ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველ საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონები, WBC-სა და WBA-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელები - ფლოიდ მეივეზერი და მიგელ კოტო.
ამ ბრძოლაში გათამაშდება არა მხოლოდ დასახელებული ქამრები, აგრეთვე WBA-ის ვერსიით სუპერჩემპიონის ტიტული. და კიდევ, გამარჯვებულ მოკრივეს დიადი ფილიპინელის მენი პაკიაოს ბრძოლაში გამოწვევის უფლება ექნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრძოლა ერთადერთი არ არის, რომელსაც იმ საღამოს "MGM-არენა" უმასპინძლებს. მანამდე ერთმანეთს შეხვდებიან სამ წონით კატეგორიაში
მეივეზერს, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში არც ერთი წაგება არ აქვს (42 გამარჯვება, 26 - ნოკაუტით), აღნიშნულ ბრძოლაში შეეძლება საკუთარი მზადყოფნის შემოწმება პაკიოსთან მთავარი ბრძოლისთვის, რომელსაც მთელი საკრივო სამყარო მოუთმენლად ელოდება.
კოტოსთან ჩხუბისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ფლოიდმა აღნიშნა, რომ გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს 5 მაისის შეხვედრას.
"კოტოსთან ბრძოლა აუცილებლად უნდა გამართულიყო და მოხარული ვარ, რომ ის მალე შედგება, - განაცხადა მეივეზერმა. - არ ვაპირებ ტრაბახსა და ბევრ ლაპარაკს, მაგრამ მე კარგი მოკრივე ვარ. მხოლოდ დაცვით რომ ვიყო გამორჩეული, ამდენი ხანი უმაღლეს დონეზე ვერ შევჩერდებოდი.
ჩემთვის მიგელთან ჩხუბი ერთი რიგითი შეხვედრაა კარიერაში".
მომავალ ბრძოლაში სპეციალისტთა უმრავლესობა ფავორიტად სწორედ ფლოიდ მეივეზერს მიიჩნევს. ბუკმეიკერებმაც ამერიკელის მოგებაზე დაბალი კოეფიციენტი დაწერეს - 1.13. კოტოს მოგების ალბათობა 5.3-ს უდრის. მაგრამ პუერტორიკოელი არ აპირებს ვადაზე ადრე დანებებას. თავისი განწყობა მან ბრძოლის წინ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
"დავიმსახურე ის, რასაც კარიერაში მივაღწიე, - განაცხადა მიგელმა. - ჩემთვის ეს არავის უჩუქნია. აქ იმიტომ ვარ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ. თუ თქვენ აქამდე არ გინახავთ, როგორია ფლოიდ მეივეზერის დამარცხების "სქემა", მაშინ უყურეთ როგორ დავამარცხებ მას".
უნდა აღინიშნოს, რომ კოტოც და მეივეზერიც ჯიუტად ცდილობენ მოიპოვონ პაკიაოსთან ბრძოლის უფლება. პუერტორიკოელის კარიერაში 37 მოგება და ორი მარცხია. პირველად ის ანტონიო მარგარიტოსთან დამარცხდა და 2011 წლის 3 დეკემბერს შეძლო შურისძიება, მაგრამ პაკიაო მას ჯერჯერობით არ აძლევს რევანშის შანსს.
ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ მეივეზერის დამარცხების შემთხვევაში, კოტოს ასეთი შანსი აუცილებლად მიეცემა.
რაც შეეხება 5 მაისს გასამართ ბრძოლას, კოტოსა და მეივეზერის კოზირები ცხადზე ცხადია. ამერიკელი ბრწყინვალედ იცავს თავს, შესაშური ამტანობა გააჩნია და "რკინის" ყბის პატრონია. სხვანაირად ის ვერ შეძლებდა 42 ბრძოლის წაუგებლად ჩატარებას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ არასოდეს ყოფილა გამოხატული "პანჩერი" - მხოლოდ 26 ნოკაუტი 42 ბრძოლაში ამაზე ნათლად მეტყველებს.
კოტო კი პირიქით, შესანიშნავი "ნოკაუტერია". 37 მოგებულ ორთაბრძოლაში 35-ჯერ მან ნოკაუტი დააფიქსირა - მართლაც შთამბეჭდავი მიაჩვენებელია. თუმცა ისიც ცნობილია, რომ პუერტორიკოელს ყოველთვის არ ჰყოფნის ძალა 12 რაუნდის ჩასატარებლად და სწორედ ამით ისარგებლეს პაკიაომ და მარგარიტომ. ასე რომ, ცნობილია რა მეთოდით შეიძლება კოტოს გამკლავება.
ასე რომ, სულ მალე გავიგებთ, გახდება მეივეზერი მესამე მოკრივე, რომელიც მიგელს დაამარცხებს, თუ კოტო გვიჩვენებს, როგორ უნდა ფლოიდის ცემა.
* * *
ამასობაში, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თუ ის შეძლებს მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, ბრიტანელ დევიდ ჰეისთან მოლაპარაკებას, მაშინ ეს ბრძოლა უკანასკნელი გახდება მის კარიერაში.
უკრაინელმა აღნიშნა, რომ დიდ კრივში ყველა მიზანს მიაღწია, ამიტომაც უახლოეს მომავალში დატოვებს პროფესიულ სპორტს.
“ჰეისთან მოლაპარაკებები გრძელდება. თუ შევძლებთ მასთან ბრძოლის ორგანიზებას, ეს იქნება ჩემს სპორტულ კარიერაში ბოლო ჩხუბი”, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"