დევიდ ტუა წავიდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა სამოელმა მოკრივემ დევიდ ტუამ აქტიური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"იძულებული ვარ, კრივი მივატოვო, - განაცხადა ტუამ. - დიახ, მიყვარს ეს სპორტი და ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დიდ პატივისცემას ვგრძნობ ჩემი გულშემატკივრების მიმართ, მაგრამ დღეს პროფესიული კრივი მაღალ მოთხოვნებს აყენებს, რომელსაც მე ვეღარ ვაკმაყოფილებ. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. არაფერს ვნანობ".

ტუა თანამედროვე სუპერმძიმე წონის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელი იყო. "ტუამენის" მომაკვდინებელი მარცხენა ჰუკი ყველას დიდხანს ემახსოვრება. ტუას დამარცხებული ჰყავს ჯონ რუისი, ჰასიმ რაჰმანი, ოლეგ მასკაევი... დევიდი მეტოქეებს არ
ინდობდა. ოკეანეთის წარმომადგენელს კარიერაში 43 ნოკაუტი დაუგროვდა.

დევიდი ძალიან მყარად იდგა ფეხზე. მხოლოდ მონტე ბარეტმა შეძლო 2011 წლის აგვისტოში სამოელის ნოკდაუნში გაგზავნა. ეს ბრძოლა ბოლო აღმოჩნდა ტუას კარიერაში. მას თავის 20-წლიან კარიერაში პროფესიულ რინგზე ნოკაუტით არასოდეს წაუგია. მოყვარულებში კი ასეთი რამ ერთხელ მოხდა: 1992 წლის ოლიმპიადაზე დევიდმა ლეგენდარული ფელიქს სავონის დარტყმებს ვერ გაუძლო.

სულ ტუას ანგარიშზე 4 წაგებაა. ბარეტის გარდა (სამოელმა ამერიკელს კინაღამ მოუგო - მე-12 რაუნდში მონტეს ყბა გაუტეხა), დევიდს მოუგო აიკუ იბეაბუჩიმ, კრის ბერდმა და სახელოვანმა ლენოქს ლუისმა საჩემპიონო ბრძოლაში.

ტუასა და იბეაბუჩის დაპირისპირებას თამამად შეიძლება ისტორიული ვუწოდოთ. მოწინააღმდეგეებმა ნამდვილი "ჩეხვა" მოაწყვეს, რაც სუპერმძიმე კატეგორიას არასოდეს უნახავს. ჯამში 1700 (!) დარტყმა შესრულდა, რითაც დაემხო "მანილას თრილერის" რეკორდი. 90-იან წლებში იბეაბუჩის ახალ მაიკ ტაისონს უწოდებდნენ, მაგრამ მისი კარიერა სავალალოდ დასრულდა. ნიგერიელი გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც დღემდე იმყოფება.

გარეგნულად 110-კილოგრამიანი ტუა დიადი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის კაციჭამიას ჰგავს, მაგრამ დევიდი - შემოქმედებითი ნატურაა. თავისუფალ დროს სამოელი ხატავს, გიტარაზე უკრავს და ლექსებს თხზავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული