მსახიობი ამ მიუზიკლის თანაპროდუსერია უკრაინელ ძმებთან - ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოებთან ერთად.
გერმანულ Spox.de-სთვის მიცემულ ინტერვიუში სილვესტერ სტალონე ლაპარაკობს სუპერმძიმე წონაში კლიჩკოების უპირატესობაზე, ამერიკაში მძიმე წონის პრობლემებსა და უკრაინელ ძმებთან თანამშრომლობაზე...
- როგორ ფიქრობთ, უნდა დაასრულოს თუ არა ვიტალი კლიჩკომ კარიერა?
- შეხედეთ მას - ის ბრწყინვალე ფორმაშია. ვიტალიმ უნდა მოიცადოს იქამდე, სანამ მას კრივი სიამოვნებას ანიჭებს - დღეს ხომ არ არსებობს ისეთი
- ვლადიმერი რინგზე ნოემბერში გავა და მისი მეტოქე იქნება მარიუშ ვახი.
- ვინც უნდა იყოს ვლადიმერის მეტოქე, ის ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს. უმცროსი კლიჩკოც შესანიშნავ ფორმაშია და კრივის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია. მოხარული ვიქნებოდი, რომელიმე კლიჩკოს ისევ აშშ-ში რომ ჩაეტარებინა ბრძოლა.
- ამერიკაში აღარ არიან კარგი სუპერმძიმეწონოსნები. რატომ?
- სუპერმძიმე წონითი კატეგორია კარგა ხანია გამოიფიტა. ამ წონაში ახლა ნამდვილი გიგანტები გვხვდებიან.
ჯო ფრეზერი 95 კილოგრამს იწონიდა, ჯორჯ ფორმენი 97 კილოგრამს, დღევანდელი მძიმეწონოსნები კი 110-120 კილოგრამს აღწევენ.
ძალიან რთულია იპოვო მოკრივე, რომელიც წონისა და ტექნიკის სრულყოფილი კომბინაცია იქნება, რაც ასე საჭიროა თანამედროვე კრივში.
დონ კინგმა და სხვა პრომოუტერებმა გაუშვეს მომენტი ახალი ტალანტების ფორმირებისთვის. დიდ ბიჭებს არ სურთ სახეში ურტყან და ამიტომაც სპორტის სხვა სახეობებს ირჩევენ.
მხოლოდ ტრავმების შემდეგ იწყებენ ლაპარაკს იმის შესახებ, რომ უმჯობესი იქნებოდა, მოკრივეები გამხდარიყვნენ. მაგრამ შეუძლებელია კარიერის დაწყება 22-23 წლის ასაკში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება რინგზე დაგატოვებინონ სიცოცხლე.
- ვის შეუძლია კლიჩკოს დამარცხება?
- არავის. მას მხოლოდ დრო დაამარცხებს.
- რის ხარჯზე დომინირებენ ისინი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში?
- შეხედეთ მათ გაბარიტებს - ეს შთამბეჭდავია. ამასთან, კლიჩკოები მართლაც კარგ ფორმაში არიან. მათი ჯები ბრწყინვალეა, პანჩი - ფანტასტიკური.
გარდა ამისა, ორივე მენტალურად ძალიან ძლიერია. ისინი ბრძოლებს შორისაც ინარჩუნებენ ფორმას და არასოდეს ცდილობენ, ბოლო მომენტში დაიგდონ წონა. ისინი ჭკვიანები არიან და ბევრს მუშაობენ.
ყველაფერს აკონტროლებენ რინგზე და მის მიღმა. ბევრ ამერიკელს არ შეუძლია კვების კონტროლი. არადა, ბრძოლას მხოლოდ რინგზე არ იგებენ. კლიჩკოებმა ამის შესახებ იციან და ამიტომაც არიან მწვერვალზე.
- ძმები კლიჩკოები დაგეხმარნენ გერმანიაში მიუზიკლ "როკის" პრემიერის მოწყობაში...
- ისინი ამას დაუჯერებელი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ვიტალიმ განაცხადა, რომ "როკიმ" მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მან ბავშვობაში ნახა ეს ფილმი და ამის შემდეგ გადაწყვიტა, მოკრივე გამხდარიყო.
- როგორ დაიწყო თქვენთან თანამშრომლობა?
- საკმაოდ უცნაურად - "როკის" მიუზიკლად გადაკეთების გეგმა მაგიდის უჯრაში რვა წელი იდო. არავინ ინტერესდებოდა ამ პროექტით.
ერთხელ ჩემი ოფისის კარზე ვლადიმერმა დააკაკუნა და თქვა: "იდეა მაქვს". მეგონა, რომ მას რომელიმე ბრძოლის რეკლამაში ჩემი მიწვევა სურდა, მან კი მითხრა: "რატომ არ შეიძლება შევქმნათ მიუზიკლი "როკი?" მე ვუპასუხე: "შენ ხომ მოკრივე ხარ?!" რაზეც მან განაცხადა: "ძალიან გვინდა ამ მიუზიკლის დადგმა". მე მხოლოდ დავთანხმდი. ეს ყველაფერი არაფრისგან წარმოიშვა.
- რომელ ადგილზეა კლიჩკო ყველა დროის საუკეთესო მოკრივეების თქვენეულ რეიტინგში?
- ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხი. სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ადრე ყველაფერი უკეთესი იყო, მაგრამ ეს იმ სიმღერას ჰგავს, რომელიც ახალგაზრდობაში მოგწონდა. როცა მას დღევანდელ ბავშვებს ასმენინებ, აღმოაჩენ, რომ საშინელი სიმღერა ყოფილა...
მსგავსი სიტუაციაა კრივში. კლიჩკოები - საუკეთესონი არიან თავიანთ ეპოქაში. რომელიმე მათგანი რომ შეხვედროდა მოჰამედ ალის, ვფიქრობ, ძალიან სასტიკი ბრძოლა გამოვიდოდა. ასევე მიმაჩნია, რომ ჯო ფრეზერს კლიჩკოს წინააღმდეგ შანსი არ ექნებოდა.
- რომელი კლიჩკო მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
- ამ საკითხს ღიად დავტოვებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"