოში რევაზ ქარელიშვილმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონია, ნახევარფინალური პაექრობა კუბელ გომესთან დათმო და ბრინჯაოს დასჯერდა. 52 კილოში სევერიან ჭილაძემ 5 ქულით აჯობა აზერბაიჯანელ თურალ ახმედოვს, მეორე წრეში კი უელსელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტსა და ევროპის ჩემპიონ სელბის დანებდა.

გუნდის დანარჩენმა წევრებმა - მიხეილ კაზანჯიანმა (49), კობა ფხაკაძემ (60), დემნა კოტუამ (64), რომან თავაძემ (75) და იაგო კიზირიამ (81) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს, თუმცა ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი ბიჭები აგერ სამ თვეზე მეტია რინგზე არ გამოსულან და საშეჯიბრო გამოცდილება დააკლდათ. 56 კილოში მერაბ თურქაძემ ვარჯიშისას ტრავმა მიიღო და ტურნირზე არ გამოგვიყვანია. არც 69 კილოში გვყოლია წარმომადგენელი.

- ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ ზაალ კვაჭატაძისა და ჯაბა ხოსიტაშვილს შესახებ არაფერი გითქვამთ.
- ორივე პროფესიონალ მოკრივეთა საკლუბო პირველობაზე იყო წასული. კვაჭატაძე - ამერიკაში და იქიდან დაბრუნებულმა ბულგარეთის ვიზის აღება ვერ მოასწრო, რაც შეეხება ხოსიტაშვილს ის თურქეთში გახლდათ და ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო, ბოლო თანაც იმ დროს, როცა ჩვენ უკვე სოფიაში ვიყავით.

75 კილოში საქართველოს ჩემპიონმა რომან თავაძემ იასპარეზა, ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც ("აბრეშუმის გზა"), რომელიც 5 მარტიდან დაიწყება, თავაძეს წავიყვანთ. იქიდან დაბრუნების შემდეგ რომანს და ჯაბას სპარინგშეხვედრას მოვუწყობთ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად.

აზერბაიჯანში 69 კილოში 2 მონაწილე გვეყოლება - კვაჭატაძე და გოგა ზარქუა. 91-ში კი ქარელიშვილის ნაცვლად ალეკო კარტოზია მოსინჯავს ძალებს. სოფიის საერთაშორისო ტურნირზე ყოფნისას თურქეთის ნაკრების ხელმძღვანელობასთან შევთანხმდით, რომ ტრაბზონის სალიცენზიო ტურნირამდე ორი კვირით ადრე ვესტუმრებით მასპინძლებს და პასუხსაგები შეჯიბრებისთვის მათთან ერთად მოვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული