ვლადიმერ კლიჩკოს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო პოლონელ მარიუშ ვახთან ბრძოლისთვის ამერიკელი მწვრთნელის, ჯონათან ბენქსის ხელმძღვანელობით მოემზადება.

სხვათა შორის, ეს უკანასკნელი მოქმედი მოკრივე გახლავთ. ბენქსი კლიჩკოს ემანუელ სტიუარდის ნაცვლად ავარჯიშებს, რომელიც კიბოს მკურნალობის კურსს გადის.

ძმები კლიჩკოების მენეჯერი ბერნდ ბენტე ამბობს, რომ ვლადიმერ კლიჩკო ძალიან კმაყოფილია ბენქსთან თანამშრომლობით. უკრაინელი მოკრივის თქმით, ბენქსი კარგად და საქმის ცოდნით არჩევს ტაქტიკას და ოდესღაც ძალიან კარგი მწვრთნელი დადგება.

30 წლის ბენქსმა პროფესიულ რინგზე 30 ბრძოლა ჩაატარა და 28-ჯერ გამარჯვებას მიაღწია (18 - ნოკაუტით), ერთხელ
დამარცხდა, ერთხელ კი ფრედ დაასრულა შეხვედრა. მას უკვე დაგეგმილი აქვს შემდეგი ბრძოლა - ის 17 ნოემბერს გავა რინგზე სეტ მიტჩელის წინააღმდეგ.

68 წლის სტიუარდი ადრე ორ ლეგენდარულ სუპერმძიმეწონოსანთან - ამერიკელ ევანდერ ჰოლიფილდთან და ბრიტანელ ლენოქს ლუისთან მუშაობდა.

ვახთან ბრძოლაში, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 10 ნოემბერს გაიმართება, კლიჩკო დაიცავს სამი ორგანიზაციის - WBO-ს, IBF-ისა და WBA-ის საჩემპიონო ქამრებს.

* * *

საშუალო წონაში WBO-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონი ანტე ბილიჩი ხორვატიის პოლიციამ დააკავა - ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი ღამით ერთ-ერთ ბართან ახლოს მოხდა.

მსხვერპლი - მარიან კოვაჩევიჩი თავიდან ფეხში დაჭრეს, შემდეგ გაქცევის მცდელობისას სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. მკვლელობის მოტივი უცნობია. კოვაჩევიჩს ადრე პრობლემები ჰქონდა კანონთან, კერძოდ, ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და 1991 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის.

"ჩვენ ვიცნობთ ბილიჩს, როგორც პატიოსან სპორტსმენს და რთულია, ის წარმოვიდგინოთ მკვლელის როლში", - განაცხადა ბილიჩის პრომოუტერმა ეროლ ჯეილანმა. მან მხარდაჭერა აღუთქვა მოკრივის ოჯახს. ჩემპიონის მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული