ვლადიმერ კლიჩკომ მეტოქე დანიშნა

AutoSharing Option
შაბათს, ფრანგი ჟან-მარკ მორმეკის დამარცხების შემდეგ, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ მორიგი მეტოქის სახელი გამოაცხადა. უმცროსი კლიჩკო ამერიკელ ტონი ტომპსონს შეხვდება.

ცნობილია, რომ ტომპსონი IBF-ის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტია. უკრაინელისა და ამერიკელის შეხვედრა 2012 წლის ზაფხულში შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. სხვათა შორის, ვლადიმერ კლიჩკო და ტომპსონი 2008 წელს ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ უკრაინელმა მე-11 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

კლიჩკომ ისიც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 2012 წლის ბოლოს ნიუ იორკში გეგმავს საჩემპიონო
ბრძოლის ჩატარებას. შეხვედრა ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, ახალ სტადიონ Barclays Arena-ზე უნდა გაიმართოს, რომელიც სულ მალე გაიხსნება. უკრაინელის სიტყვებით, მისი მეტოქე შეიძლება გახდეს ამერიკელი კრის არეოლა ან რუსი ალექსანდრ პოვეტკინი.

უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კლიჩკომ განაცხადა, რომ პოვეტკინთან ბრძოლა ძალიან აინტერესებს: "მას პროფესიულ რინგზე არც ერთი შეხვედრა არ აქვს წაგებული, ოლიმპიური ჩემპიონია... ვფიქრობ, ასეთი ბრძოლა საინტერესო იქნება ჩემთვის, ალექსანდრესთვის და გულშემატკივრებისთვის".

რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს, როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, მან შეთანხმებას მიაღწია ბრიტანელ დევიდ ჰეისთან და მას წელს, ზამთარში შეხვდება რინგზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული