მსაჯი ხელშეუხებელია

AutoSharing Option
55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, პუერტორიკოელი ხუან მანუელ ლოპესი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პუერტო რიკოს საკრივო კომისიამ.

გარდა ამისა, მოკრივეს 100 საათით საზოგადოებრივი შრომა მოუწევს და ჯარიმის სახით 10 ათას დოლარს გადაიხდის.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ლოპესის მხრიდან რეფერის შეურაცხყოფა. ინციდენტი 10 მარტს, მექსიკელ ორლანდო სალიდოსთან ბრძოლის დროს მოხდა.

წაგებული შეხვედრის შემდეგ ლოპესმა მსაჯი ტოტალიზატორში თამაშში დაადანაშაულა. არბიტრმა ბრძოლა მე-10 რაუნდში შეაჩერა, რადგან ჩათვალა, რომ ნოკდაუნის შემდეგ პუერტორიკოელი ვერ შეძლებდა ბრძოლის გაგრძელებას. ამასთან, ათი რაუნდის შემდეგ ლოპესი ორი მსაჯის
ჩანაწერების მიხედვით იგებდა შეხვედრას, ერთ მსაჯს კი ფრე ჰქონდა დაფიქსირებული.

ცნობილმა პრომოუტერმა ბობ არუმმა ლოპესის დისკვალიფიკაციას "აბსურდული" უწოდა.

"ეს ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, რომ ლოპესი ახალი გამოსული იყო ნოკდაუნიდან და ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. ამ გადაწყვეტილებას ლოგიკურს იმ შემთხვევაში ვუწოდებდი, მოკრივეს განცხადება საღ გონებაზე რომ გაეკეთებინა, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარი იყო. ეს იგივეა, რომ ვიღაც დასაჯო სიმთვრალისას გაკეთებული განცხადებების დროს", - ამბობს არუმი.

ლოპესის წარმომადგენლები დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას აპირებენ. 2013 წელს, როცა პუერტორიკოელს საკრივო ლიცენზიას დაუბრუნებენ, მას 30 წელი შეუსრულდება. ადრე მოკრივე აცხადებდა, რომ ერთწლიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შესაძლოა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღოს.

უფრო ადრე, 13 მარტს, ლოპესს ერთწლიანი სასჯელი გამოუწერა მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამაც (WBO). პუერტორიკოელი მონაწილეობას ვერ მიიღებს WBO-ს ეგიდით გასამართ ბრძოლებში და გარიცხულია ამ ორგანიზაციის რეიტინგიდან.

* * *
ამასობაში ძმები კლიჩკოების მენეჯმენტი ვლადიმერ კლიჩკოსთვის ახალ მეტოქეს ირჩევს. არჩევანი უნდა გაკეთდეს კრის არეოლასა და სეტ მიტჩელს შორის.

არეოლა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მიტჩელი კი კრივში ამერიკული ფეხბურთიდან მივიდა. პროფესიული კარიერა 2008 წელს დაიწყო და მას შემდეგ 24 ბრძოლა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მისი ბოლო მსხვერპლი გახდა ცნობილი უზბეკი თიმურ იბრაჰიმოვი. მიტჩელი ამჟამად მე-7 ადგილს იკავებს WBO-ს რეიტინგში. ამავე კლასიფიკაციაში არეოლა მეოთხე მოკრივეა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკოს 7 ივლისს აქვს დანიშნული ბრძოლა ამერიკელ ტონი ტომპსონთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული