მოკრივეთა ფრე ლოს ანჯელესში

AutoSharing Option

გასულ უქმეებზე კრივის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცალათ. ლოს ანჯელესის რინგზე პირველ საშუალო წონაში საინტერესო ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, ამერიკელი შეინ მოზლი (46-6-1, 39 KO) და WBC-ის ვერსიით ყოფილი ჩემპიონი, მექსიკელი სერხიო მორა (22-1-2, 6 KO).

ორივე მოკრივემ მოასწრო კრივის ისტორიაში შესვლა. პირველ რიგში, ეს 38 წლის შეინ მოზლიზე ითქმის, რომელმაც სამი სხვადასხვა ვერსიით მოიპოვა ტიტულები. ამერიკელმა ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება. 15 წლის ასაკში ის პროფესიონალი მოკრივეების სპარინგ-პარტნიორი იყო, მათ შორის სახელგანთქმულ ხულიო სესარ

ჩავესს ეხმარებოდა. შეინმა სამოყვარულო კრივში ყველაზე დასანანი მარცხი 20 წლის ასაკში ბარსელონას ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში იწვნია, როცა ვერნონ ფორესტთან წააგო.

სანამ კატალონიის დედაქალაქში ოლიმპიურ მედლებს არიგებდნენ, შეინმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ფორესტისთვის რევანშის აღება პროფესიულ რინგზეც ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მოზლის კარიერაში არის ორი გამარჯვება ლეგენდარულ ოსკარ დე ლა ჰოიაზე.

კრივის სპეციალისტთა აზრით, შეინმა კრივში ახალი სტილი დანერგა, რომელიც სისწრაფესა და დარტყმების ძალას აერთიანებდა. 90-იანი წლების ბოლოს მოზლი წლის მოკრივედ აღიარეს, მისი მწვრთნელი და მამა ჯეკ მოზლი - წლის მწვრთნელად.
რამდენიმე წლის წინ მოზლისთან ბრძოლაში სერხიო მორას წარმატებაზე ფსონს არავინ ჩავიდოდა, მაგრამ ამერიკელი "დაბერდა", თანაც ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ მექსიკელმა 2008 წელს პირველ საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აწონვის ოფიციალურ ცერემონიაზე პატარა სკანდალს ჰქონდა ადგილი. მოზლი იოლად ჩაეტია დადგენილ წონით ლიმიტში, მისი ახალგაზრდა მოწინააღმდეგე კი რამდენიმე კილოგრამით მეტი აღმოჩნდა. თუმცა მორა მაინც გაუშვეს რინგზე, ოღონდ კალიფორნიას შტატის სასარგებლოდ 60 ათასი დოლარი გადაახდევინეს.

პირველივე წუთებიდან მოზლი ჩვეულ სტილში მოქმედებდა. რინგზე სწრაფად გადაადგილდებოდა და დარტყმებსაც უსწრაფესად ასრულებდა. საერთო ჯამში ვეტერანს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მორას კარგი დაცვა და პერიოდული კონტრშეტევები შეინის ინიციატივას სრულად აბათილებდა.

თორმეტივე რაუნდი პრაქტიკულად ერთ სტილში წარიმართა. მოზლი კლინჩში შედიოდა და მოწინააღმდეგის კორპუსს ამუშავებდა, რასაც სერხიო აპერკოტებითა და თავში მოკლე დარტყმებით პასუხობდა. მოზლიმ ბევრი დარტყმა სწორედ ახლო მანძილიდან ბრძოლისას მიიღო, თუმცა მეტოქის ეს შეტევები მის სახესა და ფიზიკურ მდგომარეობაზე არ აისახა.

ნამდვილი "ჩეხვა" მე-11 რაუნდში დაიწყო, როცა მოკრივეები მაქსიმალურად აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. დიდი რაოდენობით შემხვედრმა დარტყმებმა ფავორიტი ვერ გამოავლინეს. თითქოს მოზლი უფრო ხშირად ურტყამდა და რამდენჯერმე ბაგირზეც მიიმწყვდია მექსიკელი, მაგრამ ფსიქოლოგიური და ტერიტორიული უპირატესობა ვერ განავრცო. სერხიომ ყველა კრიტიკური სიტუაციიდან შეძლო თავის დაძვრენა და უფრო ზუსტი დარტყმებით პასუხობდა.

საბოლოოდ, ერთმა მსაჯმა მოგება სერხიოს მისცა - 115:113, მეორემ მოსლი დაასახელა გამარჯვებულად - 116:112, მესამემ ფრე დააფიქსირა - 114:114.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული