ტურნირი ვლადიმერ კლიჩკოსთვის

AutoSharing Option

კრივის საერთაშორისო ფედერაცია (IBF) მძიმეწონოსნებს შორის საინტერესო ტურნირის მოწყობას აპირებს. ეს ორგანიზაცია განიხილავს ოთხი მოკრივისგან შემდგარი მინი-ტურნირის ჩატარებას, რის შემდეგაც გამოვლინდება პრეტენდენტი, რომელიც IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან - უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან საჩემპიონო ბრძოლის უფლებას მიიღებს.
კანდიდატთა შორის არიან ჟან-მარკ მორმეკი, ჯონათან ბენქსი, ალექსანდრ დიმიტრენკო და დენის ბოიცოვი.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტურნირი 2007 წელს გაიმართა. მაშინ პოვეტკინის, ბერდის, ჩემბერსისა და ბროკის ოთხეულიდან გამარჯვება რუსმა პოვეტკინმა მოიპოვა, მაგრამ კლიჩკოსთან ბრძოლამდე საქმე არ მისულა.


საშუალოწონოსნებსაც აქვთ საკუთარი ტურნირი - Super Six, რომელიც კიდევ

ერთმა მოკრივემ დატოვა - ეს გახლავთ ბრიტანელი ანდრე დირელი. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ 27 ნოემბერს დანიშნული ბრძოლა - დირელი-ანდრე უორდი - იმ მიზეზით არ გაიმართებოდა, რომ ეს მოკრივეები ახლო მეგობრები არიან და არ უნდათ ერთმანეთთან ჩხუბი.

მაგრამ საქმეს ნათელი მოჰფინა ანდრეს ბიძამ და მწვრთნელმა - ლეონ ლოუსონმა. მიზეზი მარტში მიღებული ტრავმა გახლავთ. Super Six-ის ერთ-ერთი შეხვედრაში დირელმა არტურ აბრაჰამისგან უკნიდან დარტყმა მიიღო, გონება დაკარგა და კომაში მყოფი მიიყვანეს საავადმყოფოში. მაშინ ექიმებმა ნევროლოგიური პრობლემების გამო სამით თვით აუკრძალეს ჩხუბი ბრიტანელს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინდელი ტრავმის შედეგები ისევ ახსენებს თავს და თუ სიმპტომები არ გაივლის, დირელი კრივს დატოვებს.
"აბრაჰამის დარტყმამ მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა. ანდრე კომაში იყო და ლაპარაკი არ შეეძლო. გონებრივი განვითარების მხრივ ის შეიძლება ორი წლის ბავშვის დონეზე დასულიყო. ახლა ჩემი შეგირდი დასვენებას აპირებს. გულშემატკივრები გაგებით უნდა შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ნახონ იმ დარტყმის გამეორება და თავად მიხვდებიან ყველაფერი", - ამბობს ბრიტანელის მწვრთნელი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის დირელს 27 ნოემბრის ბრძოლაში. თუმცა ანდრე უორდისთვის მომავალი ჩხუბის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდება ნახევარფინალში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება.
დირელი მესამე მოკრივეა, რომელმაც Super Six მიატოვა - მანამდე ტრავმების გამო ტურნირის გამოეთიშნენ ბერნარდ ჰოპკინსი და მიკელ კესლერი.

ერთი კვირით გადაიდო ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდის მორიგი ბრძოლა. 48 წლის ამერიკელი 5 ნოემბერს დეტროიტში უნდა შეხვედროდა 38 წლის თანამემამულე შერმან უილიამსს, მაგრამ ჩხუბი 12 ნოემბერს დანიშნეს, რადგან ორგანიზატორები ამ დროისთვის ტელეაუდიტორიის მატებას ვარაუდობენ. ამის შესახებ ჰოლიფილდის მენეჯერი კენ სანდერსი აცხადებს.
"ჩვენ გვყავს ერთი კომპენტენტური თანაგუნდელი - დუეინ კორბიტი, რომელმაც გვითხრა: "ბიჭებო, მოდით ეს ბრძოლა 12 ნოემბერს გავმართოთ. მას Fox Television-ზე გაუშვებენ". ჩვენც დავთანხმდით", - თქმა სანდერსმა.


დიდი ხანია არაფერი გვითქვას ფლიპინელი მენი პაკიოასა და ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის სავარაუდო ბრძოლაზე. პაკიაოს მენეჯერ ბობ არუმს იმედი აღარ აქვს, რომ ოდესმე იხილავს ათწლეულის ბრძოლას.
მას შემდეგ, რაც ფლოიდმა თავისი შვილების დედა სცემა და პაკიაოს მისამართით რასისტული გამონათქვამები ისროლა, არუმს ეჭვი ეპარება, რომ მენიმ ამერიკელის წინააღმდეგ ჩხუბი მოისურვოს:

"ყველანაირი იურიდიული კონფლიქტების, რასისტული გამონათქვამებისა და სხვა მიზეზების შემდეგ, ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ ეს ბრძოლა მაინც გაიმართება. ამ მომენტში ყველაფერი ცხადია - მეივეზერს არ უნდა ეს ჩხუბი. ვფიქრობ, მას ეშინია იმ ემოციური ტრავმისა, რომელიც შეიძლება კარიერაში მისმა პირველმა წაგებამ გამოიწვიოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული