40 წლის მოკრივემ კარიერაში ბოლო ბრძოლა ზუსტად ერთი თვის წინ, 5 მაისს ჩაატარა და მექსიკელ საულ ალვარესთან დამარცხდა.
მოსლი პროფესიონალებში მას შემდეგ გადავიდა, რაც 1992 წელს ვერნონ ფორესტთან წააგო ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი და ბარსელონაში ვერ გაემგზავრა.
პროფესიულ რინგზე პირველი ნაბიჯები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. შეინმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა ნაკლებად ცნობილ კალიფორნიელ პრომოუტერთან, ოთხი წელი მოკრძალებულ მეტოქეებს ხვდებოდა და მცირე
მისი აღმასვლა 1997 წელს დაიწყო, როცა მჩატე წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და რვაჯერ დაიცვა ის. ამის შემდეგ მან ბრძოლაში გამოიწვია ლეგენდარული ოსკარ დე ლა ჰოია. ამისთვის მოსლის ერთი წონითი კატეგორიით წინ გადასვლა მოუწია.
ეს ბრძოლა 2000 წლის ივნისში ლოს ანჯელესში გაიმართა. თავიდან არცერთ მოკრივეს არ ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ბოლო რაუნდისთვის უფრო მეტი ძალა მოსლის შერჩა და მან შესანიშნავი დარტყმებით გააბრუა მეტოქე. მსაჯების გადაწყვეტილებით, საჩემპიონო ქამარი შეინს ერგო.
2002 წლის იანვარში ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" მოსლი თავის ძველ მეტოქეს, ვერნონ ფორესტს შეხვდა. ეს უკანასკნელი ბარსელონას ოლიმპიადაზე მაინც ვერ გამოვიდა, რადგან თამაშების წინ მოიწამლა.
მოსლისთან შეხვედრის წინ ვერნონი უკვე პროფესიული კრივის ვარსკვლავი იყო. ნიუიორკული დაპირისპირება ფორესტის დიდი უპირატესობით წარიმართა. ბევრი გულშემატკივარი ითხოვდა მოსლის სეკუნდანტებისგან რინგზე თეთრი პირსახოცის გადაგდებას, მაგრამ შეინმა ბოლომდე გაძლო, მაგრამ წააგო.
იმავე წლის ივლისში გაიმართა მატჩ-რევანში ამ მოკრივეებს შორის და ისევ ფორესტმა გაიმარჯვა, ოღონდ მცირე უპირატესობით.
მოსლიმ ისევ დე ლა ჰოიაზე იყარა ჯავრი - 2003 წლის სექტემბერში ლას ვეგასში დაამარცხა ოსკარი.
აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის ოსკარს კარიერაში სამი მარცხი ჰქონდა და ორი სწორედ მოსლისგან იწვნია.
2004 წლის მარტში შეინი პირველ საშუალო წონაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ებრძოდა IBF-ის ჩემპიონ რონალდ რაიტს. თავად მოსლი იმ დროისთვის WBC-ისა და WBA-ს ტიტულებს ფლობდა. თანაბარ ბრძოლაში უფრო მაღალმა და ფიზიკურად ძლიერმა რაიტმა ქულებით მოიგო.
2007 წლის ნოემბერში "მედისონ სკვერ გარდენში" მოსლი შეხვდა დაუმარცხებელ პუერტორიკოელ მიგელ ანხელ კოტოს. ბრძოლა 36 წლის ამერიკელის მარცხით დასრულდა და პუბლიკამ მიიჩნია, რომ შეინი უკვე ჩამოსაწერი იყო.
თუმცა თავად მოსლი კარიერის დასრულებას არ აპირებდა. 2009 წლის იანვარში ის რინგზე გავიდა ახალი სუპერვარსკვლავის, მექსიკელი ანტონიო მარგარიტოს წინააღმდეგ. ექსპერტებისა და გულშემატკივრების აზრით, შეინს არანაირი შანსი არ ჰქონდა, თუმცა თავად ამერიკელი ამ საკითხზე სხვა აზრისა იყო.
სასტარტო გონგიდან ის შეტევაში წავიდა და მარგარიტო კარიერაში პირველად ნოკდაუნში აღმოჩნდა, რასაც ნოკაუტი მოჰყვა. ეს ბრძოლა იმ წლის მთავარ სენსაციად მოინათლა.
2011 წლის მაისში მოსლი ნახევრად საშუალო წონაში, WBA-ს ვერსიით, საჩემპიონო ტიტულისთვის ებრძოდა ფილიპინელ მენი პაკიაოს. იმ შეხვედრამ არ გაამართლა მოლოდინი - გამარჯვება პაკიაომ მოიპოვა.
უკანასკნელად მოსლი რინგზე ამა წლის მაისში გავიდა. მისი მეტოქე იყო ნახევრად საშუალო წონაში WBC-ს ჩემპიონი საულ ალვარესი. ამ ბრძოლაში შეინმა კარიერაში მერვე მარცხი იწვნია. გამარჯვება კი მას 46 ჰქონდა, კიდევ ერთი ბრძოლა ფრედ დასრულდა.
40 წელს გადაცილებულმა მოსლიმ გადაწყვიტა, რომ წასვლის დრო მოვიდა. რინგი მან ისე დატოვა, რომ ერთხელაც არ ყოფილა ნოკაუტში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"